საქმე # 010142221700136700
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №14აგ-21 თბილისი
რ. გ. 14აგ-21 4 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. რ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით მ. ჯ. (იგივე გ. რ.) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით მ. ჯ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მ. ჯ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
მ. ჯ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 20 იანვრიდან.
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით გასწორდა ამავე სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენში დაშვებული ბუნდოვანება-უზუსტობა და აღინიშნა, რომ განაჩენის შესავალსა და სარეზოლუციო ნაწილში მ. ჯ-ს გასწვრივ აგრეთვე უნდა მითითებულიყო სიტყვები - „ამჟამად გ. გ-ს ძე რ.“.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ მ. ჯ-სა (იგივე გ. რ-ს) და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ მ. ჯ-ს (იგივე გ. რ-ს) საკასაციო საჩივარი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ გ. რ-ს შუამდგომლობა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. რ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინება დარჩა უცვლელად.
7. 2021 წლის 23 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა გ. რ-მ, რომელმაც მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება ან/და საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნება ხელახლა განსახილველად, შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ მიკერძოებულად განიხილა მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით პროკურატურას დაუკანონა ყალბი მონაცემებით დაწყებული გამოძიება, რაც გამოიხატა იმაში, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, ასევე სასამართლომ ყველა მტკიცებულება განიხილა და გადაწყვეტილება გამოაქვეყნა - მ. ჯ-ს მიმართ, ხოლო შემდეგ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 2017 წლის 30 ოქტომბრის ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებაში მიუთითა, რომ სინამდვილეში გასამართლებული პირი იყო - გ. რ.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ გ. რ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. რ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას. კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლოსგან არ მოითხოვს მის დამნაშავეობა/უდანაშაულობაზე მსჯელობას, არამედ მას სურს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩაიწეროს მისი პერსონალური მონაცემები სრულად, დეტალურად და სწორად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ გ. რ-ს შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
4. მსჯავრდებულ გ. რ-ს პერსონალურ მონაცემებთან მიმართებით კი უკვე არაერთხელ იმსჯელა როგორც სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ თავის - 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინებაში, ისე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ - 2020 წლის 26 ივნისის განჩინებაში, რომლითაც უცვლელად დარჩა სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული განჩინება. ამასთან, ამ განჩინებებით მსჯავრდებულს განემარტა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი გამოტანილი იყო არა ორი სხვადასხვა პირის - მ. ჯ-სა და გ. რ-ს მიმართ, არამედ, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე - სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებისა და მხარეებისთვისაც მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვისას იმთავითვე ცნობილი იყო, რომ მ. ჯ. და გ. რ. ერთი და იგივე პირია. მსჯავრდებულ გ. რ-ს ასევე განემარტა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით, მართალია, თავდაპირველად ხსენებული განაჩენის მხოლოდ აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში იყო მ. ჯ-სთან ერთად მსჯავრდებულის იმჟამინდელი ვინაობა - გ. რ. მითითებული, მაგრამ მოგვიანებით, იმავე სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით აღმოიფხვრა ამ განაჩენში დაშვებული ბუნდოვანება-უზუსტობა და აღინიშნა, რომ განაჩენის შესავალსა და სარეზოლუციო ნაწილში მ. ჯ-ს გასწვრივ აგრეთვე უნდა მითითებულიყო სიტყვები - „ამჟამად გ. გ-ს ძე რ.“.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ გ. რ-ს შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველი, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. რ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი