Facebook Twitter

საქმე N 060100121005132426

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №297აპ-23 5 მაისი, 2023 წელი

კ–ა ნ., №297აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ნ. კ–ა (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2021 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 23:50 საათზე, ალკოჰოლით მთვრალმა ნ. კ–მ ს–ს რაიონის სოფელ გ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას იძალადა შვილზე - თ. ყ–ზე, კერძოდ, ესროლა მინის ქილა, რაც ამ უკანასკნელს მოხვდა მარჯვენა ხელის მაჯის არეში, რითაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2021 წლის აგვისტოში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, ალკოჰოლით მთვრალმა ნ. კ–მ ს–ს რაიონის სოფელ გ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას გვერდების არეში ხელი რამდენიმეჯერ დაარტყა დედას - ც. კ–ს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.4. 2021 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ალკოჰოლით მთვრალი ნ. კ–აა ს–ს რაიონის სოფელ გ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - ც. კ–ს, რომელსაც აღნიშნულით გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენით ნ. კ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2021 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რუსუდან ლაბაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ნ. კ–ს წარდგენილ ბრალდებებში სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 23 იანვარს სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რუსუდან ლაბაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდქსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ ნ. კ–ს ბრალეულობას, კერძოდ: მოწმეების - ჯ. ჩ–სა და კ. ნ–ს ჩვენებებით დადასტურდა, რომ ისინი შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ მისამართზე, სადაც დახვდათ თ. ყ–ა, რომელმაც განუმარტათ, რომ ადგილი ჰქონდა დედის მხრიდან ძალადობასა და მუქარას. ამასთან, იქვე მყოფი ნ. კ–ა მათი თანდასწრებითაც განაგრძობდა ქალიშვილზე მუქარას და ეუბნებოდა, რომ საკმარისად ვერ სცემა. გარდა ამისა, შემაკავებელ ორდერებსა და მათ ოქმებში ასახულია დაზარალებულთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია. საგამოძიებო ექსპერიმენტისას კი დაზარალებულებმა დეტალურად აღწერეს ნ. კ–ს მიერ მათზე ძალადობისა და მუქარის ფაქტები. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ თ. ყ–ს განმარტებით, მასზე ფიზიკურად იძალადა დედამ. დაზარალებულ თ. ყ–ს გამოკითხვის ოქმით, ასევე დადასტურდა ნ. კ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა. კასატორი ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ-17 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც განმარტებულია, რომ: „ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა მისი ოჯახის წევრისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს“.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდქსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბარალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ნ. კ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო - ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ დაზარალებულ თ. ყ–ს გამოკითხვის ოქმზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2021 წლის 8 სექტემბერს, დილით, პირად საქმეზე წავიდა ს–ში. დაახლოებით 21:30 საათზე, მობილურ ტელეფონზე დაურეკა ბებიამ - ც. კ–მ და უთხრა, რომ ალკოჰოლით მთვრალი ნ. კ–ა შევარდა პირველ სართულზე არსებულ ოთახში, სადაც ისხდნენ ც. და დ. კ–ები, გაიწია ც. კ–სკენ და სურდა მასზე ფიზიკურად ეძალადა. ვინაიდან ნ. კ–ა ემუქრებოდა მოკვლით, ც. კ–ს შეეშინდა, გაიქცა სახლიდან და იმყოფებოდა მიტოვებულ სახლში. თ. ყ–ა მაშინვე დაბრუნდა ს–ს რაიონის სოფელ გ–ში მდებარე სახლში, სადაც დახვდა დედა - ნ. კ–ა, რომელიც იყო მთვრალი. ნ. კ–ა მის დანახვაზე გახდა აგრესიული და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. თ. ყ–ა წავიდა მაგიდისკენ, რომელზეც იდგა მინის 1,5 ლიტრიანი ქილა, რომელშიც ნახევრად ესხა ღვინო, რათა გადაემალა, თუმცა ნ. კ–ამ დაინახა, მოასწრო ქილის აღება, მიუახლოვდა მას, მაისურის მარცხენა მხარეს მოჰკიდა ხელი და თავზე გადაასხა ღვინო. თ. ყ–მ ინსტიქტურად დაიხია უკან და დედას ხელი გააშვებინა. ამის შემდეგ, მას ნ. კ–მ ესროლა ქილა, რომელიც მოხვდა მარცხენა ხელის მაჯის არეში და იგრძნო ძლიერი ტკივილი. იგი გაერიდა ნ. კ–ს და გავიდა მეორე ოთახში, რადგან სტკიოდა ხელი, თან შეეშინდა მისთვის კიდევ არ მიეყენებინა დაზიანება. ამ დროს გაიგო, რომ ნ. კ–მ დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ შვილმა სახეში სთხლიშა ხელი და ითხოვდა პოლიციის დახმარებას. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ თ. ყ–ს გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაცია ძალადობისა და ც. კ–ს მიმართ მუქარის ფაქტებთან დაკაშირებით არ არის გამყარებული სხვა პირდაპირი მტკიცებულებით. მითუფრო, რომ დაზარალებულმა ც. კ–მ (დედამ) უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულ ც. კ–ს მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ნ. კ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

5.4. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 16 სექტემბრის ექსპერტიზის N............ დასკვნაზე, რომლის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ თ. ყ–ს განმარტებით, მას 2021 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, შელაპარაკება მოუვიდა დედასთან - ნ. კ–სთან, რომელმაც ესროლა მინის ქილა, რომელიც მოხვდა მარცხენა ხელზე და მიიღო დაზიანება. თუმცა მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ თ. ყ–ა ჩივილებს ტკივილზე არ აცხადებს. ამასთან, დასკვნით ნაწილში მითითებულია, რომ 10.09.2021წ. 11:57-12:05 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე თ. ყ–ს სხეულზე გარეგნულად შარვლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნა თ. ყ–ს მიმართ დედის მხრიდან ფიზიკური ძალადობისა და ამის შედეგად ტკივილის განცდის დასადასტურებლად არაინფორმაციულია.

5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმეების - ჯ. ჩ–სა და კ. ნ–ს ჩვენებებზე, რომლებმაც განმარტეს, რომ 2021 წლის 8 სექტემბერს მიღებული ნ. კ–ს შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდნენ ს–ს რაიონის სოფელ გ–ში. მათ ადგილზე დახვდათ ნ. კ–ა, რომელსაც ეტყობოდა, რომ იყო ალკოჰოლით მთვრალი და იქცეოდა არაადეკვატურად. სახლში ასევე იმყოფებოდა თ. ყ–ა, რომელმაც მათ უამბო, რომ ნ. კ–ა ემუქრებოდა ც. კ–ს, რომელიც იმ დროისთვის იმალებოდა სხვის მიტოვებულ სახლში, რადგან ეშინოდა. თ. ყ–ა ასევე ამბობდა, რომ მას ნ. კ–მ, ხელის არეში მოარტყა შუშის გრაფინი, რის გამოც სტკიოდა ხელი. მოწმე გ. მ–მ კი დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და შინაარსი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებები ძალადობისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან თვითონ აღნიშნულს არ შესწრებიან და გადმოსცემენ დაზარალებულ თ. ყ–ს მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც არ არის გამყარებული სხვა პირდაპირი მტკიცებულებით, მეორე დაზარალებულს - ც. კ–ს კი სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია. შესაბამისად, ამ ნაწილში მათი ჩვენებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ც. კ–ამ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.

5.8. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ შემაკავებელ ორდერებსა და მათ ოქმებზე, კერძოდ, 2021 წლის 9 სექტემბრის №....... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში მითითებულია, რომ ნ. კ–მ თ. ყ–ს ესროლა გრაფინი, რომელიც მოხვდა მარჯვენა ხელის არეში. ასევე, კისერში ხელის წაჭერით ფიზიკურად იძალადა მასზე, რითაც თ. ყ–აამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. 2021 წლის 9 სექტემბრის №...... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში კი მითითებულია, რომ ნ. კ–ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ც. კ–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ასევე, მითითებულია, რომ ც. კ–ს განმარტებით, დაახლოებით ერთი თვის წინ, მას ნ. კ–მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ურტყამდა ხელებს გვერდებში, რითაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. თუმცა აღსანიშნავია, რომ მხოლოდ შემაკავებელ ორდერებსა და მათ ოქმებში მითითებული მწირი ინფორმაცია ძალადობისა და მუქარის ფაქტების შესახებ, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, მითუფრო იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ც. კ–მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება, ხოლო დაზარალებული თ. ყ–ა საზღვარგარეთ ყოფნის გამო ვერ დაიკითხა სასამართლო სხდომაზე და მხოლოდ მისი გამოკითხვის ოქმი იქნა გამოკვლეული, არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.9. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ნ. კ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე