Facebook Twitter

საქმე # 330100115001174805

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №305აპ-21 ქ. თბილისი

მ. დ. 305აპ-21 11 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ნ–ს და გ. ტ–ს და მსჯავრდებულ გ. ბ.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, გ. ბ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, და მ. გ–ს, - დაბადებულს -19.. წელს, - ბრალად დაედოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის ზაფხულში შპს „.......ს“ საწყობის თანამშრომლებმა, კერძოდ კი გამგემ - მ. გ–მ და მუშებმა: გ. ბ–მ და დ. მ–მ, რომლებსაც პარალელურად იგივე პოზიციები ეკავათ შპს „..........ის“ საწყობში, განიზრახეს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ამავე საზოგადოების კუთვნილი დიდი ოდენობით სიგარეტის მითვისება. ამ საქმეში დახმარების მიზნით, ისინი დაუკავშირდნენ შპს ,,........ის“ დისტრიბუტორებს: გ. გ–სა და ო. გ–ს, რათა მათ მიერ მართული სადისტრიბუციო მანქანების მეშვეობით მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული თამბაქო გაეტანათ საწყობის ტერიტორიიდან, რაზეც ისინი დათანხმდნენ. აღნიშნულის შემდგომ, კერძოდ 2015 წლის ივლისიდან 2015 წლის 28 სექტემბრამდე პერიოდში, მ. გ–მ, გ. ბ–მ და დ. მ–მ, გ. გ–სა და ო. გ–ს დახმარებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს შპს „..........ოს“ კუთვნილი და საწყობში სარეალიზაციოდ განთავსებული, მათ მართლზომიერ გამგებლობაში არსებული, 208 680 ლარად ღირებული სიგარეტი „VIP“ და “X1”.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის განაჩენით:

- დ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაუსწრებლად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

- გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაუსწრებლად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

- მ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაუსწრებლად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა საქმის დ. მ–სა და გ. ბ–ს მონაწილეობით განხილვას და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის განაჩენის გაუქმებას.

სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულებმა - დ. მ–მ და გ. ბ–მ აღიარეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაული, უდავოდ ცნეს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები და ადვოკატთან შეთანხმებით მოითხოვეს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის შემსუბუქება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ. ნ–მ და გ. ტ–მ და მსჯავრდებულ გ. ბ.ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ–მ.

მსჯავრდებულ დ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ. ნ–მ და გ. ტ–მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს მსჯავრდებულ დ. მ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება. ასევე, მსჯავრდებულ გ. ბ.ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ–მ მოითხოვა მსჯავრდებულ გ. ბ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.

დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებზე შესაგებელი წარმოადგინა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა დავით კაპანაძემ და მოითხოვა დ. მ–სა და გ. ბ–ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენით შეფარდებული სასჯელის ძალაში დატოვება.

7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა დ. მ–სა და გ. ბ–სათვის შეფარდებული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და ეთანხმება. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას სადავოდ არ გახადეს ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყვეს საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას) და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დ. მ–სა და გ. ბ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა(საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ზომა), რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მოთხოვნას მსჯავრდებულების მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების ნაწილში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კანონმდებელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად მიიჩნევს კუმულაციურად სამი გარემობის არსებობას, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი. იმავდროულად, კასატორების მიერ მითითებული უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს N845აპ-20 გადაწყვეტილება) არ შეესაბამება მოცემული საქმის ფაქტობრივ გარემოებებს (პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულების დასწრების გარეშე განიხილა საქმე და მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე გამოცხადნენ მსჯავრდებულები საგამოძიებო ორგანოში და აღიარეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაული).

10. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: „გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.“

11. დ. მ–ი და გ. ბ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენით მსჯავრდებულნი არიან საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“(არ ეხება ამნისტია) და „დ“(არ ეხება ამნისტია) ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“(ეხება ამნისტია) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განესაზღვრათ ერთიანი სასჯელი.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კანონის პრეამბულის თანახმად, კანონმდებელმა დანაშაულთა შემადგენლობები განსაზღვრა ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით მკაფიოდ და ამომწურავად არის განსაზღვრული იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელზეც ვრცელდება კანონის მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში დ. მ–სა და გ. ბ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები, სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მაკვალიფიცირებელ გარემოებებთან ერთად, მოიცავს იმ მაკვალიფიცირებელ გარემოებასაც, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება, რისთვისაც განაჩენით განსაზღვრული აქვთ ერთიანი სასჯელი. კერძოდ, დ. მ–სა და გ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაენიშნათ ერთიანი სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ამნისტიის აქტის მოქმედება განავრცოს და გამოიყენოს იმ დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული.

13. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ნ–ს და გ. ტ–ს და მსჯავრდებულ გ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე