Facebook Twitter

საქმე # 080100118002537199

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №341აპ-21 ქ. თბილისი

ხ–ი გ. 341აპ-21 13 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის - დათო ცირეკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: გ. ხ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ქრთამის მიცემას, კერძოდ, მოხელისათვის პირდაპირ ფულის შეთავაზებას, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს უკანონო ქმედება;

- საქართველოს სსკ-ის 19,3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიერ აკრძალული საგნის შეძენის მცდელობას.

2. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 23 ნოემბერს, ქ. ქ–ში, ხ–ს ქუჩა №...-ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის №.. დაწესებულების ,,..“ კორპუსის №... საკანში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა გ. ხ–მ, იმავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორ დ. ლ–ს, ქრთამის სახით გარკვეული ოდენობის ფულის მიცემის სანაცვლოდ, შესთავაზა უკანონო ქმედების ჩადენა, კერძოდ, დაწესებულებაში აკრძალული საგნების - ნარკოტიკული საშუალებისა და მობილური ტელეფონის ფარულად შეტანა და მისთვის გადაცემა. ამ მიზნით, 2017 წლის 7 დეკემბერს, ქ. ქ–ში, მ–ს ქუჩაზე, დ. ლ–ს გ. ხ–ს მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, ამ უკანასკნელის დამ - მ. ხ–მ გადასცა დაწესებულებაში შესატანად გამზადებული და შესაბამისი ფორმით შენიღბული აკრძალული საგნები - ერთ წყვილ სპორტულ ფეხსაცმელში, ე.წ. ბოტასის ძირებში, კუსტარულად ჩამაგრებული ორი ცალი მობილური ტელეფონი, ოთხი ცალი სიმბარათი, სამუხტი მოწყობილობები და სადენები, ასევე, 0,521 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, რომელთაგან 2018 წლის 28 იანვარს, იმავე დაწესებულების ,,..“ კორპუსის პირველ სართულზე არსებულ სამედიცინო ოთახში დ. ლ–მ გ. ხ–ს გადასცა აღნიშნული სპორტული ფეხსაცმელი მასში მოთავსებული აკრძალული საგნებით, თუმცა მათი შეძენა ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, ვინაიდან ისინი სრულად ამოიღეს გ. ხ–საგან.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენით გ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 19,3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

საქართველოს სსკ-ის 19,3782-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა საქართველოს სსკ-ის 19,3782-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით და დანაშაულთა ერთობლიობით გ. ხ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის განაჩენით საბოლოოდ დანიშნული მოუხდელი სასჯელიდან ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ხ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვით;

გ. ხ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 27 სექტემბრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ხ–ს ადვოკატმა ა. მ–მ და ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში, მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილების შეტანა.

5. ადვოკატის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა დავით შვანგირაძემ და მოითხოვა გ. ხ–ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვება, რადგან მითითებული განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ხ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. მ–ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

გ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 19,3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

საქართველოს სსკ-ის 19, 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა საქართველოს სსკ-ის 19,3782-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით და დანაშაულთა ერთობლიობით გ. ხ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის განაჩენით საბოლოოდ დანიშნული მოუხდელი სასჯელიდან ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ხ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;

გ. ხ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 27 სექტემბრიდან.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა დათო ცირეკიძემ. კასატორი საჩივრით ითხოვს საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 19, 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული მინიმალური სასჯელის ნაცვლად უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ასევე - განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა მთლიანად შეკრების პრინციპის გამოყენებას და საბოლოოდ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

8. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

9. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრის ფარგლებში, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ, ხოლო ბრალდების მხარემ შესაგებლით მოითხოვა გ. ხ–ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარის პოზიციით, მითითებული განაჩენი იყო კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ ბრალდების მხარეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნის შესაბამისი პოზიცია ჰქონდა ქვედა ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ დააკმაყოფილებს ბრალდების მხარის მოთხოვნას - ცვლილება შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განაჩენის სასჯელის ნაწილში და გ. ხ–ს საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 19, 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულთა ერთობლიობით მინიმალური სასჯელის ნაცვლად განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი. მითითებული მუხლების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი ბრალდების მხარეს სააპელაციო სასამართლოში არ გაუსაჩივრებია, საპირისპიროდ, შესაგებლის თანახმად - მიიჩნია კანონიერად და სამართლიანად.

11. საკასაციო სასამართლო ასევე მოკლებულია შესაძლებლობას, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას გამოიყენოს დანიშნული სასჯელების მთლიანად შეკრების პრინციპი და ამ მხრივ გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, რადგან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენით ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის განაჩენით საბოლოოდ დანიშნული სასჯელის მოუხდელი სასჯელიდან მხოლოდ ნაწილი, რაც ბრალდების მხარეს ასევე არ გაუსაჩივრებია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

12. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოა გადაწყვეტილებას - მსჯავრდებულ გ. ხ–ს ადვოკატ ა. მ–ს სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საკითხს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ გ. ხ–ს განაჩენთა ერთობლიობით განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).

13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

15. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

16. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის - დათო ცირეკიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე