ას-721-1360-03 7 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
თ. კობახიძე
სარჩელის საგანი: პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
პ. შ-ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხე გაზეთ „ა. ...“-ისა და ტ. ქ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა გაზეთ „ა. ...“-ის 2002წ. 1-8 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში _ „პ. შ-ე სამართლის ინსტიტუტში უზნეობასა და უმეცრებას ამკვიდრებს“, გავრცელებული ცნობების უარყოფა, ბოდიშის მოხდა და მორალური ზიანის კომპენსაცია 2100 ლარის ოდენობით.
პ. შ-ე თავის მოთხოვნებს ამყარებდა შემდეგ გარემოება: ტ. ქ-ის მიერ გამოქვეყნებული ზემონახსენები სტატია მოსარჩელეს მიაჩნია მისი პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველად, პირადი ცხოვრების ხელყოფად და მიუთითებს სტატიის იმ მონაკვეთზე, სადაც ავტორი წერს:
1. „სამწუხარო ფაქტია, მაგრამ არც დამალვა შეიძლება იმისა, რომ ბათუმში არსებულ სამართლის ინსტიტუტს ჭკუამხიარული და ჩიტირეკია რექტორი ჰყავს, რომელსაც ჟურნალისტი ინფორმაციას სთხოვს და ნაცვლად იმისა, რომ დაინტერესდეს ჟურნალისტის ცნობისმოყვარეობის გამო, შეურაცხყოფას აყენებს, „აქაოდა როგორ გაბედე ჩემთან დაკავშირება“.
2. „ ... ალბათ ყველას აინტერესებს და უკვირს, როგორ გახდა რამდენიმე წლის წინ თავად სტუდენტი პ. შ-ე ინსტიტუტის რექტორი, შემდეგ კი სპეციალობით გეოგრაფმა როგორ მოახერხა დისერტაცია დაეცვა იურისპრუდენციაში და გამხდარიყო იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი? რა ხდება, მართალია ჩალითაა ეს ქვეყანა დახურული თუ იმ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, რომელსაც ფული ანათებს?“.
3. „ინსტიტუტის რექტორს ბევრი სხვა უკანონო ქმედების ჩადენის უფლებაც არა აქვს, მაგრამ პ. შ-ის პროვოკაციური და შანტაჟისტური გამოხტომების გამო, მისი დასჯისაგან ხშირ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებსაც შეუკავებიათ თავი და უპატიებიათ: იარაღის უკანონო ტარება, მასწავლებლების შეურაცხყოფა, სტუდენტების დამცირება და უპატიებიათ მხოლოდ იმის გამო, რომ ახალგაზრდა რექტორი იქნებ დაღვინდეს, დაკაცდეს და ჭკუა ისწავლოს, მაგრამ შ-ეს ამბიციები კიდევ უფრო მოეძალა _ აღარც კანონს სცემს პატივს და აღარც საზოგადოებას“.
4. „ხელმძღვანელმა (ვაი და უი ასეთ ხელმძღვანელს) იმის ნაცვლად, რომ ყველასათვის სამაგალითო იყოს, ინსტიტუტის კედლებში ცოლ-შვილი საერთოდ დაივიწყა და ცხოველური ჟინის დასაკმაყოფილებლად სტუდენტებსა და ლექტორებს დაერია“.
5. „შ-ე დროთა განმავლობაში თურმე იმდენად გათავხედდა, რომ გართობა და ორგიების გამართვა არც კი იკმარა და უკანონო შვილებიც კი მოავლინა ამ ცოდვით სავსე ქვეყანას, თუმცა გვარის მიცემა ვერ გაბედა“.
6. „მაგრამ რექტორისაგან იმისთანა გამოხტომების, შანტაჟისა და დორბლთა ფრქვევის მომსწრე გავხდით, რომ ჟურნალისტებმა გამოძიების ჩატარებას კი არა, მშვიდობიანად დავაღწიეთ ქაჯეთის ციხეს“.
7. „ვინც შ-ესა და მის ამბიციებს კარგად იცნობს, ისიც ეცოდინება, სტუდენტებთან როგორ მარიაჟობს ქარაფშუტა რექტორი, როცა „ტელეფონების სასაფლაოზე“ შეკვეთით აჟღურტულებულ ყველაზე სოლიდურ აპარატს დასწვდება და „მიპატიჟებას“ პასუხობს: „არა ი-ჩ, ახლა არა მცალია, სადილზე ვერ მოვალ, მაგრამ ვახშამზე მოვიცლი და დაგაფასებო“.
8. „ყოველივეს გათვალისწინებით, ალბათ უფლებაც არა გვაქვს საქმის კურსში არ ჩავაყენოთ, ის აბიტურიენტები და მათი მშობლები, ვინც განათლების მიღებას აღნიშნულ სასწავლებელში გეგმავს: ეს უდიდესი რისკია თითოეულისათვის, რადგან იმის გარდა, რომ ვერაფერს ისწავლით, თქვენი რეპუტაციაც შეილახება და ვერსად მოიწონებთ თავს, რომ იმ ინსტიტუტის კურსდამთავრებული ხართ, რომლის რექტორიც პ. შ-ა“.
9. „პ. შ-ეს ცა ქუდად აღარ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად. ჰგონია, რომ ეს ქვეყანა მთლიანად მისია, ვიღაცამ აჩუქა... სამწუხაროა, რომ ინსტიტუტს ასეთი ხელმძღვანელი მართავს“.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ სტატია მიზნად ისახავს, სინამდვილედ წარმოადგინოს ყალბი ინფორმაცია და შელახოს მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, ხელყოს მისი პირადი ცხოვრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, რადგანაც მიაჩნია, რომ სტატიაში მოყვანილი ცნობები ავტორისეული მოსაზრება და შეფასებაა, ყველა საკითხი ღიად არის დატოვებული. მოპასუხე მიუთითებს, რომ შეფასებათა საფუძვლიანობის მტკიცებას კანონი არ მოითხოვს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2003წ. 31 იანვრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა პ. შ-ის სარჩელი გავრცელებული ცნობების უარყოფისა და ბოდიშის მოხდის ნაწილში.
ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და მოპასუხეს დაეკისრა 600 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
მოპასუხეს დაევალა შემდეგი ცნობების უარყოფა:
1. „სამწუხარო ფაქტია, მაგრამ არც დამალვა შეიძლება იმისა, რომ ბათუმში არსებულ სამართლის ინსტიტუტს ჭკუამხიარული და ჩიტირეკია რექტორი ჰყავს“.
2. „პ. შ-ის პროვოკაციული და შანტაჟისტური გამოხტომების გამო მისი დასჯისაგან ხშირ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებსაც შეუკავებია თავი და უპატიებიათ იარაღის უკანონო ტარება, მასწავლებლების შეურაცხყოფა, სტუდენტების დამცირება“.
3. „ხელმძღვანელმა იმის ნაცვლად, რომ ყველასათვის სამაგალითო იყოს, ინსტიტუტის კედლებში ცოლ-შვილი საერთოდ დაივიწყა და ცხოველური ჟინის დასაკმაყოფილებლად სტუდენტებსა და ლექტორებს დაერია“.
4. „პ. შ-ე იმდენად გათავხედდა, რომ გართობა და ორგიების გამართვა არც კი იკმარა და უკანონო შვილებიც კი მოავლინა ამ ცოდვით სავსე ქვეყანას, თანაც გვარის მიცმა ვეღარ გაბედა“.
5. „იმისთანა შანტაჟისა და დორბლთა ფრქვევის მოწმე გავხდით“.
6. „უფლება არა გვაქვს საქმის კურსში არ ჩავაყენოთ ის აბიტურიენტები და მშობლები, ვინც განათლების მიღებას აღნიშნულ სასწავლებელში გეგმავს იმის გარდა, რომ ვერაფერს ისწავლით, თქვენი რეპუტაციაც შეილახება და ვერსად მოიწონებთ თავს, რომ იმ ინსტიტუტის კურსდამთავრებული ხართ, რომლის რექტორიც პ. შ-ა“.
პუბლიკაციის სხვა ნაწილში, რაც პ. შ-ეს თავის სარჩელში ჰქონდა აღნიშნული და რომელსაც თავისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ცნობებად მიიჩნევდა, სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
7. გამოთქმების _ „ბათუმში არსებული სამართლის ინსტიტუტს ჭკუამხიარული და ჩიტირეკია რექტორი ჰყავს“ და გამოთქმისათვის, „დორბლთა ფრქვევის მოწმენი გავხდით“, მოპასუხეებს დაევალათ მოსარჩელისათვის ბოდიშის მოხდა.
ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გაზეთს დაევალა ამ ფაქტების უარმყოფელი წერილის მომზადება 2 ნომრიდან ერთ-ერთში გაზეთის იმავე გვერდზე, რომელზედაც იყო გამოქვეყნებული 2002წ. 1-8 ნოემბრის სტატია „პ. შ-ე სამართლის ინსტიტუტში უზნეობას დაამკვიდრებს“.
პ. შ-ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეთა მიერ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე 2000 ლარის ოდენობით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
გაზეთ „ა. ...“-სა და ტ. ქ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის საკომპენსაციოდ სოლიდარულად დაეკისრათ 600 ლარის გადახდა, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის მოთხოვნილი თანხის დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ. აპელანტმა პ. შ-ემ შეგებებულ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ იქნა გაზიარებული მოპასუხისათვის სასარჩელო განცხადებაში მითითებული პირველი ციტატის სრული უარყოფა, მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 2100 ლარის დაკისრება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ გაზეთ „ა. ...“-ში ტ. ქ-ემ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „პ. შ-ე სამართლის ინსტიტუტში უზნეობასა და უმეცრებას ამკვიდრებს“.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, აგრეთვე, რომ სინამდვილეს არ შეეფერება გაზეთ „ა. ...“-ის 2002წ. 1-8 ნომრების გაზეთში გავრცელებული შემდეგი ცნობები: ბათუმის სამართლის ინსტიტუტის რექტორი პ. შ-ე უკანონოდ ატარებდა იარაღს, იარაღით ემუქრებოდა და შეურაცხყოფდა მასწავლებლებს, პ. შ-ემ გააუპატიურა თანამშრომელი და ჰყავს უკანონო შვილი, სამართლის ინსტიტუტს უკანონოდ აქვს დაკავებული ¹.... სკოლის შენობა, პ. შ-ემ შანტაჟი გამოიყენა ჟურნალისტების წინააღმდეგ.
პალატამ ზემოთ დასახელებული ფაქტები დადგენილად ცნო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: 2001წ. 10 სექტემბრის ¹113 დადგენილება პ. შ-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, ქ. ბათუმის შს სამმართველოს 2002წ. 10 დეკემბრის ¹241 წერილი სამართლის ინსტიტუტის სახელზე, 2001წ. 28 დეკემბრის აჭარის ა\რ შსს მიერ გაცემული ¹868 ნებართვა იარაღის შენახვაზე, ამავე სამინისტროს ¹117 ზედნადები იარაღის უკან დაბრუნების შესახებ.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემული დავის სამართლებრივ დარეგულირების მიზნით სსკ-ის მე-18 მუხლზე მითითება, რომლის მე-2 ნაწილის მიხედვითაც პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავს მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი ვერ დაამტკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება.
სასამართლომ აღნიშნა: აპელანტი თვითონვე აღიარებს, რომ გაზეთ „ა. ...“-ის მიერ 2002წ. 1-8 ნოემბრის ნომერში ტ. ქათამაძის სტატიაში გადაუმოწმებელი ცნობებია გავრცელებული, რასაც არა აქვს უტყუარობის პრეტენზია. საქართველოს კანონის „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ 21-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით ჟურნალისტს უფლება აქვს, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. მოცემულ შემთხვევაში ტ. ქ-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სტატიაში გავრცელებული ცნობები სხვათა ნაამბობია, ზემოთ დასახელებული კანონის 24-ე პუნქტის „ბ“ პუნქტით ჟურნალისტის მოვალეობას შეადგენს მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის უტყუარობის შემოწმება. ასევეა დარეგულირებული მოცემული საკითხი აჭარის ა/რ კანონით „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა შესახებ, რომლის მე-5 მუხლითაც დადგენილია, რომ „პრესის უმთავრესი პრინციპია სიმართლე და საზოგადოების ობიექტური ინფორმირება“, ხოლო 22-ე მუხლის „ბ“ პუნქტით კი ჟურნალისტი ვალდებულია, შეამოწმოს მიღებული ინფორმაციის უტყუარობა, რადგანაც პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სტატიაში გავრცელებული ცნობები არ შეეფერება სინამდვილეს, აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოდ და შეურაცხმყოფელად მიიჩნია პ. შ-ის პიროვნების მიმართ სტატიაში გაკეთებული შეფასებები, რომელთა უარყოფის მოვალეობაც უნდა დაეკისროს მოპასუხეებს საქართველოს კანონის „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა შესახებ“ კანონის მე-20 მუხლისა და ამავე სახელწოდების აჭარის ა/რ კანონის მე-20 მუხლის თანახმად.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ, რადგანაც სტატიაში გადმოცემულია სხვა პირთა მიერ ნაამბობი ფაქტები და სტატიის ავტორმა მხოლოდ შეფასება მისცა ამ ფაქტებს, არ უნდა დაეკისროს მოპასუხეებს მათი უარყოფა, ვინაიდან ტ. ქ-ე ვალდებული იყო, გადაემოწმებინა მიღებული ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოექვეყნებინა.
აპელანტის მოსაზრება, რომ რაკი I ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია პ. შ-ის პიროვნების, როგორც „ქარაფშუტას“, შეფასებაზე, ითვლება, რომ „ქარაფშუტობა“ არ მიაჩნიათ არც მოსარჩელესა და არც სასამართლოს პატივისა და ღირსების შემლახველი, ხოლო „ჭკუამხიარულობა“ და „ჩიტირეკიობა“ კი „ქარაფშუტას“ სინონიმს წარმოადგენს და არც ისინი უნდა ჩაითვალოს პ. შ-ის პატივისა და ღირსების შემლახველად. პალატამ არ გაიზიარა, რადგანაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ მოითხოვა მის მიმართ გამოყენებული გამონათქვამების, მათ შორის „ქარაფშუტას“ უარყოფა, ხოლო ის გარემოება, რომ სასამართლომ სარეზოლუციო ნაწილში არ იმსჯელა ამის თაობაზე, არ შეიძლება გამოდგეს იმის დასამტკიცებლად, რომ მოპასუხე ან სასამართლო „ქარაფშუტობას“ არ მიიჩნევს პ. შ-ის პატივისა და ღირსების შემლახველ ყალბ ფაქტებზე დამყარებულ შეფასებად.
პალატა დაეთანხმა აპელანტ პ. შ-ის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის I პუნქტი უნდა გაგრძელდეს ციტატის ბოლომდე, რადგან ჩათვალა, რომ მასში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პ. შ-ე ჟურნალისტებს შეურაცხყოფას აყენებს და მათთან კონტაქტს დამამცირებლად მიიჩნევს, რაც მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა I ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ უკანონო ბავშვის არსებობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ხელყოფილ იქნა პ. შ-ის პირადი ცხოვრების საიდუმლოება. I ინსტანციის სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ „ა. ...“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით მორალური ზიანი მიადგა პ. შ-ეს, რადგან მცდარი ინფორმაციის შემცველი კორესპოდენციის მიწოდებით, თუნდაც იგი მომხდარიყო წინასწარი განზრახვის გარეშე, უხეში გაუფრთხილებლობით ფაქტობრივი გარემოებების ზედაპირული შესწავლით და უმართებულო შეფასებით მოხდა პ. შ-ის პიროვნების განსაკუთრებული უპატივცემულობის გამოხატვა ანუ სახეზეა პირდაპირი კავშირი დამდგარი შედეგებსა და ქმედებას შორის.
რაც შეეხება მორალური ზიანის ნაწილში თანხის გაზრდას 2100 ლარამდე, პალატა არ დაეთანხმა, რადგან ჩათვალა, რომ I ინსტანციის სასამართლომ გონივრულად განსაზღვრა პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელებით გამოწვეული ზიანის ოდენობა და მისი გაზრდის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
პალატამ ასევე ჩათვალა, რომ გადაწყვეტილებიდან უნდა ამოირიცხოს ის ნაწილი, რომელიც ავალდებულებს მოპასუხე მხარეს ბოდიშის მოხდას გავრცელებული ინფორმაციისათვის, რადგან არც სამოქალაქო კოდექსი, არც საქართველოსა და აჭარის ა/რ კანონები „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა შესახებ“ ასეთს არ ითვალისწინებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ 2003წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ა. ...“, ტ. ქ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ, ხოლო პ. შ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შეიცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის I პუნქტი და იგი გაგრძელდა შემდეგნაირად: „რომელსაც ჟურნალისტი ინფორმაციას სთხოვს და ნაცვლად იმისა, რომ დაინტერესდეს ჟურნალისტის ცნობისმოყვარეობის წადილის გამო, შეურაცხყოფას აყენებს, აქაოდა _ როგორ გაბედეთ ჩემთან დაკავშირებაო“.
ამოირიცხა სარეზოლუციო ნაწილიდან შემდეგი ფრაზა:
„გამოთქმებისათვის _ ბათუმში არსებულ სამართლის ინსტიტუტს ჭკუამხიარული და ჩიტირეკია რექტორი ყავს“ და „დორბლთა ფრქვევის მოწმენი გავხდით“ _ მოპასუხეებს დაევალათ მოსარჩელისათვის ბოდიშის მოხდა.
აპელანტ პ. შ-ეს უარი ეთქვა 600 ლარის ნაცვლად 2100 ლარის მორალური ზიანის სახით მოპასუხეებზე დაკისრებაზე.
აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გაზეთ „ა. ...“-ს წარმომადგენელმა და ტ. ქ-ემ, რომლებიც მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. სასამართლომ ვერ განასხვავა ერთმანეთისაგან ფაქტები და შეფასებები.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ასევე უსაფუძვლოდ უთხრა უარი მოწმეთა დაკითხვაზე და არასწორად განმარტა სკ-ის მე-18 მუხლი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული.
კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ ვერ გამიჯნა ცნობები მოსაზრებებისაგან, გავრცელებული გამონათქვამები მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტის შეფასებებია.
„ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილად, რეალურად მომხდარი ან არსებული გარემოებები, ან საგნები.
„აზრის“ ცნების ქვეშ იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც შედგება განსჯის, დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისაგან და რომლის მართებულობა თუ მცდარობა მთლიანად პირად წარმოდგენებზეა დამოკიდებული. აზრი შეიცავს არა მარტო შეფასებით, არამედ, აგრეთვე, ფაქტობრივ ელემენტებსაც, ამიტომ გამონათქვამებში თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა ფაქტებს, ფაქტები კი აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მას. თუ მოსაზრება შეიცავს მტკიცებას პირის მიერ კანონის ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ, ეს შეიძლება გახდეს სკ-ის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობის საგანი.
გავრცელებული ინფორმაციიდან ცალკეული გამონათქვამების გამოყოფა და ამ გამონათქვამების უარყოფა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამონათქვამი შეიცავს პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობებს. ცნობები უნდა ექვემდებარებოდეს მტკიცებას.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო და სამოტივაციო ნაწილში აღნიშნა, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება გაზეთში გავრცელებული ცნობები იმის თაობაზე, რომ ბათუმის სამართლის ინსტიტუტის რექტორი უკანონოდ ატარებდა იარაღს, გააუპატიურა თანამშრომელი, ჰყავს უკანონო შვილი და სხვა, ხოლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მოპასუხეს დაავალა ცალკეული გამონათქვამების უარყოფა ისე, რომ არ იმსჯელა შეიცავს თუ არა გამონათქვამები პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობებს.
საკასაციო პალატა თვლის, როს ისეთი გამონათქვამების, როგორიცაა: „სამართლის ინსტიტუტს ჭკუამხიარული და ჩიტირეკია რექტორი ჰყავს“, „იმისთანა შანტაჟისა და დორბლთა ფრქვევის მოწმე გავხდით“ და სხვა, მათი ცალკე გამოყოფა გაუმართლებელია, რადგან ისინი არ შეიაცავენ რაიმე ისეთ ცნობებს, რაც მტკიცებას ექვემდებარება. ამასთან, აღნიშნული გამონათქვამების უარყოფით (არ შეესაბამება სინამდვილეს, რომ „სამართლის ინსტიტუტს ჭკუამხიარული და ჩიტირეკია რექტორი ჰყავს“ ან არ შეესაბამება სინამდვილეს, რომ „იმისთანა შანტაჟისა და დორბლთა ფრქვევის მოწმე გავხდით“ და სხვ) პ. შ-ის მორალური დაკმაყოფილების ფუნქცია ვერ იქნება შესრულებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ გაზეთ „ა. ...“-ში“ გამოქვეყნებული სტატია უნდა განიხილოს მთლიანობაში, ხოლო ცალკეული ნაწილების გამოყოფისას შეფასება მისცეს, შეიცავენ თუ არა ცალკეული ნაწილები პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობებს და ეს ცნობები ექვემდებარება თუ არა მტკიცებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაზეთ „ა. ...“-ს“ წარმომადგენლების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 23 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.