ას-708-1350-03 20 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
თ. კობახიძე
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2001წ. 13 აპრილს განიხილა სს “კ-ის” სარჩელი ბ. გ-ის მიმართ. მოსარჩელე უთითებდა, რომ 1996წ. 17 იანვრის საკრედიტო-საგირავნო ხელშეკრულებით მოპასუხემ ბანკიდან სესხად გაიტანა 3600 აშშ დოლარი ყოველთვიური 8%-ის სარგებლის გადახდის პირობით 12 თვის ვადით. მოპასუხემ თანხა გადაიხადა ნაწილობრივ, გადასახდელი დარჩა 3600 აშშ დოლარი და სარგებელი 13820 აშშ დოლარი, სულ 17420 აშშ დოლარი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 13 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი და მოპასუხეს დაეკისრა 17638 აშშ დოლარის გადახდა.
ბ. გ-ემ 2003წ. 5 მაისს შეიტანა საჩივარი და მოითხოვა სასამართლოს 2001წ. 13 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. სასამართლომ 2003წ. 22 მაისის განჩინებით დასაშვებად ცნო ზ. გ-ის საჩივარი და დანიშნა მისი განხილვა 18 ივნისს 13 საათზე, რის შესახებაც უწყება ზ. გ-ეს გაუგზავნა მის მიერ საჩივარში მითითებულ შემდეგ მისამართზე _ თბილისი, ..... უწყება სასამართლოს დაუბრუნდა აღნიშვნით, რომ ადრესატი არ ცხოვრობს ამ მისამართზე. სასამართლო სხდომაზე, რომელზეც არ გამოცხადდა ბ. გ-ე, გამოცხადებულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა ე. კ-ემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. კოლეგიამ 2003წ. 18 ივნისს მიიღო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. გ-ეს დაეკისრა 17638 აშშ დოლარის გადახდა.
კოლეგიამ მიუთითა, რომ სსკ-ის 71-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება პირს უნდა ჩაბარდეს მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, ხოლო ამავე კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ-ემ. კასატორი უთითებს, რომ, მართალია, ის პირადობის მოწმობის მიხედვით ირიცხება ქ. თბილისში, ......, მაგრამ იქ ერთი დღეც არ უცხოვრია, რადგან ბინაში, რომელიც კანონის სრული შესაბამისობით ჰქონდა შეძენილი მას, ბინის ყოფილი მეპატრონეები არ უშვებდნენ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მოპასუხისათვის არ იყო ცნობილი 2003წ. 18 ივნისის სხდომის თაობაზე და იქ მაცხოვრებლებსაც არაფერი უცნობებიათ მისთვის.
კასატორი მოითხოვს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 ივნისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 71-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება დასაბარებელ პირს უნდა ჩაბარდეს მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, ხოლო იმავე კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები და მათი წარმომადგენლები ვალდებულნი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
კასატორი ვერ მიუთითებს, რომ მან აცნობა სასამართლოს მისი მისამართის შეცვლის შესახებ, რომ ის მის მიერ მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობდა და ვერ მიიღებდა სასამართლოს მიერ გაგზავნილ უწყებას. შესაბამისად, სწორია საოლქო სასამართლოს კოლეგიის მითითება, რომ მოპასუხეს უწყება ჩაბარდა სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და სასამართლო უფლებამოსილი იყო მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითიითებას, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები არ ამართლებს მოთხოვნას, მის ოდენობას და, შესაბამისად, დარღვეულია საოლქო სასამართლოს მიერ სსკ-ის 230-ე მუხლის მეორე ნაწილი.
უდავოა, რომ მხარეთა შორის საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდა 1996წ. 17 იანვარს. საკასაციო სასამართლოში მოცემული საქმის განხილვისათვის, საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 წლის შემდეგ არ არის დაფარული ძირითადი თანხა და პროცენტი, რაც მოსარჩელეს აძლევს უფლებას მოითხოვოს ვალდებულების შესრულება და ამ დროის განმავლობაში გადასახდელი პროცენტის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 ივნისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.