საქმე # 330100117001821920
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №660აპ-20 ქ. თბილისი
კ. ნ. 660აპ-20 29 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორების - ლევან მარშავას, თეა ბერიძის
გამართლებულების - ნ. კ-სა და ი. ს-ს
ადვოკატების - ზ. გ-ს და ფ. მ-ს
მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ლევან მარშავას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის განაჩენზე ნ. კ-სა და ი. ს-ს მიმართ.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ. კ-ს - დაბადებულს 1.. წელს და ი. ს-ს, - დაბადებულს 1… წელს, - ბრალად ედებოდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ე.ი. მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) ჩადენა.
ნ. კ-სა და ი. ს-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის ზაფხულში წყალდიდობის შედეგად დაზიანდა საბაჟო-გამშვები პუნქტის (შემდგომში - ს.) „ყ-ს“ „ა“ და „ბ“ ადმინისტრაციული შენობები, ასევე დაიტბორა და დაზიანდა გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების სისტემა, რასთან დაკავშირებითაც განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმვა და უზრუნველყოფა ევალებოდა შ-ს სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, რომლის ხელმძღვანელმა ნ. კ-მ, ამავე დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს უფროს ი. ს-სთან ერთად, გადაწყვიტა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მითითებული გარემოების გამოყენება, ნაცნობების - ლ. მ-ს და შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილი შპს „კ-ს“ დირექტორის თ. მ-ს სასარგებლოდ.
სამუშაოს შესყიდვისას ნ. კ-მ და ი. ს-მ არასწორად განსაზღვრეს შესასრულებელი სამუშაოს სახე და ნაცვლად იმისა, რომ სამუშაოს შესყიდვა განხორციელებულიყო როგორც სამშენებლო სამუშაოები და გაეთვალისწინებინათ „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის“ და „ტექნიკური რეგლამენტი - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებისას - ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის“ მოთხოვნების. მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს N.. განკარგულებით, შ-ს სამსახურს მიეცა უფლება 2014 წლის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული საბაჟო-გამშვები პუნქტის „ყ-ს“ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების (გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების სისტემის აღდგენითი სამუშაოების) შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვა განეხორციელებინა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
ნ. კ-სა და ი. ს-ს ამგვარი ქმედებებით სამუშაოების შესყიდვა განხორციელდა დარღვევით, როგორც პაკეტის შეძენა. ი. ს-მ, რომელსაც ევალებოდა ბაზრის კვლევის ჩატარება, ნ. კ-სთან შეთანხმებით არ ჩაატარა ასეთი კვლევა. ნ. კ-მ ი. ს-სთან ერთად უპირატესობა მიანიჭა და აღნიშნული სამუშაოების ჩატარება დაავალა ამ უკანასკნელის ბავშვობის მეგობარს, ფიზიკურ პირ „ლ. მ-ს“. როგორც წესი, ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობებს ადგენდა ინფრასტრუქტურის სამმართველო, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, ნ. კ-ს მითითებით, ადგილზე გაიგზავნა ი. ს., რომლის თანდასწრებითაც ჩასატარებელი სამუშაოების დეფექტური აქტი და ხარჯთაღრიცხვა შეადგინა თვით ლ. მ-მ ქვეკონტრაქტორის მეშვეობით, რომელთა ინტერესებშიც შედიოდა შესასრულებელი სამუშაოების სასურველი მოცულობების დადგენა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა.
იმ ვითარებაში, როცა ჩილერის სრულად შეცვლა არ იყო საჭირო, დაზიანების ხარისხის განსაზღვრა და კვალიფიციური დიაგნოსტიკის ჩატარება შესაძლებელი იყო რამდენიმე საათში, ადგილზე - ყ-ში 400 ლარად, ხოლო მისი სრულად ადგილზე გარემონტება შესაძლებელი იყო 10-12 დღეში 6413.8 ლარად, ლ. მ-მ და თ. მ-მ შესთავაზეს პროექტთან შეუსაბამო - ახალი „C..“-ს ფირმის, ნაკლები წარმადობის ჩილერის დამონტაჟება, ვიდრე იქ ადრე დამონტაჟებული „M..“-ს ფირმის ჩილერის.
ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, გათბობა - ვენტილაციის სისტემის აღსადგენად საჭირო იყო 201 000 ლარი. აღნიშნული, ყოველგვარი შემოწმების გარეშე, უპირობოდ გაიზიარეს ნ. კ-მ და ი. ს-მ, თანხა შემცირდა ფორმალურად და 2015 წლის 11 აგვისტოს აღნიშნული სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით ნ. კ-ს და ფიზიკურ პირ „ლ. მ-ს“ შორის გაფორმდა N1.. ხელშეკრულება, სადაც შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებად დაფიქსირდა 181 900 ლარი.
სამუშაოების ღირებულება მკვეთრად გაიზარდა ეგრეთ წოდებული „შუამავალი“ ფირმის მიერ საქონელზე არაგონივრული ფასნამატით, რამაც პირველად და საბოლოო მიწოდებას შორის საშუალოდ შეადგინა 200%. მითითებული სამუშაოების რეალური ღირებულება შეადგენდა 100 747.5 ლარს. ნ. კ-სა და ი. ს-ის შეთანხმებული ქმედებების შედეგად მოცემულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს „ლ. მ-ს“ ზედმეტად გადაუხადეს 81 152.5 ლარი. „C…“-ს ფირმის ჩილერი, რაც დამონტაჟდა გამშვებ პუნქტზე, ლ. მ-მ შ-ს სამსახურს მიჰყიდა 63 000 ლარად, რაც, თავის მხრივ, ლ. მ–ს შეძენილი აქვს ქვეკონტრაქტორისგან, შპს „კ-საგან“ 50 000 ლარად, ხოლო „კ-ს“ - 31 000 ლარად, მაშინ როცა „C..“-ს ფირმის ჩილერის საბაზრო ღირებულება იმ პერიოდისათვის შეადგენდა 29 500 ლარს. იმავდროულად, დამონტაჟდა ისეთი მოწყობილობები და ჩატარდა ისეთი სამუშაოები, რომელთა აუცილებლობაც არ არსებობდა.
თავისი ამგვარი ქმედებით ნ. კ-მ, ი. ს-სთან ერთად, მიანიჭა რა უპირატესობა ლ. მ-სა და თ. მ-ს, უსაფუძვლოდ გახარჯა 175 086.2 ლარი და აღნიშნულ პირებს მისცა შესაძლებლობა, მიეღოთ 81 152.5 ლარის გამორჩენა სახელმწიფო თანხების ხარჯზე, რამაც არსებითი ზიანი გამოიწვია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენით ნ. კ. და ი. ს. ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულ ნ. კ-ს და ი. ს-ს განემარტათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ლევან მარშავამ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ნ. კ-სა და ი. ს-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ლევან მარშავამ და ითხოვა ნ. კ-სა და ი. ს-ს მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მათი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში იმ მოტივით, რომ სასამართლომ მოახდინა ნ. კ-სა და ი. ს-ს ქმედებების არასწორი ინტერპრეტაცია, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები გონივრულ ეჭვს მიღმა ვარაუდის სტანდარტით უტყუარად ადასტურებენ მათ მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტს.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც სასამართლოც ეთანხმება.
3. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების წინასწარი განზრახვით, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით ბოროტად გამოყენებას, რაც იწვევს სახელმწიფო ინტერესის არსებით დარღვევას. შესაბამისად, ქმედების საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის საჭიროა, ერთი მხრივ, განისაზღვროს, მოხელე მოქმედებდა თუ არა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო, მეორე მხრივ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს მოხელის მიერ საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ თავისი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სპეციალური მიზნით - თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით და მოხელის ამ ქმედებით სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა.
4. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნ. კ. (შ-ს სამსახურის უფროსის 2013 წლის 31 დეკემბრის N.. ბრძანებით ნ. კ. დაინიშნა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე) და ი. ს. ე (შ-ს სამსახურის უფროსის 2015 წლის 5 ივნისის N.. ბრძანებით ი. ს. დაინიშნა ადმინისტრაციული დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე) “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეებს.
