Facebook Twitter

საქმე # 050100118002657155

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1007აპ-19 ქ. თბილისი

ტ. ვ.,1007აპ-19 20 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მამუკა ნადირაძემ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ვ. ტ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ვ. ტ-ს ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა; კასატორი აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა ქ. ს-მ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცა ჩვენება, თუმცა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - გ. დ-სა და მ. ხ-ს გამოკითხვის ოქმებითა და მოწმეების - ნ. ს-სა და ნ. მ-ს ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნ. მ-ს ,,ფეისბუქის“ გვერდიდან გამოთხოვილი ინფორმაციითა და სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ვ. ტ-ს მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ქმედებების ჩადენა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. ტ-ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ორსული ქალის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. ვ. ტ. 2017 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2000 წლის 1 ივნისს დაბადებულ ქ. ს-სთან და ისინი ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. დაოჯახებიდან ერთი თვის შემდეგ, ვ. ტ. ქ. ს-ს მიმართ გახდა აგრესიული, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, სახლში აღარ მიდიოდა, უმიზეზოდ ეკამათებოდა და უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა.

2.2. 2017 წლის 6 მაისს ქ. ს-მ ვ. ტ-ს გაუმხილა, რომ იყო ფეხმძიმედ, რაზეც იგი უფრო გაღიზიანდა, გახდა აგრესიული და სისტემატურად აყენებდა მეუღლეს ფიზიკურ შეურაცხყოფას, რამაც დაზარალებულის ტანჯვა, დამცირება და ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

2.3. 2017 წლის 16 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათიდან 20:00 საათამდე დროის შუალედში, ალკოჰოლით მთვრალმა ვ. ტ-მ ... მდებარე დროებით საცხოვრებელ სახლში, ქ. ს-ს, იმ მოტივით, რომ დაზარალებულის დედა - მ. ხ. წინააღმდეგი იყო მათი შეუღლების, დაუწყო ჩხუბი, აგინა დედა, გალანძღა უშვერი სიტყვებით, ჩაავლო თმაში ხელი, ძლიერად მოქაჩა, წააქცია და იატაკზე ათრია, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა, დამცირება და ფიზიკური ტკივილი.

2.4. ზემოაღნიშნულიდან ერთი კვირის შემდეგ, ივნისის ბოლო რიცხვებში, ვ. ტ-მ .. მდებარე დროებით საცხოვრებელ სახლში, იმ მოტივით, რომ თითქოს, ქ. ს-ს დედა - მ. ხ. მივიდა მის პირველ მეუღლესთან და ესაუბრა მათ დაშორებაზე, ქ. ს-ს აგინა დედა, გალანძღა უშვერი სიტყვებით და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა, დამცირება და ფიზიკური ტკივილი.

2.5. 2017 წლის 10 ივლისს, 18:00 საათზე, ვ. ტ-მ ... მდებარე დროებითი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, იმ მოტივით, რომ დაზარალებულს პოლიციაში არ შეეტანა მის წინააღმდეგ საჩივარი, ქ. ს-ს აგინა დედა და რამდენჯერმე დაარტყა მარჯვენა ხელი სახეში, ასევე - მძლავრად მოუჭირა ორივე ხელი მხრებზე და მოქაჩა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა, დამცირება და ფიზიკური ტკივილი.

2.6. 2017 წლის 5 აგვისტოს ... ნათესავის სახლში ყოფნისას - ქ. ს-ს სოციალური სამსახურიდან დაუკავშირდნენ მობილური ტელეფონით და განუმარტეს, რომ გადაიყვანდნენ თავშესაფარში. როცა ვ. ტ-მ გაიგო, რომ ქ. ს-ს ურეკავდა სოციალური მუშაკი, წაართვა ტელეფონი, დაუწყო კამათი, ლანძავდა უშვერი სიტყვებით, აგინა დედა, უყვიროდა, რომ გამოეტანა საჩივარი პოლიციიდან და ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა, დამცირება და ფიზიკური ტკივილი.

2.7. 2017 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე, .. ნათესავის სახლში ყოფნისას, ვ. ტ-ს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ქ. ს-ს დეიდა - ნ. კ. და სთხოვა ქ-სთან გასაუბრება, რაზეც ვ. ტ. გაღიზიანდა და არ მისცა მათ საუბრის საშუალება, ქ. ს-ს კი დაუწყო ხმამაღლა ყვირილი, აგინებდა დედას, ლანძღავდა უშვერი სიტყვებით, ხმამაღლა ეუბნებოდა, ნუ აწუხებდნენ მისი ნათესავები და სთხოვდა პოლიციიდან საჩივრის გამოტანას. შემდეგ მან სამზარეულოდან გამოიტანა დანა, ქ. ს-ს მიადო ყელზე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე, ქამრის გამოყენებით - ჩამოხრჩობით, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა, დამცირება და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ვ. ტ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

4. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით ვ. ტ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,დ" ქვეპუნქტებით მისთვის წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 111,126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის ჩადენაშიც ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა ჯარიმა - 3000 ლარი.

5. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მამუკა ნადირაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ვ. ტ-დ დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და სასამართლომ არასწორად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ვ. ტ-ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,დ“ ქვეპუნქტებით მისთვის წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 111,126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა ქ. ს-მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციისა და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმეების - გ. დ-ს და მ. ხ-ს გამოკითხვის ოქმებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, უტყუარად დგინდება, რომ 2017 წლის 10 ივლისს ვ. ტ-მ ნამდვილად იძალადა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან, ორსულ ქ. ს-ზე, რისთვისაც მას კანონიერად დაედო მსჯავრი, თუმცა საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებებიდან, მოწმეების - გ. დ-სა და მ. ხ-ს გამოკითხვის ოქმები და მოწმეების - ნ. ს-სა და ნ. მ-ს ჩვენებები, მათი შინაარსიდან გამომდინარე, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არის - ირიბი, ხოლო ნ. მ-ს მუხაშავრიას ,,ფეისბუქის“ გვერდიდან გამოთხოვილი ინფორმაციის (მიმოწერის) სანდოობის გადამოწმების შესაძლებლობა მხარეებს არ მისცემიათ, ვინაიდან დაზარალებული ქ. ს-მ სასამართლოში ჯვარედინად არ დაკითხულა და, ამდენად, ეს მტკიცებულებები ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერია და მისი გაუქმების ან შეცვლის კანონიერი წინაპირობები არ იკვეთება.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი