ას-70-376-04 25 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: თანხის გადახდევინება.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. მ-ა უბრალო თამასუქის ხელწერილით 1994 წელს სავაჭრო-სამრეწველო კომპანია „ა-ში“ შეიტანა 1000 აშოშ დოლარი. ხელწერილის თანახმად, კომპანია „ა-ს“ მისთვის 1994წ. 29 აგვისტოსთვის უნდა გადაეხადა 1600 აშშ დოლარი. კომპანია „ა-მ“ და მისმა სამართალმემკვიდრემ _ სს „ა-2-მა“ არ შეასრულეს ვალდებულება, არ გადაუხადეს ვ.მ-ს შეტანილი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტები.
2002წ. 30 იანვარს ვ.მ-ა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს „ა-2-ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხეზე მის სასარგებლოდ 1600 აშშ დოლარის და 1996წ. 31 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 3%-ის, ანუ 64 თვეზე 1920 აშშ დოლარის, სულ _ 352 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
მოპასუხე სს „ა-2-ის“ წარმომადგენელმა _ ვ.შ-მა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელზე უარის თქმა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. გარდა ამისა, მისივე მოსაზრებით სს „ა-2“ იყო სავაჭრო-სამრეწველო კომპანია „ა-ს“ შეზღუდული უფლებამონაცვლე, რომელიც ვალდებული იყო დაებრუნებინა მხარეებისთვის მხოლოდ შეტანილი თანხები ძირითადი თანხის ფარგლებში და არა ვადაგადაცილებულ თვეებზე გარკვეული პროცენტები.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა. მოპასუხე სს „ა-2-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 აშშ დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა სს „ა-2-ის“ დირექტორის, ხ.შავიძის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. უარი ეთქვა ვ. მ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ ვ.მ-მა უბრალო თამასუქის ხელწერილით 1994წ. სავაჭრო-სამრეწველო კომპანია „ა-ში“ შეიტანა 1000 აშშ დოლარი. ხელწერილის თანახმად, კომპანია „ა-ს“ მისთვის 1994წ. 29 აგვისტოსათვის უნდა გადაეხადა 1600 აშშ დოლარი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ის წარმოადგენს მეანაბრეს, სასარჩელო ხანდაზმულობა მის მოთხოვნაზე არ ვრცელდება და მიუთითა, რომ, მართალია, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. ¹802 დადგენილების მე-10 და მე-11 პუნქტებით, აგრეთვე სახელმწიფოს მეთაურის 1995წ. 22 ივნისის ¹252 ბრძანებულების მე-5 პუნქტის შესაბამისად სამრეწველო კომპანიის კომპანიის ბაზაზე მეანაბრეების ნების გათვალისწინებით შეიქმნა სააქიო საზოგადოებები, მაგრამ ზემოთმითითებული ნორმატიული აქტების საფუძველზე თამასუქის მფლობელები მეანაბრეები კი არ გახდნენ, არამედ განისაზღვრა საზოგადოების საწესდებო კაპიტალის შექმნის, კომპანიის სახსრების მოძიების და აღრიცხის წესი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზემოთ მითითებული დადგენილებით და ბრძანებულებით არ მომხდარა თამასუქის მფლობელის მეანაბრესთან გათანაბრება, ამიტომ მოსარჩელეს სარჩელის წარდგენის უფლება წარმოეშვა 1994წ. 29 აგვისტოს, მან კი სარჩელი წარადგინა 2002წ. 30 იანვარს, რის გამოც სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 75-ე და მე-80 მუხლების საფუძველზე, სარჩელი ხანდაზმულია.
2004წ. 20 იანვარს ვ. მ-ა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საკასაციო საჩივრით ვ. მ-ი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო: სს „ა-2-ის“ წესდების 1.2 პუნქტის თანახმად სს „ა-2“ წარმოადგენს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 16 ნოემბრის ¹802 დადგენილების შესაბამისად სს კომპანძია „ა-ს“ მეანაბრეების მიერ ნებაყოფლობით შექმნილი დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ორგანიზაციას. ამავე წესდების 2.1 პუნქტის მიზანია სს კომპანია „ა-ში“ მოქალაქეთა შეტანილი ფულადი ანაბრების გასტუმრების უზრუნველყოფა. კასატორის აზრით, მისი მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე არ არის მეანაბრე და აქციონერი. ის არის არის თამასუქის მფლობელი. ასეე დადგენილია, რომ სარჩელის წარდგენის უფლება ვ.მ-ს წარმოეშვა 1994წ. 29 აგვისტოს., ვინაიდან თამასუქში პირდაპირ იყო მითითებული მისი შესრულების ვადის შესახებ. კერძოდ, მითითებული იყო, რომ თამასუქის გამცემი კისრულობდა, რომ თამასუქის მიმღებ ვ.მ-ისთვის 1994წ. 29 აგვისტოს გადაეხადა 1600 აშშ დოლარი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
აქედან გამომდინარე, კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ის მეანაბრეს წარმოადგენს და მასზე არ უნდა გავრცელდეს სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, უსაფუძვლოა, კასატორი თავს მეანაბრეებთან გათანაბრებულად თვლის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. ¹802 დადგენილების მე-10 და მე-11 პუნქტების, აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995წ. 22 ივნისის ¹252 ბრძანებულების მე-5 პუნქტის საფუძველძზე, მაშინ, როცა ზემოთ მითითებულ დადგენილებას და ბრძანებულებას თამასუქის მფლობელები მეანაბრეებთან კი არ გაუთანაბრებია, არამედ დადგინდა სამრეწველო კომპანიების ბაზაზე, სააქციო საზოგადოების შექმნის, საწესდებო კაპიტალის განსაზღვროს, კომპანიის სახსრების მოძიებისა და აღრიხვის წესი, ასევე ის, რომ კომპანიის კრედიტორთა სურვილის შესაბამისად მათ ძეეძლოთ გამხდარიყვნენ ახლად შექმნილი სააქციო საზოგადოების აქციონერები.
არასწორია კრედიტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვინაიდან სს „ა-2“ 1995წ. 31 აგვისტოდან გახდა კომპანია „ა-ს“ სამართალმემკვიდრე და იკისრა ვალდებულება თამასუქის ხელწერილის მქონე მოქალაქეების ვალის დაბრუნების შესახებ, იგი დღესაც ვალდებულია დააბრუნოს ვალი და მათი მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თუნდაც კასატორის მითითების შესაბამისად 1995წ. 31 აგვისტოდან დაიწყოს სარჩელის წარდგენის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის ათვლა, სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა გასულია 1998წ. 31 აგვისტოს. კასატორს კი სარჩელი შეტანილი აქვს 2002წ. 30 იანვარს, ანუ ოთხიწ. შემდეგ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.