ას-689-1336-03 8 იანვარი 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
1997წ. 5 მაისს დ. ბ-ესა და სს «გ-ს» შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დ. ბ-ეს მუდმივი სარგებლობით გადაეცა ..... მდებარე 100 კვ.მ საცხოვრებელი ფართი. ხელშეკრულება დაიდო განუსაზღვრელი ვადით. იმ პირობით, რომ დ. ბ-ეს უნდა გადაეხადა ელექტროენერგიისა და კომუნალური მომსახურების ხარჯები, მასვე ეძლეოდა ბინაში სარემონტო სამუშაოების ჩატარების უფლება. ხელშეკრულების მე-7 პუნქტით განისაზღვრა პირობა, რომ საჭიროების შემთხვევაში დ. ბ-ე გამოათავისუფლებდა დაკავებულ ფართს და იგი «გ-ის» მიერ დაკმაყოფილდებოდა იმავე ფართის ბინით დიდუბის რაიონში. 2002წ. 11 აგვისტოს გაფორმდა მეორე ხელშეკრულებაც გ. ბ-ესა და სს «გ-ს» შორის იმავე საცხოვრებელ ფართზე, იმავე პირობებით.
დ. ბ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს გ. ბ-ის მიმართ და მიუთითა, რომ 1997 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ..... მასთან ერთად ცხოვრობს შვილი – გ. ბ-ე ოჯახით. მხარეებს შორის შეიქმნა კონფლიქტური სიტუაცია, რის გამოც მხარეთა ერთად ცხოვრება შეუძლებელია. გ. ბ-ე არ არის რეგისტრირებული სადავო ფართში, მან შეცდომაში შეიყვანა სს «გ-ი», რომელიც საქმეში მესამე პირად მონაწილეობდა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე და გააფორმებინა ხელშეკრულება იმავე ფართზე, იმავე პირობებით. დ. ბ-ემ აღნიშნა, რომ ბინა მისი ნაყიდია, რაშიც გადაიხადა 12000 აშშ დოლარი, გ. ბ-ემ მოტყუებით, ძალით მოაწერინა ხელი ბინაში ჩაწერის თანხმობაზე და მოითხოვა 2000წ. 11 აგვისტოს გ. ბ-ისა და სს «გ-ს» შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, გ. ბ-ის ბინიდან გამოსახლება.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 მარტის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სს «გ-სა» და გ. ბ-ეს შორის გაფორმებული 2000წ. 11 აგვისტოს ხელშეკრულება. გ. ბ-ე მისი ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლდა ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი ბინიდან. მისი ბინით დაკმაყოფილების საკითხის უზრუნველყოფა დაევალა სს «გ-ს».
რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: ჩათვალა, რომ დ. ბ-ესა და სს «გ-ს» შორის არსებული ხელშეკრულებით სს «გ-ის» მიერ დ. ბ-ეს გადაეცა სადავო საცხოვრებელი ფართი მფლობელობის და არა ქირავნობის უფლებით, ვინაიდან ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე, პირობები. ამასთან, არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გ. ბ-ე არის ნივთის კეთილსინდისიერი მფლობელი. ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 მარტის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სს «გ-მა».
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივნისის გადაწყვეტილებით სს «გ-ის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა – გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 მარტის გადაწყვეტილება გ. ბ-ის ბინით დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის სს «გ-ზე» დაკისრების ნაწილში. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად ცნო, რომ დ. ბ-ე მოითხოვდა სს «გ-სა» და გ. ბ-ეს შორის დადებული 2000წ. 11 აგვისტოს ხელშეკრულების ბათილად ცნობას, გ. ბ-ის სადავო ბინიდან გამოსახლებას. მოსარჩელე დ. ბ-ეს არ მოუთხოვია, რომ გ. ბ-ის ბინით დაკმაყოფილების საკითხი გადაეწყვიტა სს «გ-ს». რაიონულმა სასამართლომ კი თავისი ინიციატივით განიხილა აღნიშნული საკითხი და სს «გ-ს» დაავალა გ. ბ-ის ბინით დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. ბ-ის წარმომადგენელმა ი. ი-მა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ მის ოჯახს, სადავო ბინის გარდა სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია; ამასთან, არასწორია სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ დედა-შვილს შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ შვილი და რძალი ცდილობდნენ დ. ბ-ის სახლიდან გაგდებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელე დ. ბ-ე მოითხოვდა სს «გ-სა» და გ. ბ-ეს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობას, გ. ბ-ის გამოსახლებას თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი ბინიდან. გ. ბ-ის ბინით დაკმაყოფილების საკითხის დაკისრება «გ-ისათვის» სასარჩელო მოთხოვნა არ ყოფილა, აღნიშნული არც გ. ბ-ეს მოუთხოვია შეგებებული სარჩელით. ასეთ ვითარებაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 248-ე მუხლის მოთხოვნა და მხარეს თავისი გადაწყვეტილებით მიაკუთვნა ის, რაც არ მოუთხოვია. აქედან გამომდინარე, სწორად გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ბ-ის ბინით დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის სს «გ-ზე» დაკისრების ნაწილში.
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ საოლქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დედა-შვილს დ. და გ. ბ-ეს შორის არ არის დაძაბული ურთიერთობა და რომ გ. და მისი მეუღლე არ ავიწროვებენ დ. ბ-ეს. პალატა თვლის, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ საოლქო სასამართლო ვერ იმსჯელებდა რადგან სააპელაციო სასამართლო იხილავდა სს «გ-ის» სააპელაციო საჩივარს, რომელიც ითხოვდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას გ. ბ-ის ბინით უზრუნველყოფის «გ-ისათვის» დაკისრების ნაწილში.
აქედან გამომდინარე, სსკ-ს 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია შეემოწმებინა გადაწყვეტილება მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და გადაწყვეტილებაში განხილულ სხვა საკითხებზე ვერ იმსჯელებდა.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივნისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.