ას-694-1335-03 6 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, მემკვირედ და მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ.თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობა ტექ.ინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემებით 1950 წლიდან ირიცხებოდა ა. გ-ის სახელზე, სახლის საკუთრებისა და კანონიერების იურიდიული საბუთების გარეშე, როგორც უნებართვო ნაგებობა.
1974 წელს გარდაიცვალა ა. გ-ი. ამ დროისათვის გ-ის სახელზე რიცხულ სახლში ცხოვრობდნენ გარდაცვლილის შვილები – რ. და ა. გ-ები. რ. გ-ს ეკავა “ლიტ ა”, ხოლო ა. გ-ს და მის ვაჟიშვილს, ალ-ს -”ლიტ ბ.”
1984 წელს გარდაიცვალა ა. გ-ი.
რ. გ-მა 1994წ. 10 მაისს შედგენილი ხელწერილის თანახმად, მის მფლობელობაში არსებული სახლის ნაწილი ოთხ მილიონ მანეთად გადასცა ალ. გ-ს.
1995 წელს რ. გ-ი მეუღლესთან ს. ა-თან ერთად გაემგზავრა რუსეთში საცხოვრებლად.
1997 წელს რ. გ-ი გასამართლებულ იქნა და იგი სასჯელს იხდიდა ვოლგოგრადის ოლქში.
ქ.თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტის ¹02.23.82 დადგენილების საფუძველზე დაკანონდა ა. გ-ის სახელზე რიცხული სახლთმფლობელობა.
აღნიშნული სახლის მესაკუთრედ 1996წ. 2 მარტს გაცემული მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე აღირიცხა ალ. გ-ი. ამავე წლის 6 მარტს ა. გ-მა ა. და ქ. ა-ებთან დადო სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება.
1999წ. ივნისში რ. გ-ის რწმუნებულმა ს. ა-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ა. და ქ. ა-ების მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების, სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 მაისის განჩინებით სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად. იმ საფუძვლით, რომ ს. ა-მა ვერ წარმოადგინა მინდობილობა.
2002წ. მარტში რ. გ-ის რწმუნებულმა ს. ა-მა კვლავ მიმართა სარჩელით სასამართლოს ა. და ქ. ავტისიანების მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლით: ა. გ-ის გარდაცვალების შემდეგ იგი ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო ქონებას; 1995 წელს დროებით გაემგზავრა რუსეთში; 1997 წლიდან იმყოფებოდა სასჯელის მოხდის ადგილზე; ალ. გ-მა ისარგებლა ამ მდგომარეობით, მის სახელზე გაიფორმა სახლთმფლობელობა, რომელიც გაასხვისა ა. და ქ. ა-ებზე.
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-ის რწმუნებულმა ს. ა-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ივნისის განჩინებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
რ. გ-ის რწმუნებული ს. ა-ი საკასაციო საჩივრით სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 183-ე, 185-ე და 312-ე მუხლები, არასწორად იქნა განმარტებული ამავე კოდექსის 1328–ე მუხლი, მოპასუხეები არ შეიძლება ჩაითვალონ კეთილსინდისიერ შემძენებად, რადგან მათ იცოდნენ სამკვიდრო სახლზე მოსარჩელის უფლების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ქ.თბილისში ... მდებარე სახლთმფლობელობა ირიცხებოდა არმენ გ-ის სახელზე, როგორც უკანონო ნაგებობა.
1974 წელს, როდესაც გარდაიცვალა ა. გ-ი მის სახელზე რიცხული სახთმფლობელობა არ შედიოდა სამკვიდრო მასაში. სახთმფლობელობა დაკანონდა მხოლოდ 1996 წელს. ალ. გ-ის განცხადების საფუძველზე ქ.თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტის ¹02.23.82 დადგენილებით მოხდა სახლთმფლობელობის ექსპლოატაციაში მიღება.
სახლთმფლობელობის დაკანონების შემდგომ მემკვდრეობის მოწმობა მიიღო მხოლოდ ალ. გ-მა.
სკ-ის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.
დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს, სადავო სახლმფლობელობის მესაკუთრედ ირიცხებოდა ალ. გ-ი.
სკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ესე იგი რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში არ მტკიცდება რეესტრის ჩანაწერების უზუსტობა. სახლთმფლობელობა ალ. გ-ზე ირიცხებოდა მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე.
სადავო სახლთმფლობელობის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია სკ-ის 183-ე მუხლის პირველი ნაწილით, სანოტარო ფორმის დაცვით.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეები არ უნდა ყოფილიყვნენ ჩათვლილნი კეთილსინდისიერ შემძენებად. რ. გ-ი არ ირიცხებოდა სადავო სახლის მესაკუთრედ და ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო არ იყო მისი თანხმობა.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით არ არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. გ-ის რწმუნებულის, ს. ა-ის, საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.