5. მოცემულ შემთხვევაში ნ. კ-ს უფლებამოსილების ფარგლებს განსაზღვრავს შ-ს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების მე-4 მუხლი, ხოლო ი. ს-ს - უფლებამოსილებას - ამავე დებულების მე-6 მუხლი. მათ მიერ განსახილველ შემთხვევაში განხორციელებული ქმედებები შეესაბამება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შ-ს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებით მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას. კერძოდ,
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შ-ს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების მესამე მუხლის თანახმად, სხვა ფუნქციებთან ერთად, „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებას. ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების, საქართველოს მთავრობის დადგენილების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, შ-ს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას, ასევე მართავს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, ახდენს მის კოორდინაციასა და ზედამხედველობას. ამავე დებულების მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით შესყიდვების სამმართველო წარმოადგენდა ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. მე-6 მუხლის თანახმად კი, შ.-ს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს ძირითად ფუნქციებს (ხელმძღვანელი ი. ს.) წარმოადგენდა სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურის განხორციელება, მათ შორის: მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვების საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭირო შემთხვევაში მათში განხორციელებული ცვლილებების პროექტების მომზადება. კომპეტენციის ფარგლებში - სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა, დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის აუცილებელი ნიშანი - ნ. კ-სა და ი. ს-ს მიერ საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ თავიანთი უფლებამოსილების ლ. მ-სა და თ. მ-სათვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მინიჭების მიზნით გამოყენება.
8. სასამართლო ითვალისწინებს რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ნ. კ-სა და ლ. მ-ს ნაცნობობა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე (იხ. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2014 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულება), რასაც არც თავად გამართლებულები და არც ლ. მ. არ უაყოფენ და აღნიშნავენ, რომ ლ. მ-ს ადრე შესრულებული ჰქონდა ანალოგიური სამუშაოები შ-ს სამსახურის კუთვნილ ობიექტებზე, რაც მოწონებული იყო შ-ს სამსახურის მიერ და მასზე გაფორმებული იყო მიღება-ჩაბარების აქტები.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური მიზნის მტკიცებისთვის ლ. მ-სა და ი. ს-ს შორის სოციალურ ქსელში მეგობრობა, ისევე როგორც ლ. მ-თან ნაცნობობა a priori არ ადასტურებს ნ. კ-ს/ი. ს-ს გამორჩენის ან ლ. მ-სთვის საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ უპირატესობის მინიჭების განზრახვას.
10. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ხელშეკრულება დაიდო ლ. მ-თან, ხოლო თ. მ. იყო ლ. მ-ს ქვეკონტრაქტორი, რომელთანაც ნ. კ-ს და ი. ს-ს უშუალო შეხება ხელშეკრულების ფარგლებში არ ჰქონიათ. მართალია, ხელშეკრულების დადებისას მათთვის ცნობილი იყო ლ. მ-ს ქვეკონტრაქტორის ვინაობა (თ. მ. მონაწილეობდა დეფექტური აქტის შედგენაში), თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რომ მათთვის ცნობილი იყო ასევე ფ/პ ლ. მ-სა და მის ქვეკონტრაქტორს შორის არსებული შეთანხმების დეტალები და თ. მ-ს მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება.
11. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2015 წლის 11 აგვისტოს ხელშეკრულებით, ერთი მხრივ, შ-ს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსს - ნ. კ-სა და მეორე მხრივ, ფ/პ ლ. მ-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანია - გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების პაკეტების სახელმწიფო შესყიდვა - გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს N.. განკარგულებისა და ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის ღირებულება შეადგენს 181 900 ლარს, რასაც დანართის სახით ერთვის გათბობა-ვენტილაცია კონდიცირების პაკეტების შესყიდვების ხელშეკრულების ფასი და გასაწევი მომსახურების ხარჯთაღრიცხვა ( ტ.2, ს.ფ. 191).
12. უპირატესობის კანონსაწინააღმდეგოდ მინიჭებისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს, მათ შორის სხვა წყაროდან, უფლებამოსილების ჯეროვნად განხორციელების შემთხვევაში ნაკლები დანახარჯებით იმავე მომსახურების შეძენის შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ ლ. მ-სთვის უპირატესობის მინიჭება, არ დასტურდება მათ შორის არც ის გარემოება, რომ სხვა პირთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში იმავე მომსახურების მიღება ყ-ს ს. შეეძლო ნაკლებ ფასად.
13. მ. ო-ს (შ-ს სამსახურის ფინანსური დეპარტამენტი) ჩვენებით დგინდება, რომ 2015 წლის ივლისის თვეში ერთ-ერთი შეხვედრისას საუბარი იყო ყ-ში სასწრაფოდ ჩასატარებელ სარემონტო სამუშაოებზე, ვინაიდან საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დაზიანებული იყო გათბობა-ვენტილაციის სისტემა. დაიანგარიშეს და მათივე წინასწარი გათვლებით, სისტემის შეკეთებას დასჭირდებოდა დაახლოვებით 230 000 ლარი.
14. 2015 წლის 21 ივლისის N…ხელშეკრულებით, ერთი მხრივ, ფ/პ ლ. მ-სა (შემსყიდველი) და მეორე მხრივ, შპს ,,კ- ს“ დირექტორს (მიმწოდებელი) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანია მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების პაკეტების მიწოდება და მონტაჟი, რომლის ღირებულება შეადგენს 146 500 ლარს, რომლის საგარანტიო ვადა უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ ერთი წელი.
15. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება კასატორის პოზიცია, რომ ლ. მ-თან ხელშეკრულების გაფორმებამდე ი. ს-ეს არ ჩაუტარებია კვლევა.
16. მოწმე ლ. ს-ს (ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კურირებდა ინფრასტრუქტურის სამმართველოს) განმარტებით შესყიდვების სამმართველოს უნდა განეხორციელებინა კვლევა, რაც შეიძლება განხორციელებულიყო როგორც წერილობით, ასევე ელექტრონული ფოსტის (მეილი) ან ტელეფონის მეშვეობით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დეფექტური აქტის შედგენა მოხდა 2015 წლის 5 აგვისტოს, ხოლო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დაიდო 2015 წლის 11 აგვისტოს; ასევე - ი. ს-ის განმარტებას დეფექტური აქტის შედგენასა და ხელშეკრულების დადებას შორის დროის მონაკვეთში მის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების თაობაზე სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით და საქმეში წარმოდგენილ შპს „ს.“ კომერციულ წინადადებას. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა გამოკითხული/ სასამართლოში დაკითხული ი. ს-ს მიერ მითითებული არცერთი კომპანიის (მაგ.: თ., შპს „ქ.“) წარმომადგენელი. მათ შორის არც შპს „ს.“ წარმომადგენელი, ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილ კომერციულ წინადადებასთან(მათ შორის თარიღთან) დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას სათანადო მტკიცებულების არ არსებობის პირობებში ეჭვი შეიტანოს ი. ს-ის ჩვენების სანდოობაში.
17. ი. ს-ს განმარტებით, ლ. მ-თან კონტრაქტის გაფორმება განპირებული იყო რამდენიმე გარემოებით: სისწრაფით (როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება ვერც ერთი სხვა კანდიდატი ვერ უზრუნველყოფდა მომსახურებას შემჭიდროებულ ვადებში), ფასით (სხვა კომპანიების მხრიდან იგივე მომსახურება უფრო მეტ ხარჯთან იყო დაკავშირებული. სასამართლო ასევე ითვალისწინებს რომ რიგ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არ არის მხოლოდ დაბალი ფასი. მოცემულ შემთხვევაში ლ. მ. ახორციელებდა მთლიან სერვისს), საგარანტიო მომსახურებით (იხ. საგარანტიო ტალონი N.., რომლის ვადა შეადგენს 2 წელს. სხვა კომპანიები არ უზრუნველყოფდნენ 2 წლიან საგარანტიო მომსახურებას) და ლ. მ-თან შ-ს სამსახურის თანამშრომლობის წინარე პოზიტიური გამოცდილებით სხვა ტენდერის ფარგლებში (ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ სხვა ტენდერის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება არ იყო / არაჯეროვნად იყო შესრულებული ლ. მ-ს მიერ, რაც სადავოს გახდიდა დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას). სასამართლო ასევე ითვალისწინებს ფ/ზ ლ. მ-ს მიერ გაწეული მომსახურების მოცულობას და აღნიშნავს რომ გაწეული მომსახურების ღირებულების მექნიკური შედარება „ჩილერის“ შეკეთების ან გამოცვლის ფასთან არარელევანტურია, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში შემსრულებლის მხრიდან გაწეული მომსახურება მოიცავდა გაგრილება-ვენტილაციის სისტემის რეაბილიტაციას (მთავრობის დადგენილების შესაბამისად, რაც ჩილერის გარდა გულისხმობდა კალორიფელების ავტომატური ბლოკების, ჰაერის ფილტრების, 6 ცალი საცირკულაციო ტუმბოს, მონტაჟის ხარჯებს (იხ. სს საქმის ტ. 1, ს.ფ. – 46-47) და ა.შ.) საგარანტიო მომსახურების ჩათვლით.
18. ს. ,,ყ- ს“ გათბობა-ვენტილაციის სისტემის 2015 წლის 5 აგვისტოს დეფექტური აქტის მიხედვით, რომელსაც ხელს აწერს ლ. მ., გათბობა-ვენტილაციის სისტემა გამოსულია მწყობრიდან და საჭიროებს როგორც აღდგენას, ასევე სხვადასხვა დანადგარის და ნაწილის შეცვლას. კერძოდ: კალორიფელები ყინვისგან არის დახეთქილი რამდენიმე ადგილას და საჭიროებს დემონტაჟს ტრანსპორტირებას, აღდგენას და ტესტირებას. შემდეგ აღდგენის ტესტირებას მაღალ წნევაზე და ისევ დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებას და მონტაჟს (ახლის შეძენის შემთხვევაში ფასი დაახლოებით 25000 ლარია და წარმოება მინიმუმ 1 წელი). კალორიფელების შემდგომი კლიმატური პირობებისაგან დასაცავად აუცილებელია შეძენილი და დამონტაჟებული იქნეს დიდი სიმძლავრის ავტომატური ბლოკების კომპლექტი ყოველი კალორიფელისათვის. ჩილერი გამოსულია მწყობრიდან, მისი მუშა ნაწილები 15 სანტიმეტრამდე ქვიშაშია ჩაფლული (სტიქიის შედეგად). საჭიროა მისი დემონტაჟი და ახლის მონტაჟი. 14-დან 6 საცირკულაციო ტუმბო არის გადამწვარი და საჭიროებს შეცვლას. სამუშაოების ღირებულება, ცალკეული კომპონენტის გათვალისწინებით, განისაზღვრა 201 000 ლარით, 2-წლიანი გარანტიით.
19. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ გარეშე პირის მიერ დეფექტური აქტის შედგენა შ-ს სამსახურის მიერ აპრობირებულ პრაქტიკას წარმოადგენდა, როდესაც სამსახურს არ ჰყავდა შესაბამისი სპეციალისტები. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარის განმარტებით დეფექტური აქტის გარეშე პირის მიერ შედგენის შემთხვევაში უნდა არსებობდეს ხელშეკრულება შესაბამის მომსახურებაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის. თუმცა აღნიშნული ხელშეკრულების არარსებობა არ არის საკმარისი მტკიცებულება ნ. კ-სა და ი. ს-ის მხრიდან ფ/პ ლ. მ-სათვის არამართლზომიერი უპირატესობის მინიჭების განზრახვის მტკიცებისათვის.
20. ლ. ს-ის ჩვენების თანახმად, სამმართველოში ჰყავდათ ხარჯთაღმრიცხველი, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ხარჯთაღრიცხვას მოწვეული სპეციალისტები აწარმოებდნენ. ხარჯთაღრიცხვის შედგენა კი ხდება დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ, მის საფუძველზე.
21. სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას რომ ჩილერის სრულად შეცვლა არ იყო საჭირო და მისი სრულად ადგილზე გარემონტება შესაძლებელი იყო 6413.8 ლარად, რომ დამონტაჟდა ისეთი მოწყობილობები და დაჩატარდა ისეთი სამუშაოები რომელთა აუცილებლობა არ არსებობდა.
22. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (არც მოწმეთა ჩვენებებით და არც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით) არ დასტურდება 2015 წლის 11 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე ისეთი მოწყობილობის დამონტაჟება და ისეთი სამუშაოების ჩატარება, რომელთა აუცილებლობა არ არსებობდა. სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, რომლის თანახმად პროექტით გათვალისწინებული ბლოკების შესაძენად გადახდილი თანხა (74000 ლარი, მონტაჟი 4000 ლარი) წარმოადგენდა ასევე არარაციონალურ ხარჯს. სასამართლო ითვალისწინებს რომ დ. ბ-ც არ უთითებს რომელ 4-5 ფირმასთან გადამოწმებით დადგინდა ტუმბოების და კალორიფელების გამოცვლის საჭიროების არ არსებობა, აღნიშნულს არ ეხება არც საქმეში წარმოდგენილი N.. ექსპერტიზის დასკვნა. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია კასატორის აღნიშნული პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
23. დ. ბ-ს ჩვენებასა და მის მიერ ჩატარებულ სამსახურებრივ კვლევასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ემყარება ისეთ პირებთან გასაუბრებას, რომლებიც არ წარმოადგენენ ექსპერტებს (იხ. მოწმე ი. ბ-ის განმარტება) და არც ბრალდების მხარის მიერ მომხდარა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებებით მოცემული ინფორმაციების გადამოწმება; მოწმე დ. ქ-მ (შპს „თ-ს“ დირექტორი) დაკითხვისას დაადასტურა, რომ დ. ბ-ს გამოუწერა მხოლოდ ჩილერის 29 500 ლარის ღირებულების ინვოისი და ის პროცედურები, რასაც მსგავსი შესყიდვისთვის გადის თუნდაც შ-ს სამსახური, მას არ გაუვლია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მოწმეები ი. ტ. და ი. ბ-ს განმარტებით, “M…” ჩილერს ფრეონი ჰქონდა დაღვრილი და პლატები ჰქონდა დაზიანებული. ხოლო 2016 წლის 12 დეკემბრის საინჟინრო ექსპერტიზის N … დასკვნის თანახმად ჩილერის სამაცივრე სისტემა იმყოფებოდა წნევის ქვეშ და ფრეონის სისტემა კომპრესორების ჩათვლით არის სრულად გამართული ( ანალოგიური სხვაობა არსებობს აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის ჩილერის ფიზიკური დაზიანების - გარეთა დამცავის და ელექტრო შიტის დაზიანების არსებობის საკითხშიც, რაზეც ექსპერტიზის დასკვნაში არ არის მითითებული, მაგრამ უთითებს მოწმე ი. ბ. სასამართლო ასევე ითვალისწინებს მოწმე ტ. უ-ს ( შ-ს სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ტექნიკური მხარის ინსპექტირების ჯგუფი) ჩვენებას, რომლის თანახმად, ჩილერი დაფარული იყო შლამით და შეუძლებელი იყო დაზიანების დადგენა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ი. ბ-მ შემოწმება ჩაატარა მხოლოდ ჩილერზე და არა - მთლიან სისტემაზე.
24. ლ. მ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ ახალი ჩილერის სიმძლავრე იყო ნაკლები, მაგრამ ერგებოდა ადგილობრივ კლიმატს, ვენტილაციის სისტემა გაეშვა (შემოწმდა, გაიტესტა) და მუშაობდა გამართულად (იგივე დაადასტურეს შ-ს სამსახურის თანამშრომლებმა ტ. უ-მა და გ. შ-მ).
25. შპს „ვ-ს“ 2017 წლის 24 მაისის N … ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფ/პ ლ. მ-ს მიერ დამონტაჟებული ჩილერის სიმძლავრე შეესაბამება ს. „ყ-ს“ ტერიტორიაზე არსებულ ვენტილაციის დანადგარების სიმძლავრეს. იგივე დასტურდება საინჟინრო ექსპერტიზის N … დასკვნითაც, რომლის თანახმად მართალია შ-ს სამსახურის „ ყ-ს“ გამშვებ პუნქტში დამონტაჟებულია სითბური ტუმბოს რეჟიმზე მომუშავე აგრეგატი C… A.. მაცივარ-მანქანა ( ჩილერი) ტექნიკური პარამეტრებით არ შეესაბამება პროექტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ენერგეტიკული მაჩვენებლების Qსიც-ის სხვაობა შეადგენს 14 კვტ, ხოლო Qსით-ს სხვაობა 275 კვტ-ს. დასკვნის თანახმად, აღნიშნული არ წარმოადგენს მნიშვნელოვან სხვაობას, ამასთანავე ზოგადად და მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩილერის წარმადობა დამოკიდებულია ზაფხულში გარე ტემპერატურაზე ( ტ.2, ს.ფ.113).
26. 2015 წლის 21 ივლისის N… ხელშეკრულებაზე დართული თ. მ- ს წერილიდან ლ. მ-სადმი ირკვევა, რომ ზემო ლ-ს გამშვებ პუნქტზე დამონტაჟებული სავენტილაციო დანადგარზე ჯამური ნომინალური (გაზომილი გარე ტემპერატურა+35*C) სიმძლავრე გაგრილებაზე შეადგენს 21,4+46,63+20,33+46,63=134,99 კვ. ჩილერის C. ნომინალური სიმძლავრე შეადგენს 130 კვ (რელევანტობა 3,83 %, რაც გაცილებით ნაკლებია დასაშვებ 10%-ზე). ამის გარდა, დაბა ს-სათვის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი შეადგენს +32*C, ხოლო საანგარიშო ტემპერატურა (ე.წ. ყველაზე ცხელი თვის საშუალო მაქსიმუმი) შეადგენს 20,3 გრადუსს. +32 გრადუსის (აბსოლუტური მაქსიმუმი) დროს ჩილერის სიმძლავრე შეადგენს 136,68 კვ, რაც აღემატება მოთხოვნილ სიმძლავრეს.
27. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ჩაიბარა შ-ს სამსახურის თანამშრომელმა (იხ.: მიღება-ჩაბარების 2015 წლის 4 სექტემბრის აქტი, ტ. 2, ს.ფ. 44). ჩილერის გამოცვლის შემდეგ კონდიცირების სისტემა შეამოწმეს და მუშაობდა გამართულად. ლ. ს-ის განმარტებით კი ვენტილაციის სისტემას აღმოაჩნდა ხარვეზი, რომელიც ცნობილი გახდა 2-3 თვის შემდეგ, რაც გამოსწორდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო მომსახურების ფარგლებში. საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტისა და ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის თანახმად მომსახურება განხორციელდა ხელშეკრულების პირობების დაცვით.
28. რაც შეეხება დ. ბ-ს განმარტებას, რომ “M. ”-ს ფირმა მზად იყო 7000 ლარად აღედგინა ძველი გაგრილების დანადგარი, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ დანადგარის გარდა დაზიანებული იყო სხვა ობიექტებიც (კალორიფელების ბლოკები). შემდგომი კლიმატური პირობებისგან დასაცავად აუცილებელი გახდა შესაბამისი სიმძლავრის ავტომატური ბლოკების კომპლექტი ყოველი კალორიფელისთვის და ასევე დამატებითი ფილტრები.
29. თ. მ--ს ჩვენების თანახმად (ყ-ში იმყოფებოდა ლ. მ-თან და ი. ს-ესთან ერთად) დაზიანებული იყო თბომსვლელი, სავენტილაციო სისტემა და ტუმბოები, ხოლო ჩილერი იყო მიწითა და წყლით დაფარული. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნული ობიექტების გამართულად მუშაობას და შესაბამისად, მათი შეცვლის საჭიროების არ არსებობას.
30. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი 2016 წლის 4 ნოემბრის N… საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფიზიკური პირის „ლ. მ-ს“ მიერ შესრულებულ სამუშაოზე ვრცელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის N… ბრძანებით დამტკიცებული „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის“ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N.. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის“ მოთხოვნები. ექსპერტის ჩვენებით დგინდება, რომ ის არ იცნობს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონს და იხელმძღვანელა მხოლოდ მთავრობის დადგენილებით. შესაბამისად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტისთვის უპირატესობის მინიჭება ექსპერტის მხრიდან არ მომხდარა ნორმატიული აქტების იერარქიის წესების დაცვით ნორმატიული აქტების რეგულირების სფეროსა და საგნის ანალიზის საფუძველზე.
31. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ შპს „ვ-ს“ 2017 წლის 22 მარტის ექსპერტიზის N. ალტერნატიული დასკვნა კი მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელსაც ნორმატიული აქტების იერარქიის მიხედვით აქვს უპირატესი იურიდიული ძალა კანონქვემდებარე აქტებთან (მოცემულ შემთხვევაში მთავრობის დადგენილება) მიმართებით.
32. საინჟინრო ექსპერტიზის N .. დასკვნით დადგენილი სხვაობა ( 81 152,5 ლარი) ფ/პ „ლ. მ-ს“ მიერ შესრულებულ სამუშაოებზე წარდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ თანხასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის N.. ბრძანებით დამტკიცებული „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის“ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N-- დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის“ შესაბამისად გასაწევ ხარჯს შორის ემყარება ექსპერტის მიერ ზემოთ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი გამარტივებული შესყიდვების დროს შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების განსაზღვრის წესის გამოყენებას. აღნიშნულთან დაკავშირებით კი სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა მოცემულ შემთხვევაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის უპირატესი იურიდიული ძალა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართებით და ნ. კ-ს და ი. ს-ის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ზემოთაღნიშნული კანონქვემდებარე აქტის გამოყენების ვალდებულების არსებობა.
33. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N .. დასკვნა (12.12.2016) მართალია კატეგორულად ადგენს, რომ ჩილერის სრული აღდგენითი სამუშაოების ჩატარება შესაძლებელია, იმავდროულად არსებითი დაზიანების მოცულობის თაობაზე მისი დასკვნები ალბათობრივია. კერძოდ, დასკვნაში მითითებულია სხვა დაზიანებების არსებობის „ნაკლებ სავარაუდობა“, პლატების შემოწმების საჭიროება, რომ პლატების დამუშავების შემდგომ არ არის გამორიცხული ისინი აღმოჩნდნენ გამართულ მდგომარეობაში, დამატებით ჰიდროსისტემის გასაწმენდი სამუშაოების ჩატარების სავარაუდო საჭიროება და ა.შ. იმავდროულად დასკვნაში მითითებული აღდგენითი სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული ის ხარჯებიც, რომელთა საჭიროება დასკვნის თანახმად ‘შესაძლოა“ დადგეს (მაგალითად, პლატების ღირებულება), დასკვნა ეხება მხოლოდ ჩილერის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებას, მასში არაფერია ნათქვამი კალორიფელების შეკეთების, თბომსვლელი სისტემის რეაბილიტაციის საკითხზე და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ჩილერის შეკეთება არ მომხდარა და დღევანდელი მონაცემებითაც უცნობია, შესაძლებელი იყო თუ არა სრულად მისი აღდგენა.
34. სასამართლომ კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13).
35. საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი სსკ-ით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ე.წ. გამიზნით დელიქტს წარმოადგენს, სადაც მიზანი ქმედების ნიშანია, რადგან აფუძნებს უმართლობას.
36. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ი. ს-ს და ნ. კ-ის მიერ მათთვის მინიჭებული სამსახურებრივი უფლებამოსილების წინასწარი განზრახვით ლ. მ-სთვის და თ. მ-სთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მინიჭების მიზნით გამოყენება. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ი. ს-ს და ნ. კ-სთვის შერაცხული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ერთი-ერთი ნიშანი, სასამართლო მოკლებულია კასატორის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
37. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას(იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, § 27, 13 ივლისი 2017). ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით(იხ. Ruiz Torija v. Spain, ECtHR, § 29, Series A no. 303-A, 09/12/1994; García Ruiz v. Spain [GC], no. 30544/96, §26, ECtHR 1999-I; და Moreira Ferreira v. Portugal (no.2), ECtHR, [GC], no. 19867/12, § 84, 11/07/2017; Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65; 27/02/2020). ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011), არამედ გულისხმობს, რომ სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, ECtHR,no. 15256/05, § 103, 21/06/2016; და Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, 21/07/2015), გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილული იქნა საქმის არსებითი საკითხები”(Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ამასთანავე იმის განსაზღვრისას, საჭიროებდნენ თუ არა მომჩივნების არგუმენტები აშკარა პასუხს.... სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს თუ რამდენად დასაბუთებული იყო მომჩივნების არგუმენტები იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინა .. სასამართლოების დასკვნები და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §69; 27/02/2020)
38. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, ასევე - საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ კონსტიტუციურ სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ნ. კ-ს და ი. ს-ს მიერ საქართველოს სსსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - ჩადენა.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ლევან მარშავას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე