Facebook Twitter

საქმე # 330100119002946870

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №224აპ-20 ქ. თბილისი

გ. გ. 224აპ-20 22 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია გურულის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია გურულმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი საფუძვლებით: სახელმწიფო ბრალმდებელი არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას, რომ გ. გ-ს ქმედება არ წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს და იგი განეკუთვნება სამოქალაქოსამართლებრივი დავის საგანს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გ. გ-ს ქმედებაში იკვეთება დაზარალებულის მოტყუების განზრახვა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. გ-მ ჩაიდინა ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ე.ი. მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, როდესაც არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გ. გ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის ოქტომბრის დასასრულს გ. გ. ზეპირად შეუთანხმდა თ. გ-ს, რომ იცხოვრებდა ... მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, ყოველი თვის დასაწყისში 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარისა და მის მიერ გახარჯული კომუნალური გადასახადების ოდენობით თანხის გადახდის სანაცვლოდ. გ. გ. 2018 წლის ოქტომბრის დასასრულიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე ცხოვრობდა მითითებულ საცხოვრებელ სახლში და ისე, რომ არ გადაუხდია სახლის ქირავნობის ორი თვის საფასური - 150 (ას ორმოცდაათი) ლარი და მის მიერ გახარჯული კომუნალური გადასახადების საფასური - 159 (ას ორმოცდაცხრამეტი) ლარი და 12 (თორმეტი) თეთრი, 2019 წლის იანვრის დასაწყისში დატოვა სახლი, რითაც მოტყუებით, 309 (სამას ცხრა) ლარისა და 12 (თორმეტი) თეთრის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიაყენა თ. გ-ს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით გ. გ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

გამართლებულ გ. გ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

გაუქმდა გ. გ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია გურულმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ. გ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან ეთანხმება პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ გ. გ-ს ქმედებაში არ იკვეთება დაზარალებულ თ. გ-ს მოტყუების განზრახვა, რომელიც მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს. შესაბამისად, მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივი დავის საგანს, კერძოდ:

9. საქმეში წარმოდგენილი, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ გ. გ-სა და თ. გ-ს შორის არსებობდა სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება - ზეპირი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც თ. გ-მ გააქირავა, ხოლო გ. გ-მ დაიქირავა უძრავი ქონება, მდებარე ..., რის სანაცვლოდ, ყოველი თვის დასაწყისში გ. გ-ს უნდა გადაეხადა 75 ლარი და ასევე მის მიერ გახარჯული კომუნალური გადასახადების თანხა. დადგენილია ისიც, რომ გ. გ-მ ბინით სარგებლობის სანაცვლო თანხა თ. გ-ს ვერ გადაუხადა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რაც განპირობებული იყო მისთვის ხელფასის არასრულად გადახდითა და შვილის ავადმყოფობით გაწეული ხარჯებით. თავის მხრივ, დაზარალებულმაც დაადასტურა მოცემული ფაქტი და განმარტა, რომ გ. გ-სგან იცოდა, რომ მან ხელფასი ვერ აიღო, ამასთან, შვილი ჰყავდა ცუდად და ამ მიზეზების გამო, ვერ უხდიდა ბინის ქირის თანხას. აღნიშნულის გათვალისწინებით, გ. გ-ს ქმედებაში გამოკვეთილია არა საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით დათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, არამედ - მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო დავა, რაც, შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სამოქალაქო და არა - სისხლის სამართალწარმოების წესით.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია გურულის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი