ას-701-958-04 29 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 ივლისის განაჩენით მ. ჩ.-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით თ. წ.-ისათვის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების გამო. მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის სახის სასჯელი ჩაეთვალა პირობით და სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე დაენიშნა ერთი წელი საგამოცდო ვადა. პირობით მსჯავრდებულ მ. ჩ.-ეს ყოფაქცევაზე კონტროლი დააწესა პრობაციის სამსახურმა, შიდა ქართლის სააღსრულებო ბიურომ. დაზარალებული თ. წ.-ის სამოქალაქო სარჩელი ღიად დარჩა წარმოუდგენლობის გამო.
2003წ. 10 სექტემბერს თ. წ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე მ. ჩ.-ის მიმართ და მოითხოვა დანაშაულით მიყენებული ზიანის, მკურნალობასთან დაკავშირებული ზარალის და მორალური ზიანის ანაზღაურება, სულ 1400 ლარი.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. წ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მ. ჩ.-ეს დაეკისრა თ. წ.-ის სასარგებლოდ მკურნალობისათვის შეძენილი პრეპარატების თანხა 63.70 ლარი. სარჩელის მოთხოვნა მკურნალობის ხარჯების 400 ლარის დაკისრების და მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის 1000 ლარის მ. ჩ.-ისათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
თ. წ.-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 აპრილის განჩინებით თ. წ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატის განჩინება ემყარება შემდეგ მოტივებს:
სსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად სააპელაციო საასამართლომ ვერ გაიზიარა აპელანტის განცხადება იმის შესახებ, რომ მას ექსპერტიზის ჩასატარებლად ოთხჯერ მოუხდა თბილისში ჩამოსვლა და მკურნალობის ხარჯებმა სულ 400 ლარი შეადგინა. მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა, ვინაიდან სკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სკ-ის მე-18 მუხლის მეექვსე ნაწილის მიხედვით, ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებაც. მაგრამ სააპელაციო პალატის მითითებით დაზარალებულისათვის ასეთი უფლების მინიჭება არ მოიცავს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უპირობო დაკმაყოფილებას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ასევე, რომ მოთხოვნა უნდა ყოფილიყო შესაბამისი მტკიცებულებებით დასაბუთებული და ამისათვის საკმარისი არ იყო მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. წ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სკ-ის მე-18 მუხლი, მას უნდა ეხელმძღვანელა ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რასაც სინამდვილეში ჰქონდა ადგილი; სასამართლომ არ გაითვალისწინა ისიც, რომ თ.წ.-ი მკურნალობას დღემდე აგრძელებს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ.წ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ. ჩ.-მ თ. წ.-ს მიაყენა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რისთვისაც მის მიმართ ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 23 ივლისს გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას იმის შესახებ, რომ თ.წ.-ის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს იმის გამო, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მ. ჩ.-ის მიერ მოსარჩელისათვის სხეულის დაზიანებამ გამოიწვია მის სახეზე წარუშლელი კვალი, დამახინჯება, ბიოლოგიური და ფსიქიკური ფუნქციის მოშლა და ა.შ.. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში არასწორად გამოიყენა სკ-ის 413-ე მუხლი. ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით; იმავე მუხლის მეორე ნაწილი კი ითვალისწინებს, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
ამდენად, ამ მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის არაქონებრივი ზიანის ფულადი ანაზღაურების დაკისრების შესახებ გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების გათვალისწინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. წ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 აპრილის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.