Facebook Twitter

საქმე # 330100115774359

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №331აპ-20 ქ. თბილისი

გ. ვ., 331აპ-20 22 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ე-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ე-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ ვ. გ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი მოტივებით: ვ. გ-ს ქმედებაში არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, ვინაიდან სსიპ .. საინჟინრო დეპარტამენტის დებულებისა და არც სხვა რომელიმე ნორმატიული აქტის მიხედვით, მას, სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვის თვალსაზრისით, არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა.

2. საქართველოს გენერალური პროკურატურის უფროსი პროკურორი ვანო ალუღიშვილი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით ვ. გ. - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1 000 (ათასი) ლარი.

გაუქმდა ვ. გ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. გ-მ ჩაიდინა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოების უსაფრთხოების წესის დარღვევა, ე. ი. უსაფრთხოების წესის დარღვევა, სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ვ. გ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

სსიპ ... გენერალური დირექტორის 2014 წლის 13 იანვრის №.. ბრძანებით, ვ. გ. დაინიშნა ... საინჟინრო დეპარტამენტის მთავარ ინჟინრად. საინჟინრო დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტების მიხედვით, ვ. გ., როგორც მთავარი ინჟინერი, ვალდებული იყო, სამშენებლო ობიექტებზე განეხორციელებინა შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის კონტროლი და სამშენებლო ობიექტებზე საწარმოო პროცესისათვის მოთხოვნილი სამშენებლო მასალებისა და საწარმოო საშუალებების, საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი. საინჟინრო დეპარტამენტი აშენებდა სამეურნეო სასაწყობო შენობას და ავტოტექნიკის ფარეხს ... ქარხნის ტერიტორიაზე. მთავარ ინჟინერ ვ. გ-ს მითითებით, „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში „CHиП III-4-80*-ის N2.26*-ის“ მოთხოვნის დარღვევით, ელექტროშედუღებითი სამუშაოების წარმოებისათვის აიგო დაახლოებით 3,9 მეტრი სიმაღლის ხარაჩო, რომელიც არ იყო შემოღობილი. ამავდროულად არ გააკონტროლა, რომ შემოუღობავი ხარაჩოს პირობებში, სამუშაოების წარმოებისას, „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში“ „CHиП III-4-80*-ის N2.26*-ის“ და სტანდარტ „ГOCT 12.4.050-89“-ის N2.2.5-ის და N2.2.7-ის პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, სამუშაოთა მწარმოებელ პერსონალზე გაცემულიყო უსაფრთხოების ქამრები. 2014 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე, აღნიშნული ხარაჩოდან ელექტროშედუღებითი სამუშაოების მიმდინარეობისას, დაახლოებით 3,9 მეტრი სიმაღლიდან, გადმოვარდა ელექტროშემდუღებელი ს. ვ., რომელიც მუშაობდა ზემოაღნიშნული წესების დარღვევით. გადმოვარდნის შედეგად ს. ვ-მ მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, კერძოდ: ხერხემლის ტრავმა, წელის მე-2 მალის სხეულის კომპრესიული მოტეხილობა და წელის მე-5 მალის წინა კიდის მოტეხილობა, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ე-მ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ვ. გ-ს უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო სასამართლოს ვ. გ-სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხული მსჯავრდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ს. ვ-ს ჩვენებით, მოწმეების: ლ. ბ-ს, რ. მ-ს, მ. ჯ-ს, გ. ე-ს, შ. გ-ს, ი. ე-ს, რ. ლ-ს, ნ. ნ-ს და რ. დ-ს, 2014 წლის 13 იანვრის .. გენერალური დირექტორის №... ბრძანებით, სსიპ .. საინჟინრო დეპარტამენტის დებულებით, 2014 წლის 23 აგვისტოს საინჟინრო ექსპერტიზის №...დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

10. ის ფაქტი, რომ სწორედ ვ. გ-ს, როგორც სსიპ ... საინჟინრო დეპარტამენტის მთავარი ინჟინრის უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა სამშენებლო ობიექტებზე შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის კონტროლი, დადასტურებულია სსიპ ... დებულების მე-5 მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, რომლის თანახმად, მთავარი ინჟინრის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს: სამშენებლო ობიექტებზე შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის კონტროლი; სამშენებლო ობიექტების საწარმოო პროცესისათვის მოთხოვნილი სამშენებლო მასალებისა და საწარმოო საშუალებების შესაბამისობა საპროექტო დოკუმენტაციასთან. მთავარი ინჟინრის ფუნქციები ანალოგიურად განმარტა სსიპ ... საინჟინრო დეპარტამენტის იურისტმა, მოწმის სახით დაკითხულმა ლ. ბ-მ და ასევე, ამავე საწარმოს სამშენებლო-საინჟინრო დეპარტამენტის უფროსმა, მოწმე რ. მ-მ. მოწმე რ. მ-ს ჩვენებით ასევე დგინდება, რომ მათ შორის - ხარაჩოს აგებაზე უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა განეკუთვნებოდა ვ. გ-ს კომპეტენციას, ხოლო მოწმეების - ს. ვ-ს, გ. ე-ს, შ. გ-ს, ი. ე-ს, რ. ლ-ს, ნ. ნ-სა და რ. დ-ს ჩვენებებით კი დასტურდება ის ფაქტი, რომ სამშენებლო ობიექტზე ვ. გ. ხშირად მიდიოდა, რა დროსაც ხედავდა, რომ მუშაობის დროს სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები უსაფრთხოების ქამრებს არ იყენებდნენ და ასევე დასტურდება, რომ სწორედ ვ. გ-ს უშუალო მითითებით აიგო სამშენებლო ხარაჩო, რომელიც არ იყო ექსპლუატაციისათვის უსაფრთხო. თავის მხრივ, სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევა დადგენილია საინჟინრო ექსპერტიზის 2014 წლის 23 აგვისტოს №... დასკვნით, რომლითაც ირკვევა, რომ დაზარალებულისათვის უსაფრთხოების ტექნიკაში ინსტრუქტაჟი არ ჩაუტარებიათ, სამშენებლო ხარაჩო არ იყო შემოღობილი და ამასთან, დაზარალებული მუშაობდა დამცავი ქამრის გარეშე, რითაც დაირღვა „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში“ „CHиII III-80*“-ის სხვადასხვა პუნქტებითა და სტანდარტებით დადგენილი მოთხოვნები.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ე-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი