ას-69-375-04 8 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
მ. ცისკაძე
დავის საგანი: ავტოტექმოსახურების ობიექტზე თანამესაკუთრედ ცნობა და წილების პროპორციულად სადავო ობიექტის მათ სახელზე აღრიცხვა.
აღწერილობითი ნაწილი:
ტ. ლ-მა და გ. რ-ემ სარჩელით მიმართეს სასამართლოს ვ. ფ-ის და ქ. ლ-ის მიმართ, სადაც მიუთითეს, რომ ინდმეწარმე აწ გარდაცვლილ დ. ლ-სა და მათ შორის 2001წ. 3 აპრილს მოხდა ზეპირი შეთანხმება ქ. თბილისში, ......-ისა და .......-ას ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ 150 კვ.მ. მიწის ფართზე აეშენებინათ ავტოტექმომსახურების ობიექტი. შეთანხმებისამებრ ააშენეს სადავო ობიექტი, რომელიც დამთავრდა 2002წ. მარტ-აპრილში. მართალია, სადავო ობიექტი გაფორმდა დ. ლ-ის სახელზე, მაგრამ ფაქტიურად ნაგებობა აშენდა ტ. ლ-ის სახსრებით, რომელმაც დახარჯა არანაკლებ 30000 ლარი. მხარეთა შორის შეთანხმების თანახმად უნდა დაფუძნებულიყო შპს „ტ-ა“, რომლის საწესდებო კაპიტალში შეტანის სახით ჩადებული იქნებოდა სადავო ობიექტი და წილები განაწილდებოდა შემდეგი პროპორციით: ტ. ლ-ი 50%, დ. ლ-ი 40%, გ. რ-ე 10%.
მხარეების მიერ მოხდა შპს „ტ-ას“ სარეგისტრაციო მასალების და ხელშეკრულების პროექტის მომზადება, სადაც გამოიხატა მხარეთა ნება სადავო ობიექტის საკუთრების უფლების დანაწილების შესახებ ისე, რომ ტ. ლ-ი ცნობილი ყოფილიყო 50%-ის, ხოლო გ. რ-ე 10%-ის თანამესაკუთრედ. რადგან დ. ლ-ი მოულოდნელად გარდაიცვალა ვეღარ მოხდა ამ დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმება და შპს „ტ-ას“ რეგისტრაციაში გატარება, დ. ლ-ის უფლებმონაცვლეებმა _ ვ. ფ-მა და ქ. ლ-მა უარი განაცხადეს სადავო ობიექტზე მათი (ტ. ლ-ის და გ. რ-ის) უფლების ცნობაზე. ტ. ლ-მა და გ. რ-ემ სარჩელით მოითხოვეს ქ. თბილისში, .......-ისა და ......-ას ქუჩების გადაკვეთაზე 150 კვ.მ. მიწის ფართზე არსებული ავტოტექმომსახურეობის ობიექტზე თანამესაკუთრედ ცნობა და მათი წილების პროპორციულად სადავო ობიექტების მათ სახელზე აღრიცხვა.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ცნობილ იქნენ ქ. თბილისში, ....... ქუჩის გადაკვეთაზე 150 კვ.მ. მიწის ფართზე არსებული ავტოტექმომსახურეობის ობიექტზე თანამესაკთრედ, ტ. ლ-ი 50%-ის მფლობელად, გ. რ-ე ამავე ობიექტის 10%-ის მფლობელად. დაევალა საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოებს მოახდინონ ობიექტის აღრიცხვა წილთა შესაბამისად.
რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით:
დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეებსა და აწ გარდაცვლილ დ. ლ-ს შორის მოხდა ზეპირი შეთახმება ქ. თბილისში, .......-ისა და .......-ას ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ 150 კვ.მ. მიწის ფართზე აშენებულიყო ავტოტექმომსახურეობის ობიექტი. სადავო ობიექტის მშენებლობა დამთავრდა 2002წ. მარტი-აპრილში. დადასტურებულად სცნო ისიც, რომ მშენებლობა მიმდინარეობდა ტ. ლ-ის ხარჯებით.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ფ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილებთი ვ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადების რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 აპრილის გადაწყვეტილება, ტ. ლ-ის და გ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: ჩათვალა, რომ მოსარჩელეებს საერთო საკუთრების უფლება ავტოტექმომსახურების ობიექტზე არ წარმოეშვებათ, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ სანოტარო წესით დამოწმებული გარიგება უძრავი ქონების შეძენის შესახებ და რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამასთან, მიიჩნია, რომ სადავო ობიექტი არ შეიძლება იყოს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი და შესაბამისად არ წარმოადგენს საკუთრების საგანს, ამიტომ სასარჩელო მოთხოვნის განხილვა დავის საგნის მიმართ შესაძლებელი გახდება მხოლოდ ნაგებობის დაკანონების შემდეგ, ეს უკანასკნელი კი სასამართლოს კომპეტენციას სცილდება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. ლ-მა და გ. რ-ემ, რომლითაც მოითხოვეს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლოს ნორმების დარღვევით, რის გამოც სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და «გ» პუნქტების თანახმად ექვემდებარება გაუქმებას. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ უგულვებელყო მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ სადავო ობიექტის მშენებლობაში და ადასტურებდნენ, რომ სადავო ობიექტი მათი (ტ. ლ-ის და გ. რ-ის) ხარჯებით აშენდა. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა რა სსკ-ის 102-ე მუხლის I და III ნაწილებით, უგულვებელყო ამავე კოდექსის II ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გარემოებათა დამტკიცება შეიძლება, როგორც მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, ასევე წერილობითი დასკვნებით. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად მიუთითა სკ-ის 183-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც უნდა არსებობდეს სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, მაშინ როდესაც თვით დ. ლ-ი არ იყო ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ დავის საგანია უძრავ ქონებაზე _ ავტოტექმომსახურეობის ობიექტზე, მესაკუთრედ ცნობა. მოსარჩელეებს არ გააჩნიათ სადავო ობიექტზე სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება რომლითაც შემძენი რეგისტრირებული იქნებოდა საჯარო რეესტრში. მოსარჩელეები ტ. ლ-ი და გ. რ-ე მათი მოთხოვნის დასასაბუთებლად მიუთითებენ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე, რის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლოს აზრით, არ დაიშვება უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ აღიარება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ნაგებობა და მიწის ნაკვეთი 2003წ. 15 იანვრის მონაცემებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის რის გამოც იგი არ შეიძლება იყოს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი და შესაბამისად არ წარმოადგენს საკუთრების საგანს.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორების პრეტენზიები ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიმართ არც დამატებითია და არ დასაბუთებული. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მათი მონაწილეობა სადავო ობიექტის მშენებლობაში დადგენილია მოწმეთა ჩვენებებით, რის გამოც ისინი სადავო ობიექტის თანამესაკუთრეებად უნდა იქნენ მიჩნეული. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში სწორად მიუთითა, რომ სკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საერთო საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებმა სასამართლოს ვერ წარუდგინეს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება რომელიც დაადასტურებდა მათ თანამესაკუთრეობას სადავო ობიექტზე. ისინი მესაკუთრეებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არასოდეს ყოფილან. სკ-ის 183-ე მუხლის საფუველზე უძრავ ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ობიექტი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის. აღნიშნულს ადასტურებს კასატორიც. ასეთ პირობებში, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სადავო ობიექტი არ შეიძლება იყოს სამოქალაქო ბრუნვის და შესაბამისად არც საკუთრების უფლების ობიექტი.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონი არ დარღვეულა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ტ. ლ-ის და გ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.