საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№405აპ-21 ქ. თბილისი
ა-ი ე-რ, 405აპ-21 27 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ე. ა-ს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, მ-ის რაიონის სოფელ კ-ში, გ. დ-ის მფლობელობაში არსებული სახლის ეზოში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა ე. ა-მა, მისთვის კითხვების დასმის გამო გაღიზიანებულმა, მარჯვენა მუშტის ორჯერ თავის არეში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას – გ. დ-ს. ე. ა-ის ძალადობრივი ქმედების შედეგად გ. დ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2020 წლის 14 მაისს ე. ა-ს №-- შემაკავებელი ორდერით 30 დღით აეკრძალა მამასთან – გ. დ-სა და მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, ასევე – მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. აღნიშნულის მიუხედავად, 2020 წლის 24 მაისს, დაახლოებით 19:30 საათზე, ე. ა-ი მივიდა მ-ის რაიონის სოფელ კ-ში მდებარე გ. დ-ის მფლობელობაში არსებულ სახლში, სადაც დაზარალებულს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული ქმედებით ე. ა-მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება.
· 2020 წლის 24 მაისს, დაახლოებით 19:30 საათზე, მ-ის რაიონის სოფელ კ-ში, გ. დ-ის მფლობელობაში არსებულ სახლში, ე. ა-მა ფეხის მუცლის არეში ორჯერ ჩარტყმით ფიზიკურად იძალადა მამაზე – გ. დ-ზე. ე. ა-ის ძალადობრივი ქმედების შედეგად გ. დ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 აგვისტოს განაჩენით ე. ა-ი, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 24 მაისის ეპიზოდი) – 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ე. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2020 წლის 25 მაისიდან იმავე წლის 12 აგვისტოს ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, ე. ა-ის დამნაშავედ ცნობას ასევე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა უკანონო განაჩენი. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. ა-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი) მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. დაზარალებულმა გ. დ-მა (ბრალდებულის მამამ) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ პუნქტით გარანტირებული უფლებით და ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ბრალდებულმა ე. ა-მა თავი დამნაშავედ ცნო შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისა და 2020 წლის 24 მაისის ოჯახური ძალადობის ეპიზოდებში და ითხოვა პატიება, ხოლო 2019 წლის 29 ოქტომბრის ოჯახური ძალადობის ეპიზოდში – თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ იყო ნასვამი და შეიძლება, ხელი შემთხვევით ჰკრა გ. დ-ს.
8. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ განიხილება, როგორც ისეთი დამოუკიდებელი, პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. წარმოდგენილ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა კი ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს და არ ადასტურებს ბრალდებულის ბრალეულობას მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
9. სამედიცინო ექსპერტიზით შეიძლება დადგინდეს მხოლოდ დაზიანებათა არსებობა, მათი ლოკალიზაცია და ხარისხი და არა – დაზიანების მიმყენებლის ვინაობა და ვითარება, რომელშიც ეს დაზიანებები მიიღო დაზარალებულმა. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებები ირიბი ხასიათისაა, უტყუარად არ ადასტურებს ბრალდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება.
10. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ე. ა-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი) ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ბრალდების ამ ნაწილში ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
11. რაც შეეხება სასჯელს, სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ე. ა-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 24 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე