Facebook Twitter

საქმე # 010142221700138445

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №25აგ-21 25 ოქტომბერი, 2021 წელი

ა. გ. 25აგ-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ა-მ, რომელიც ითხოვს, დასაშვებად იქნეს ცნობილი მისი საკასაციო საჩივარი და სასჯელის მოხდა 2010 წლის 16 მარტის ნაცვლად, აეთვალოს 2009 წლის 21 აგვისტოდან ან მისთვის განსაზღვრულ საბოლოო სასჯელს - 17 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას გამოაკლდეს პატიმრობაში ყოფნის დრო - 6 თვე და 26 დღე და მოსახდელად დარჩეს - 16 წლით, 11 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა.

2. საქმის მასალების მიხედვით: თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განაჩენით გ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2008 წლის 14 აპრილს ჩადენილი დანაშაულისათვის) და სასჯელად განესაზღვრა - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2009 წლის 18 აგვისტოდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის განაჩენით გ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 19,108-ე მუხლით (2009 წლის 14 აგვისტოს ჩადენილი დანაშაულებისათვის) და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და გ. ა-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - 28 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განაჩენით ცვლილება შევიდა თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის განაჩენში: გ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 19,108-ე მუხლით (2009 წლის 14 აგვისტოს ჩადენილი დანაშაულებისათვის) და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და გ. ა-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - 26 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2009 წლის 21 აგვისტოდან.

6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 26 წლით თავისუფლების აღკვეთას - მთლიანად დაემატა წინა, თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 15 წლით, 5 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა და მსჯავრდებულ გ. ა-ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 41 წლით, 5 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა - 40 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2010 წლის 16 მარტიდან.

7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ა-ს მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით შეფარდებული სასჯელი - 40 წლით თავისუფლების აღკვეთა - გაუნახევრდა და განესაზღვრა - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2010 წლის 16 მარტიდან.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განაჩენით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ გ. ა-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და ცვლილება შევიდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრისა და 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებებში, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განაჩენით შეფარდებულ სასჯელს - 26 წლით თავისუფლების აღკვეთას - მთლიანად დაემატა წინა, თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 15 წლით, 5 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა და მსჯავრდებულ გ. ა-ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა - 41 წლით, 5 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა და განესაზღვრა - 35 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-7, მე-17, 21-ე და 26-ე მუხლების თანახმად, გაუნახევრდა და საბოლოოდ მიესაჯა - 17 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2010 წლის 16 მარტიდან.

9. 2021 წლის 8 აპრილს მსჯრდებულმა გ. ა-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა. კერძოდ, ითხოვა სასჯელის მოხდა აეთვალოს 2009 წლის 21 აგვისტოდან.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ა-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, კერძოდ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე​1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

ზ​1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

4. საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, აღნიშნავს, რომ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულ გ. ა-ს შუამდგომლობა ვერ აკმაყოფილებს საჩივარში მითითებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, ვინაიდან შუამდგომლობის ავტორი ვერ უთითებს ახალ კანონს, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განაჩენით (რომლითაც ცვლილება შევიდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრისა და 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებებში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განაჩენით შეფარდებულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა, თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მსჯავრდებულ გ. ა-ს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის (განაჩენთა ერთობლიობის დროს დანიშნული საბოლოო სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენის მიღების დღიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულის მიმართ წინა განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა არ იყო გასული ბოლო დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის. ასეთ შემთხვევაში სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პირის დაკავების დღიდან) თანახმად, მართებულად აეთვალა ბოლო - თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განაჩენის მიღების დღიდან - 2010 წლის 16 მარტიდან.

5. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინება კანონიერია, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ.ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი