Facebook Twitter

ას-690-1338-03 26 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

მ. ცისკაძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება (ძირითადი სარჩელი); ბინის კეთილსინდისიერი მფლობელად ცნობა (შეგებებული სარჩელი).

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. ვ-ა 1976-1989 წლებში მუშაობდა “თ-ის” სამმართველოში და ცხოვრობდა იმავე უწყების საერთო საცხოვრებელში.

1989წ. 25 ოქტომბერს ზ. ვ-ა გაწევრიანდა “თ-ის” მუშა-მოსამსახურეთა ¹..... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივში, რომელსაც მისთვის უნდა აეშენებინა ერთოთახიანი ბინა. 1989წ. 9 ნოემბერს ზ. ვ-ამ გადაიხადა საპაიო თანხა – 4250 მანეთი. მშენებლობის დამთავრების შემდეგ ზ. ვ-აზე გაიცა თბილისში, ..... მდებარე ¹61 ერთოთახიანი ბინის ორდერი. ზ. ვ-ამ ვერ შეძლო ბინაში შესახლება, რადგან მასში შეჭრილიყო ო. ქ-ა, ხოლო ამ უკანასკნელმა შემდგომში იმავე ბინაში შეასახლა ნათესავი – ა. ჭ-ე.

ზ. ვ-ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ა. ჭ-ის გამოსახლება სადავო ბინიდან. ა. ჭ-ემ, როგორც ო. ქ-ას წარმომადგენელმა, შეგებებული სარჩელით მოითხოვა სადავო ბინის კანონიერ და კეთილსინისიერ მფლობელად ო. ქ-ას ცნობა.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 20 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. ვ-ას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო ქვჩახია ცნობილ იქნა ბინის კეთილსინდისიერ მფლობელად. ზ. ვ-ას სასარგებლოდ მასვე დაეკისრა ¹..... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის ანგარიშზე შეტანილი საპაიო თანხის – 4250 მანეთის ეკვივალენტის – 2656 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ვ-ას წარმომადგენელმა ნ. კ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 9 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 20 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ზ. ვ-ამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მისი ბინის თვითნებურად დამკავებელ მოპასუხეებს ამ ბინაზე არ გააჩნდათ საკუთრების ან მფლობელობის უფლების არავითარი სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 30 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო პალატის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 1 აგვისტოს გამოიტანა განჩინება, მხარეთა მორიგების გამო, ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 20 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

განჩინების მიხედვით ა. ჭ-ემ, როგორც მოპასუხემ და ო. ქ-ას წარმომადგენელმა, ივალდებულა ზ. ვ-ას წამომადგენელ ნ. კ-ზე 2001წ. 20 აგვისტომდე სადავო ბინის საფასურის – 2500 აშშ დოლარის გადახდა. ზ. ვ-ას წარმომადგენელმა ნ. კ-მა აიღო ვალდებულება, რომ 2500 აშშ დოლარის მიღების შემდეგ სადავო ბინის მისამართზე მოხსნიდა ზ. ვ-ას რეგისტრაციიდან და ა. ჭ-ეს ხელს შეუწყობდა მის სახელზე ბინის გადაფორმებისათვის საჭირო დოკუმენტების მოპოვებაში.

ზ. ვ-ამ კერძო საჩივრით მოითხოვა განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ა. ჭ-ის მიერ აღებული ვალდებულება არ შესრულებულა, რის შედეგადაც დაირღვა მისი კანონიერი ინტერესები.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 26 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი, რომელიც საქმესთან ერთად გადაგზავნა ზემდგომ სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 31 ივლისის განჩინებით, ზ. ვ-ას წარმომადგენლის – ნ. კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა.

გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 26 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.

ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა – გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ა. ჭ-ის გამოსახლებისა და ბინით სარგებლობის საზღაურის გადახდევინების ნაწილში და ამ ნაწილში საქმის წარმოება განახლდა. დაუსწრებელი გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა ძალაში. გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 20 იანვრის გადაწყვეტილება ა. ჭ-ის გამოსახლებაზე უარის თქმის ნაწილში. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. ვ-ას სარჩელი და ქ. თბილისში, ..... ა. ჭ-ე ყველა იმ პირთან ერთად გამოასახლეს, ვინც კი აღმოჩნდა ამ ბინაში მისი გამოსახლებისას. ა. ჭ-ეს ზ. ვ-ას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა ბინით სარგებლობის საზღაური (ნაყოფი), 1999წ. ოქტომბრიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე ანუ 2003წ. 15 ივლისამდე 44 თვისა და 25 დღის პერიოდის საზღაური – თვეში 35 ლარი, სულ 1568 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოება, რომ ზ. ვ-ა წარმოადგენს “თ-ის” მუშა-მოსამსახურეთა ¹..... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრს. ¹..... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივს მისთვის უნდა აეშენებინა ერთოთახიანი ბინა, რისთვისაც ზ. ვ-ამ 1999წ. 9 ნოემბერს გადაიხადა პაის პირველადი შენატანი 4250 მანეთი. მშენებლობის დამთავრების შემდეგ ზ. ვ-აზე გაიცა თბილისში, ..... მდებარე ¹61 ერთოთახიანი ბინის ორდერი. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 5 ივლისის ¹519 დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საბინაო სამშენებლო კოოპერატივების საცხოვრებელი სახლების მობინადრე მოქალაქეებს უსასყიდლოდ გადაეცათ საკუთრებაში ამ სახლებში მათ მიერ დაკავებული ბინები, მიუხედავად იმისა, დაფარული ჰქონდათ თუ არა შესატანი საპაიო თანხა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო ისიც, რომ ზ. ვ-ამ როგორც მესაკუთრემ ვერ განახორციელა, თავისი უფლებები სადავო ბინაზე და ვერ დაეუფლა ბინას. თავდაპირველად ო. ქ-ას ბრალით, ხოლო შემდგომ ა. ჭ-ის გამო, რომელსაც ბინა დაუთმო ო. ქ-ამ. სკ-ის 172-ე მუხლით “მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება”. ამასთან, პალატამ არ გაიზიარა ა. ჭ-ის მოსაზრება, რომ 1992წ. 3 იანვრის კოოპერატივის წევრთა საერთო კრების ოქმით ო. ქ-ას სადავო ბინა გადაეცა და მასვე დაევალა საპაიო შენატანი გადაეხადა ზ. ვ-ასათვის. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ოქმი იურიდიული ძალის არმქონეა და სამართლებრივ შედეგებს ვერ წარმოშობდა, რადგან ო. ქ-ა ¹..... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივში არ ყოფილა გაწევრიანებული კანონით დადგენილი წესით და საერთო კრების გადაწყვეტილება არ ყოფილა დამტკიცებული შესაბამისი რაიონის მმართველობის ორგანოს, გამგეობის გადაწყვეტილებით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. ჭ-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ო. ქ-ა ცხოვრობს სადავო ბინაში და მან იმ პერიოდში მოქმედი საბინაო კოდექსის 62-63-ე მუხლების საფუძველზე მოიპოვა საცხოვრებელ ფართზე უფლება. სკ-ის 155-ე მუხლის თანახმად, ო. ქ-ა ამჟამად არის სადავო ბინის კანონიერი და კეთილსინდისიერი მფლობელი. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ისიც, რომ ზ. ვ-ამ ქ. ვლადიკავკაზში საცხოვრებლად გადასვლისთანავე დაკარგა ყოველგვარი კავშირი სადავო ბინასთან, მას არ მიუღია მონაწილეობა კოოპერატივის საერთო კრებაზე, არ შეუტანია დანარჩენი თანხა, არ შეასრულა 1989წ. 27 ნოემბრის კოოპერატივისა და მას შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ ზ. ვ-ა წარმოადგენს “თ-ის” მუშა-მოსამსახურეთა ¹..... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრს. 1989 წელს მან გადაიხადა პაის პირველადი შენატანი 4250 მანეთი, მშენებლობის დამთავრების შემდეგ ზ. ვ-აზე გაიცა თბილისში, ..... ერთოთახიანი ბინის ორდერი. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ზ. ვ-ამ დაკარგა სადავო ბინაზე ყოველგვარი უფლება, სადავო ბინა გაუნაწილდა ქ-ას ოჯახს, რომლის ნებართვითაც შევიდა იგი სადავო ბინაში. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ ვ-ას სახელზე გამოწერა ორდერი სადავო ბინაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის მიმართ კასატორის პრეტენზია არც დამატებითია და არც დასაბუთებული. დადგენილი ფაქტობრივი გარემოების პირობებში კი სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 5 ივლისის ¹519 დადგენილების შესაბამისად, ვ-ა გახდა სადავო ბინის მესაკუთრე და მას, როგორც ბინის მესაკუთრეს, სკ-ის 172-ე მუხლის საფუძველზე “შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება”. მოცემულ შემთხვევაში კასატორს ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა ზ. ვ-ას სარჩელი ბინიდან გამოსახლების ნაწილში. რაც შეეხება კასატორისათვის ზ. ვ-ას სასარგებლოდ ბინით სარგებლობის საზღაურის დაკისრებას, პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჭ-ესა და ვ-ას შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა ბინით სარგებლობის შესახებ არ არსებობს. სააპელაციო სასამართლომ ვ-ას სარჩელი, ბინით სარგებლობისათვის საზღაურის დაკისრების შესახებ, დააკმაყოფილა სკ-ის 163-ე მუხლის I პუნქტის საფუძველზე. ამ მუხლის თანახმად, “კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონდა ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის ამ უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს”. პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის ზემოაღნიშნული მუხლი. მოცემულ შემთხვევაში ნივთისა და უფლების ნაყოფად (რაზედაც საუბარია ზემოაღნიშნულ მუხლში) არ შეიძლება ჩაითვალოს ბინის ფლობისათვის საზღაური. პალატა თვლის, რომ ვ-ას ჭ-ისათვის ბინის ქირის მოთხოვნის საფუძველი არ გააჩნია, რის გამოც ვ-ას სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-412-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ა. ჭ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 ივლისის გადაწყვეტილება, კერძოდ, გადაწყვეტილება გაუქმდეს ჭ-ისათვის ზ. ვ-ას სასარგებლოდ ბინის სარგებლობის საზღაურის დაკისრების ნაწილში. ზ. ვ-ას უარი ეთქვას სარჩელზე ჭ-ისათვის ბინით სარგებლობის საზღაურის დაკისრების შესახებ, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 16 სექტემბრის განჩინება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბინის ქირის დაკისრების ნაწილში არითმეტიკული შეცდომის გასწორების შესახებ.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.