საქმე # 330100120003863107
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №332აპ-21 ქ. თბილისი
პ. ა. 332აპ-21 20 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. პ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ი-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 აპრილის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ა. პ-ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თადასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.
2. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განაჩენით ა. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 მარტის განჩინებებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განაჩენით ა. პ-ს მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა გაგრძელდა 3 თვით.
2020 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, თ-ი, ვ-ს დასახლება, კორპუსი N-, ბინა N-ში, ა. პ-მა ყოფილ მეუღლეს - ი. პ-ს, არასრულწლოვანი შვილის - ა. პ-ს თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ტკივილისგან ი. პ. წაიქცა, რის შემდეგაც ორჯერ ჩაარტყა ფეხი თავის არეში. ა. პ-ს ქმედების შედეგად ი. პ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენით ა. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ა. პ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 წლით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის და მე-3 ნაწილის საფუძველზე ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთამ 1 წლით, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. პ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლით;
მსჯავრდებულ ა. პ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 9 ივლისიდან.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განაჩენით ა. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრისა და 2020 წლის 2 მარტის განჩინებებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განაჩენით ა. პ-ს მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა გაგრძელდა 3 თვით.
2020 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, თ-ი, ვ-ს დასახლება, კორპუსი N-, ბინა N-ში, ა. პ-მ ყოფილ მეუღლეს - ი. პ-ს, არასრულწლოვანი შვილის - ა. პ-ს თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ტკივილისგან ი. პ. წაიქცა, რის შემდეგაც ორჯერ ჩაარტყა ფეხი თავის არეში. ა. პ-ს ქმედების შედეგად ი. პ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ადვოკატმა ნ. ი–მა და ითხოვა მსჯავრდებულ ა. პ-ს გამართლება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. ადვოკატმა ნ. ი-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 აპრილის განაჩენი და ითხოვა ა. პ-ს გამართლება.
კასატორის პოზიციით: დაზარალებულმა, რომელიც იყო ერთადერთი პირდაპირი მოწმე, სასამართლოს არ მისცა ჩვენება, რის გამოც ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისათვის აუცილებელი ელემენტი - ტკივილის განცდის საკითხი - დარჩა შეფასების გარეშე; იმ დაშვების პირობებშიც, რომ დაზარალებულმა განიცადა ტკივილი, ბრალდების მხარემ არ წარმოადგინა მოწმის პირდაპირი ჩვენება, რაც დაადასტურებდა ა. პ-ს მიერ დაზარალებულისათვის დაზიანებისა და ტკივილის მიყენების ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რადგან მათი ინფორმაციის წყარო არის დაზარალებული.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. გასაჩივრებული განაჩენის თანახმად, 2020 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, თ-ი, ვ-ს დასახლება, კორპუსი N-, ბინა N-ში, ა. პ-მა ყოფილ მეუღლეს - ი. პ-ს, არასრულწლოვანი შვილის - ა. პ-ს თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ტკივილისგან ი. პ. წაიქცა, რის შემდეგაც ორჯერ ჩაარტყა ფეხი თავის არეში. ა. პ-ს ქმედების შედეგად ი. პ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი(Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, ხოლო კონსტიტუციური დანაწესის თანახმად (31-ე მუხლის მე-7 პუნქტი) გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განაჩენში ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულის ქცევაზე დანაშაულის ჩადენის შემდეგ და აღნიშნავს, რომ საწყის ეტაპზე ის იყო მოტივირებული ხელი შეეწყო ობიექტური გამოძიებისათვის - თავად გააკეთა შეტყობინება მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, ნებაყოფლობით გამოიკითხა, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში, ჩაიტარა სამედიცინო შემოწმება, შემაკავებელი ორდერის შედგენისას აღწერა მის მიმართ მეუღლის ძალადობის ფაქტები, რაც სრულიად განსხვავდება მისი შემდგომი ქცევისაგან, როდესაც უარი განაცხადა სასამართლოში მეუღლის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.
5. გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიწოდებულ ინფორმაციას, ასევე, ი. ქ-ის (გამომძიებელი) და ჯ. ბ–ის (სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში ექიმის) ჩვენებებს.
6. ი. ქ-ის ჩვენების თანახმად, მან გამოკითხა დაზარალებული ი. პ. (დაადასტურა მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტი) და მანვე შეადგინა შემაკავებელი ორდერი დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
7. ჯ. ბ-მა განმარტა, რომ პაციენტს - ი. პ-ს აღენიშნებოდა თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება და იტკიებდა თავს. იგი უჩიოდა ძლიერ საერთო სისუსტეს და პირის ღრუში და ტუჩებთან აღენიშნებოდა სისხლის კვალი. დაზარალებულს გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე განაცხადა უარი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ი. პ-ს დათვალიერებით თავზე ჭრილობა და დაზიანება არ აღენიშნება; პირის ღრუში და ტუჩებზე ჰქონდა სისხლის კვალი, თუმცა დათვალიერებით - ხილული ჭრილობის გარეშე; დაზარალებულმა განუცხადა, რომ მკურნალობს სტომატოლოგთან. ამასთან, დაზარალებულმა უთხრა, რომ მეუღლემ - ა. პ-მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა თავის არეში მუშტებისა და ფეხების ჩარტყმაში.
8. სსიპ ,,112-ში“ შესული შეტყობინების თანახმად, ინიციატორმა ი. პ-მა განმარტა, რომ მეუღლე მასზე ფიზიკურად ძალადობს.
9. 2020 წლის 2 ივლისს N... სამედიცინო ბარათის თანახმად: სამედიცინო ეკიპაჟი პაციენტთან მივიდა 00:03 საათზე; ი. პ-ს გადმოცემით, ყოფილმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, თავის არეში ურტყა მუშტები და ფეხები; პაციენტი უჩივის საერთო სისუსტეს, ძლიერ თავის ტკივილს, აქვს გულისრევისა და თავბრუსხვევის შეგრძნება; დათვალიერებით თავზე ჭრილობა და დაზიანება არ აღენიშნება, თუმცა პირის ღრუში და ტუჩებზე აღენიშნება სისხლის კვალი, დათვალიერებით - ხილული ჭრილობის გარეშე, აცხადებს, რომ მკურნალობს სტომატოლოგთან.
10. 2020 წლის 2 ივლისის შემაკავებელი ორდერის თანახმად, ა. პ-ს მეუღლის ი. პ-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, აეკრძალა მასთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარება. ძალადობა განხორციელდა არასრულწლოვანი ბავშვის ა. პ-ს თანდასწრებით.
11. სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ი. პ-მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
12. სასამართლო არ ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პაციენტის სამედიცინო ბარათი და მოწმე ჯ. ბ-ის ჩვენება, ისევე როგორც, 2020 წლის 2 ივლისის შემაკავებელი ორდერი და სსიპ ,,112-ში“ განხორციელებული შეტყობინება - ემყარება დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, როგორც განხორციელებული ქმედების, ასევე, სავარაუდო დაზიანების და დაზიანების მიმყენებელი პირის ნაწილში.
13. მოწმეების - ი. ქ-ისა და ჯ. ბ-ის ჩვენებები, რომლებსაც ეფუძნება ა. პ-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან ისინი შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტს - თავის არეში რამდენჯერმე ხელისა და ფეხის დარტყმას - თავად არ შესწრებიან და ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულისგან. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა - მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52).
14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად, დაზარალებულს არ აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანების კვალი, გარდა სისხლის კვალი პირის ღრუში და ტუჩებზე, რასაც თავად დაზარალებული უკავშირებს სტომატოლოგთან მკურნალობას.
15. ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში მოითხოვს - დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური ტესტები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №746აპ-19; 674აპ-20). მოცემულ შემთხვევაში: დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე; ხოლო საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დაზარალებულის მიერ ობიექტურად ტკივილის განცდას (არც მოწმეთა ჩვენებები, არც სამედიცინო დოკუმენტაცია). სამედიცინო N... ბარათის თანახმად, ი. პ-ს არ აღენიშნებოდა ფიზიკური ზემოქმედების კვალი, ხოლო პირის ღრუში და ტუჩებზე არსებული სისხლის კვალი, მისივე განმარტებით უკავშირდებოდა სტომატოლოგთან მკურნალობას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული განმარტება დაზარალებულის მიერ გაკეთებულია სამედიცინო დახმარების მიღებისას - შემთხვევიდან მცირე ხანში, როდესაც დაზარალებული თანამშრომლობდა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებთან.
16. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დოკუმენტით - 2020 წლის 2 ივლისის სამედიცინო N... ბარათით - დასტურდება დაზარალებულის კონკრეტული ჩივილები (პაციენტი უჩივის საერთო სისუსტეს, ძლიერ თავის ტკივილს, აქვს გულისრევისა და თავბრუსხვევის შეგრძნება. დათვალიერებით - თავზე ჭრილობა და დაზიანება არ აღენიშნება, თუმცა პირის ღრუში და ტუჩებზე აღენიშნება სისხლის კვალი, დათვალიერებით - ხილული ჭრილობის გარეშე, აცხადებს, რომ მკურნალობს სტომატოლოგთან), ვინაიდან, დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დგინდება დაზარალებულის ჩივილები წარმოადგენდა თუ არა ძალადობის შედეგს, ასეთის არსებობის შემთხვევაში კი - ვინ და რა ვითარებაში იძალადა მასზე და არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება დაზიანების მიყენება ა. პ-ს მიერ.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას რათა, ერთი მხრივ, წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე და მეორე მხრივ, არ გამოიწვიოს დაზარალებულთა მეორეული ვიქტიმიზაცია და უნდობლობა არსებული სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობისადმი, არ იწვევდეს დაუსჯელობის განცდას (იხ., A. v. Croatia, no. 55164/08, § 67, ECtHR, 14/10/2010; Ž.B. v. Croatia, no. 47666/13, § 50, ECtHR, 11/07/2017; Volodina v. Russia, ECtHR, no. 41261/17, §78, ECtHR, 09/07/2019).
18. ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გადადგან ყველა გონივრული ნაბიჯი, რათა უზრუნველყონ ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებები...ოჯახში ძალადობის საქმეების განხილვა საჭიროებს განსაკუთრებულ გულისხმიერებას და ეროვნული სამართალწარმოების დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ოჯახში ძალადობის სპეციფიკური ბუნება. სახელმწიფოსთვის დაკისრებული გამოძიების ჩატარების ვალდებულება ვერ შესრულდება, თუ ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვა მხოლოდ თეორიულია (იხ., Opuz v. Turkey, no. 33401/02, §§ 145-51;168 , ECtHR, 09/09/2009; T.M. and C.M. v. the Republic of Moldova, no. 26608/11, §46, ECtHR, 28/01/2014; Talpis v. Italy, no. 41237/14, §§ 106, 129, ECtHR; 02/03/2017; Volodina v. Russia, no.41261/17, §92, ECtHR, 09/07/2019).
19. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სააპელაციო სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენში არ მსჯელობს კონკრეტულ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე, რომლებზე დაყრდნობითაც დაადგინა ა. პ-ს მიერ დანაშაულის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ჩადენა, აღნიშნული მითითებულია მხოლოდ შემაკავებელი ორდერის ოქმში. შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება ა. პ-ს მიერ ძალადობის ჩადენა, სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა. პ-ს მიერ არც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა. პ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ი-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 აპრილის განაჩენი ა. პ-ს მიმართ;
3. ა. პ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
4. გამართლებულ ა. პ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე