ას-692-1340-03 24 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი:
შ. გ-ემ სარჩელი აღძრა შპს “ნ-ას” წინააღმდეგ (წარმომადგენელი ც. ბ-ე) და მოითხოვა უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, კერძოდ, სავინტილაციო მილების, რკინის გალიის აღება, სარდაფის ჩასასვლელის გაუქმება და მისი გამოთავისუფლება შემდეგი საფუძვლით: მოპასუხემ მოსარჩელის საცხოვრებელი ბინის ქვეშ მდებარე სარდაფი მიითვისა და უნებართვოდ გახსნა პურის საცხობი, უნებართვოდ გაყვანილი აქვს თუნუქის სავინტილაციო 30-40 სმ-ის მილები მოსარჩელის კუთვნილ სარდაფის გავლით, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ფანჯრის წინ ც. ბ-ემ მოიწყო რკინის გალია და გადახურა, რის გამოც წვიმის წყალი აბინძურებს, ალპობს ფანჯრებსა და აივანს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარდაფი, სადაც საცხობია მოწყობილი, მისი საკუთრებაა. ადრე აღნიშნულ ფართში მაღაზია იყო გახსნილი, რა დროიდანაც არსებობს კიბე და რკინის სახურავი. აღნიშნულის გამო მოპასუხემ დავა ხანდაზმულად მიიჩნია.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: სარჩელს, ც. ბ-ის მიერ სარდაფის გამოთავისუფლების, კიბისა და სავინტილაციო მილების მოხსნის შესახებ, უარი ეთქვა, ხოლო თბილისში, ...... მდებარე შპს “ნ-ას” საკუთრებაში არსებულ სარდაფში ჩასასვლელი კიბის თავზე მოწყობილი რკინის გალიის მოხსნა დაევალა მოპასუხეს საკუთარი ხარჯებით. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილი და დაადგინა, რომ თბილისში, ...... მდებარე არასაცხოვრებელი ფართი (სარდაფი) 133,44 კვ.მ საკუთრების უფლებით ეკუთვნის შპს “ნ-ას”, რომლის წარმომადგენელია ც. ბ-ე. სარდაფში განთავსებული პურის საცხობი სამშენებლო ნორმების შესაბამისადაა მოწყობილი, თუმცა ირღვევა სანიტარული ნორმები. სავინტილაციო მილი მოწყობილია სამშენებლო ნორმების დაცვით და გამონაბოლქვი არ აზიანებს შენობის კედლებსა და ბინებს. რკინის გალია კი მოწყობილია სამშენებლო ნორმების მოთხოვნათა დარღვევით, რითაც იზღუდება მოსარჩელის ბინისათვის ტექნიკური ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მაგრამ შ. გ-ემ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას საჩივარზე უარი თქვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეამოწმა მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და 2003წ. 18 ივნისის განჩინებით იგი არ დაკმაყოფილდა: უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ექსპერტიზის დასკვნით რკინის გალია მოწყობილია სამშენებლო ნორმებისა და წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით, რითაც იზღუდება შ. გ-ის ბინისათვის ტექნიკური ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნა. დადგენილია, რომ მოსარჩელეს, მეზობლად არსებული არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრის მხრივ ხელყოფის გამო, ხელი ეშლება თავის საკუთრებით სარგებლობაში. სასამართლომ მიუთითა სკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და სარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ნ-ას” წარმომადგენელმა ც. ბ-ემ. კასატორს მიაჩნია, რომ დავა ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელემ ბინა 6წ. წინ იყიდა. ამ დროისათვის რკინის გალია უკვე არსებობდა და მას რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს. ამასთან, სადავო გალია გააკეთა სარდაფის ადრინდელმა მესაკუთრემ და მიაჩნია, რომ მან პასუხი არ უნდა აგოს სხვის მიერ განხორციელებულ მოქმედებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, რაც ეფუძნება სკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ წესს, კერძოდ, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, ხელისშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა.
პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ, რადგან მოსარჩელის მიერ ბინის შეძენის მომენტიდან 6 წელი გავიდა, მოთხოვნა ხანდაზმულია. სკ-ის 128-ე მუხლის მესამე ნაწილით ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. დადგენილია, რომ მოსარჩელემ კანონით განსაზღვრულ ვადაში აღძრა ნეგატორული სარჩელი და მოპასუხისაგან მოითხოვა უკანონო ხელშეშლის აღკვეთა. ამდენად, სასამართლომ აღნიშნული დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა კანონი. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ სადავო რკინის გალია სარდაფის ძველმა მესაკუთრემ მოაწყო და იგი (მოპასუხე) არ არის ვალდებული პასუხის აგოს სარჩელზე, პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან შ. გ-ის მიმართ უკანონო ხელშეშლა მომდინარეობს მოპასუხის მხრიდან – სადავო გალიის ამჟამინდელი მესაკუთრისაგან.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანისას საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ნ-ას” წარმომადგენლის _ ც. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივნისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლები გადაეგზავნოს მხარეებს.