საქმე # 020142221700136358
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №28აგ-21 თბილისი
ჭ. ი., 28აგ-21 26 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ჭ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 მაისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ჭ-მ, რომელიც ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანასა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენას.
2. საქმის მასალების მიხედვით: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 დეკემბრის განაჩენით ი. ჭ.- დაბადებული ... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი; 273-ე მუხლით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 2 წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის საფუძველზე შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 ივლისის განაჩენით ი. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2013 წლის 18 სექტემბრის ეპიზოდი) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 273-ე მუხლით (2013 წლის 8 ოქტომბრის ეპიზოდი) - 7 თვით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და განესაზღვრა - 7 თვით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენთა ერთობლიობისას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 დეკემბრის განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა ბოლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 2 წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის საფუძველზე შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის განაჩენით ი. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მიესაჯა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენით ი. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და მიესაჯა - ჯარიმა - 1000 ლარი; განაჩენთა ერთობლიობისას ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა ბოლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის საფუძველზე შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ჭ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული ი. ჭ. გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე აღუდგა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 ივლისის განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა); ი. ჭ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
8. 2021 წლის 19 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ი. ჭ-მ, რომელმაც მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვა.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ ი. ჭ-ს შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
ü თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 დეკებრის განაჩენით ი. ჭ-სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მსჯავრად შერაცხული ქმედება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2021 წლის 5 მარტს შეტანილი ცვლილებების საფუძველზე იგი გათავისუფლდა ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. მასვე აღუდგა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 დეკებრის განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენისა და ტარების უფლების შეზღუდვისა). დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
ü ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: ი. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
ü ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: მსჯავრდებული ი. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველო სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა - ჯარიმა - 1000 ლარი; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის განაჩენით შეფარდებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფების აღკვეთამ - შთანთქა ბოლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი - ჯარიმა - 1000 ლარი და საბოლოოდ მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2016 წლის 20 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის განაჩენით - 2016 წლის 17 აპრილიდან 2016 წლის 25 აპრილის ჩათვლით და 2016 წლის 26 სექტემბრიდან 2016 წლის 20 დეკემებრის ჩათვლით მოხდილი სასჯელები. ი ჭ-ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ კასატორი მხოლოდ ნაწილობრივ ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 მაისის განაჩენს და ითხოვს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებების აღდგენას, რისი მხედველობაში მიღებითაც, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილების უდავოდ გამხდარ ასპექტებს დამატებით აღარ მიმოიხილავს.
3. საკასაციო სასამართლო მიუთითებს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, რისი მხედველობაში მიღებითაც, ი. ჭ-ს მიმართ, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენით საქართველო სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მისჯილი ჰქონდა ჯარიმა - 1000 ლარი, მართებულად არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
5. საკასაციო საჩივრის მოთხოვნასთან მიმართებით, რომელიც შეეხებოდა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენას, საკასაციო სასამართლო განმარტავს: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა), რისი გათვალისწინებითაც, ვინაიდან ი. ჭ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე არ გათავისუფლებულა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით შეფარდებული სასჯელისაგან, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის კანონიერი წინაპირობები არ იკვეთება.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ არსებობს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. ჭ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი