Facebook Twitter

საქმე # 330100120003921285

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №333აპ-21 ქ. თბილისი

ხ. ა. 333აპ-21 7 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ხ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ვ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებული ა. ხ–ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ვ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ა. ხ–ს გამართლებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენით ა. ხ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ხ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 3 ივნისიდან.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ ა. ხ–ე, თანაცხოვრების ბოლო პერიოდში და ფაქტობრივი დაშორების შემდეგ, დაახლოებით 2019 წლის შემოდგომიდან 2020 წლის 16 მაისის ჩათვლით, მეუღლეს - ს. კ–ს მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, სისტემატურად ამცირებდა მას. ქ.თ–ში, ე. ბ–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში მდებარე სახლში. აღნიშნულ ფაქტს არაერთხელ შესწრებია მათი მცირეწლოვანი შვილი - ა. ხ–ე. ა. ხ–ს ქმედებების შედეგად ს. კ–მ განიცადა ტანჯვა და მიადგა მორალური ზიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ხ–ს მიმართ დამტკიცდა დამცავი ორდერი 6 თვის ვადით. დამცავი ორდერის შესაბამისად, ა. ხ–ეს აეკრძალა: მეუღლის - ს. კ–ს სამსახურთან, საცხოვრებელ სახლსა და სხვა იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ს. კ. იმყოფება, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება.

აღნიშნულის მიუხედავად, 2020 წლის 16 მაისს, საღამოს საათებში, ა. ხ–ე მივიდა ქ.თ–ში, ე. ბ–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში მდებარე ს. კ–ს საცხოვრებელ ბინაში და მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითაც დაარღვია დამცავი ორდერით დაკისრებული მოთხოვნები. ა. ხ–ს ქმედების შედეგად ს. კ–ს მიადგა მორალური სახის ზიანი.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის ნაწილში, კერძოდ, სასჯელის შემსუბუქებას ან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო კასატორთა მოთხოვნას მსჯავრდებულ ა. ხ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ( დაზარალებული ს. კ–ს, მოწმეების ნ. კ–ს, მ. დ–ს, ლ. ხ–ს ჩვენებებით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N...... დასკვნით და ექსპერტ თ. კ–ს ჩვენებით) უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ ს. კ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით).

8. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N....... დასკვნის თანახმად, დაზარალებული ს. კ. ბრალდებულ ა. ხ–ს მხრიდან მასზე განხორციელებული ქმედებების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ. კ–მ დაადასტურა ზ/აღნიშნული დასკვნის სისწორე, კატეგორიულობა და დამატებით განმარტა, რომ გამოსაკვლევი პირის - ს. კ–ს მიმართ ჩატარებული ტესტური კვლევითა (ლუშერის ფერითი ტესტი, პროექციული მეთოდით საკვლევი ტესტი, პოსტტრავმული აშლილობის ტესტი და სიტუაციური ტესტი) და მასთან კლინიკური საუბრით გამოვლინდა, რომ მსხვერპლმა ბრალდებულის ძალადობის შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. მოწმის ჩვენებით, ჩატარებული ტესტური კვლევა არის უტყუარი და შეუძლებელია, ადამიანმა მოახერხოს მისთვის სასურველი შედეგის მიღება ექსპერტისათვის არაგულწრფელი, გაზვიადებული თუ ცრუ ინფორმაციის მიწოდების გზით. ექსპერტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულისათვის მიყენებული ფსიქოლოგიური ტანჯვის გამომწვევი არის არა სტრესული სამსახური ან სხვა ფაქტორი, არამედ - ახლო წრის კონტაქტი, როგორიცაა ყოფილი მეუღლე. მოწმის ჩვენებით, მსხვერპლი მოძალადის ქმედებით განიცდიდა პროლონგირებულ ტანჯვას, დაგროვილს სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ფონზე, რაც ასევე გრძელდებოდა გამოკვლევის მომენტისათვის.

10. სსიპ 112-ის დეპარტამენტში შესული შეტყობინების აუდიოჩანაწერების დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა 2020 წლის 17 მაისს მოქ. მ. დ–ს მიერ სატელეფონო ნომრიდან ............ განხორციელებული სატელეფონო ზარის აუდიოჩანაწერი. ზარის ინიციატორი ითხოვს საპატრულო ეკიპაჟის გაგზავნას ქ.თ–ში, ე. ბ–ს ქუჩა N.-ში, სადაც მ. დ–ს განმარტებით, ადგილი აქვს ყოფილი მეუღლის მხრიდან ქალბატონზე განხორციელებულ ოჯახურ ძალადობას. მ. დ–ის განმარტებით, „მეტს ვერ გელაპარაკებით... ვერ გესაუბრებით, ჩუმად ვარ გამოსული“ (გამომძიებელი უ. ტ.).

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, N49684/99, §30, ECtHR,

12. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ შემაკავებელი ორდერების გამოცემის მიუხედავად, ა. ხ–ე არღვევდა ორდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კვლავ აგრძელებდა ყოფილ მეუღლესთან არასასურველ კომუნიკაციას, ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც გახდა დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე დამცავი ორდერის დამტკიცების საფუძველი, თუმცა ა. ხ–მ დაარღვია დამცავი ორდერის მოთხოვნებიც. დაზარალებულის განმარტებით, ა. ხ–ს მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის, დამცირების, შეურაცხყოფების შემსწრე ხშირად იყო არასრულწლოვანი ა. ხ. და პერიოდულად ბავშვის ძიძა - ნ. კ–ც.

13. საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია ასევე კასატორების მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ ა. ხ–სათვის საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი არის უსამართლო.

14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

15. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ [..] არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის თანახმად, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში, სასჯელის სახედ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას - მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სსკ-ის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

16. ს. კ–ს და ა. ხ–ს მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობასთან დაკავშირებით ა. ხ–ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების ( N........ და N........) მიუხედავად, მსჯავრდებული აგრძელებდა ყოფილ მეუღლესთან არასასურველ კომუნიკაციას, რაც, გახდა სასამართლოს მიერ დამცავი ორდერის დამტკიცების საფუძველი. თუმცა ა. ხ–მ არ შეასრულა არც დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები.

17. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მსჯავრდებულ ა. ხ–სათვის დანიშნული სასჯელი სამართლიანია და არ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებისა და სასჯელის შემსუბუქების არანაირი საფუძველი.

18. სასამართლო ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის დაცვა, მათ შორის მშობლების მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისგან, იმისგან, რომ ბავშვი მოკლებული იყო ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ეპყრობოდნენ (კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, 1989წ., მუხლი 19). სასამართლო ასევე ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს, ხასიათს, იმ გარემოებას, რომ ოჯახში ძალადობას განსაკუთრებით მძიმე შედეგები გააჩნია ბავშვის ფსიქიკასა და ნორმალურ განვითარებაზე იმ შემთხვევაშიც, როდესაც ბავშვი მოწმე ხდება ძალადობრივი გამოვლინებებისა ოჯახში, რაც ართმევს მას უსაფრთხოების განცდას; სოციალურად ჯანმრთელ, ძალადობისაგან თავისუფალ, უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში განვითარების უფლებას.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

20. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილულ იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ გამოკვეთილა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. ხ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ვ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე