Facebook Twitter

საქმე # 140100120004001761

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №343აპ-21 ქ. თბილისი

ც. ა. 343აპ-21 22 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ზურაბაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. ც-ს ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ა. ც-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 1 სექტემბერს, დაახლოებით 11 საათზე, .. მდებარე, თავის საცხოვრებელ სახლში მყოფ ნ. დ-ს დაურეკა ყოფილმა მეუღლემ - ა. ც-მ და მასსა და მის მშობელს - ნ. დ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით ა. ც. - დაბადებული .. წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა ა. ც-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

ნივთიერი მტკიცებულება - ელექტრონული დისკი შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ზურაბაშვილმა. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ა. ც-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ზურაბაშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, გამართლებულ ა. ც-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგი საფუძვლებით: პროკურორი არ ეთანხმება პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ გამოძიება წარიმართა ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის დარღვევით, ვინაიდან ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან დანაშაული ჩადენილია სატელეფონო კომუნიკაციის გამოყენებით და, მართალია, დანაშაულის ამსრულებელი პირი იმყოფებოდა დაბა ასპინძაში და ქმედებაც - ვერბალური მეტყველება ხდებოდა იქვე, მაგრამ დანაშაული მაინც გორის რაიონში ჩადენილად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან ამსრულებლის საუბარი დაზარალებულმა აღიქვა და დააფიქსირა თავის საცხოვრებელ ადგილას - გორის რაიონში.

6. გამართლებული ა. ც. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო. გ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვენ პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვებას, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. დაცვის მხარე იზიარებს სასამართლოების შეფასებას, რომ დარღვეულია ტერიტორიული ქვემდებარეობის პრინციპი. რაც შეეხება ა. ც-ს ბრალეულობის საკითხს, მართალია, გამართლებული აღნიშნავს სატელეფონო საუბრისას მისი მხრიდან დამუქრების ფაქტს, მაგრამ უარყოფს მუქარის რეალურად განხორციელების სურვილს, ამასთან, მიაჩნია, რომ დაზარალებულებს მუქარა რეალურად არ აღუქვამთ და მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში არ გასჩენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ზურაბაშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ არ იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მოცემულ საქმეზე დარღვეულია ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის პრინციპი და, ამდენად, მტკიცებულებები მოპოვებულია და ბრალდების შესახებ დადგენილება გამოტანილია არაუფლებამოსილი პირების, შესაბამისად - გამომძიებლისა და პროკურორის მიერ.

3. სააპელაციო პალატა აღნიშნული პოზიციის დასადასტურებლად აპელირებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პროკურორი უფლებამოსილია: „საგამოძიებო ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაავალოს ამა თუ იმ სამართალდამცავ ორგანოს ან გამომძიებელს...; საქართველოს გენერალურ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს“. ასევე აპელირებს საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს N3 ბრძანების მე-12 პუნქტზე, რომლის მიხედვით: „გამოძიებას აწარმოებს გამომძიებელი, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება ტერიტორიაზე, სადაც ჩადენილ იქნა დანაშაულებრივი ქმედება“ და ამავე ბრძანების მე-14 პუნქტზე, რომლის შესაბამისად: „თუ გამომძიებელი დაადგენს, რომ საქმე არ განეკუთვნება მის საგამოძიებო ქვემდებარეობას, იგი ვალდებულია ჩაატაროს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებანი და საქმე გადასცეს პროკურორს საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით წარმართვისათვის“.

4. სააპელაციო პალატა განაჩენში აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის (ბრლადების შესახებ დადგენილებაში უნდა იყოს აღნიშნული ბრალდების ფორმულირება - ინკრიმინირებული ქმდების აღწერა, მისი ჩადენის ადგილი, დრო, ხერხი, საშუალება, იარაღი, ქმედებით გამოწვეული შედეგი) მოთხოვნის მიუხედავად, ა. ც-ს ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ არის მითითებული მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ადგილი, მაგრამ დაცვის მხარის განმარტებითა და საქმის მასალებით, კერძოდ: დანაშაულის შეტყობინების ოქმით, დაზარალებულების - ნ. დ-სა და ნ. დ-ს გამოკითხვის ოქმებით, ა. ც-ს გამოკითხვის ოქმითა და ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ა. ც-მ ინკრიმინირებული ქმედება - მუქარა ჩაიდინა დაბა ასპინძაში, თავის საცხოვრებელ სახლში, ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სრულად წარმართეს და მტკიცებულებები მოიპოვეს შსს გორის რაიონული სამმართველოს 1-ლი განყოფილების გამომძიებლებმა, რომელთა იურისდიქციაც არ ვრცელდება დაბა ასპინძის ტერიტორიაზე. ვინაიდან საქმის მასალებში საქმის ქვემდებარეობით გადაცემის შესახებ პროკურორის შესაბამისი დადგენილება არ მოიპოვება, სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, დადგენილად მიიჩნია, რომ გამოძიება სრულად წარმართა და მტკიცებულებები მოიპოვა არაუფლებამოსილმა საგამოძიებო ორგანომ, ხოლო ა. ც-ს ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა არაუფლებამოსილმა პროკურორმა.

5. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სასამართლოს შეფასებას, რომ დარღვეულია ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისათვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

7. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება, რაც შესაძლოა, დაირღვეს მაშინ, როდესაც პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება ძალადობრივი ქმედების ჩადენით და მუქარა ისეთი ფორმით არის გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს უჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ობიექტური მხრივ, აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს მატერიალურ დანაშაულს, ვინაიდან აუცილებელია გამოკვეთილი იყოს მოქმედება (მუქარა) და მისგან გამოწვეული შედეგი (შიში). ამასთან, შიში უნდა იყოს საფუძვლიანი, რაზედაც კანონმდებელი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს. შიშის ფაქტორის შეფასებისას კი გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმები და დადგინდეს - ჩათვლიდა თუ არა ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი ასეთ მუქარას ამ ვითარებაში რეალურად. ამასთან, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს დამნაშავის მიზანს, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული მუქარის რეალიზაცია, რადგან პირს შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად, თუნდაც სამომავლოდ, მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს მუქარის ადრესატის მხოლოდ დაშინება, მაგრამ მთავარია, რომ დაზარალებულმა მუქარა აღიქვას რეალურად, რაც უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას.

8. მითითებული დანაშაუალის ხასიათიდან გამომდინარე, მუქარა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს ერთი რეგიონიდან სხვა რეგიონში, ერთი ქალაქიდან სხვა ქალაქში და ასე შემდეგ, კომუნიკაციის სხვადასხვა - სატელეფონო, სოციალური ქსელისა თუ სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შესაძლებელია, მუქარის ადრესატმა საერთოდ არც კი იცოდეს და ხშირ შემთხვევაში არც იცის, თუ კონკრეტულად საიდან უკავშირდება მას მუქარის განმახორციელებელი პირი, მაგრამ ეს ფაქტი არ გამორიცხავს დაზარალებულისათვის მუქარის რეალობის აღქმისა და საფუძვლიანი შიშის განცდის შესაძლებლობას. იმისათვის, რომ შეფასდეს საფუძვლიანი შიშის რეალურობა, გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს დაზარალებულის ჩვენება, კერძოდ, თუ როგორ აღიქვა მან მუქარის შინაარსი და გაუჩნდა თუ არა მისი განხორცეიელების საფუძვლიანი შიში.

9. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული დანაშაულის ხასიათის სპეციფიკის გათვალისწინებით, ვინაიდან მისი ჩადენა შესაძლებელია დისტანციურადაც და, ამასთან, იგი შედეგიანი დანაშაულია, ხოლო მისი შემადგენლობის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს - მუქარის რეალურობის აღქმა და საფუძვლიანი შიშის განცდა, რომლის გარეშეც ქმედება ვერ ჩაითვლება დანაშაულად, მუქარის ჩადენის ადგილად მიჩნეულ უნდა იქნეს არა მხოლოდ ის ადგილი, სადაც დამნაშავემ გამოამჟღავნა დანაშაულებრივი ნება და სადაც წარმოთქვა მუქარის შემცველი განცხადება, არამედ - დანაშაულებრივი შედეგის დადგომის ადგილიც, ესე იგი ადგილი, სადაც ეს მუქარა მისი ადრესატისათვის გახდა აღქმადი და მას გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

10. წარმოდგენილი საქმის მასალებით საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა. ც-მ თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონით ასპინძის რაიონის დაბა ასპინძიდან დაურეკა დაზარალებულ ნ. დ-ს, რომელიც იმყოფებოდა გორის რაიონის სოფელ .. . ამდენად, ამ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის ადგილად უნდა მივიჩნიოთ როგორც - ასპინძის რაიონის დაბა ასპინძა, ანუ ის ადგილი, საიდანაც ა. ც-მ თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონიდან დაურეკა დაზარალებულს და სადაც წარმოთქვა მუქარის შემცველი განცხადება, ასევე - დანაშაულებრივი შედეგის დადგომის ადგილიც, ესე იგი ადგილი, სადაც ეს მუქარა დაზარალებულისათვის გახდა აღქმადი და მას გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, ამ შემთხვევაში - გორის რაიონის სოფელი .., ხოლო ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას წარმართავდა შსს გორის რაიონული სამმართველო და ა. ც-ს ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე გამოძიება ჩატარებულია და მტკიცებულებები მოპოვებულია უფლებამოსილი საგამოძიებო ორგანოს, ხოლო ბრალდების შესახებ დადგენილება გამოტანილია უფლებამოსილი პროკურორის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს N3 ბრძანების მე-12 და მე-14 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.

11. ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებული მოტივებით არ არსებობს ა. ც-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

12. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე მხარეთა მიერ მიჩნეულია უდავო მტკიცებულებებად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ა. ც-მ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, კერძოდ:

13. დაზარალებულ ნ. დ-ს გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2020 წლის 31 აგვისტოს იგი სტუმრად იმყოფებოდა გორის რაიონის სოფელ.. , დედამისის - ნ. დ-ს სახლში. მეორე დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე, თავის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე დაურეკა ყოფილმა მეუღლემ - ა. ც-მ, რომელიც ესაუბრებოდა ძალიან აგრესიულად, მისგან მოითხოვდა, რომ თავი დაენებებინა სამსახურისათვის და სურდა შერიგება. ამ დროს დაზარალებულმა ტელეფონი ჩართო ხმამაღალი საუბრის რეჟიმში, რის გამოც მასა და მის ყოფილ მეუღლეს შორის მიმდინარე საუბარი ესმოდა დედამისს - ნ. დ-საც, რომელიც სატელეფონო საუბრის დროს მის გვერდით იდგა. ა. ც. მეუღლეების დაშორების მიზეზად ნ. დ-ს მიიჩნევდა, რაზეც ნ. დ-მ განუცხადა, რომ იგი არაფერ შუაში იყო. ამის გამო ა. ც. გახდა უფრო აგრესიული, ორივეს დაუწყო გინება, რის გამოც დაზარალებულმა მეორე მობილური ტელეფონის მეშვეობით ჩაიწერა სატელეფონო საუბარი. ა. ც. ნ. დ-ს ემუქრებოდა, რომ ის აუცილებლად ჩავიდოდა სოფელ .., მოკლავდა და დანით ყელს გამოსჭრიდა როგორც ყოფილ მეუღლეს, ასევე - დედამისსაც. ეუბნებოდა, რომ ციხეს აქვს ორი კარი, გამოვიდოდა და მოკლავდა. ნ. დ-მ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების რეალური შიში, რადგან მისი მეუღლე არის ყოფილი სამხედრო, ასევე - აგრესიული და არაადეკვატური, რომელსაც მართლა შეეძლო ჩასულიყო სოფელ .. და მოეკლა ორივე მათგანი. აღნიშნულის შემდეგ ნ. დ-მ დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება.

14. საქმის ფაქტობრივი გარემოებები გამოკითხვის ოქმში ანალოგიურად გადმოსცა დაზარალებულმა ნ. დ-მაც.

15. გამომძიებელ ს. ვ-ს გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2020 წლის 1 სექტემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას შსს გორის რაიონულ სამმართველოში, სადაც იმავე დღეს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. როგორც მისთვის გახდა ცნობილი, მუქარის ავტორი იყო დაბა ასპინძაში მცხოვრები პირი ა. ც., რომელიც დაემუქრა თავის მეუღლეს, გორის რაიონის სოფელ .., დედასთან სტუმრად მყოფ ნ. დ-ს. აღნიშნულ ფაქტზე რეაგირების მიზნით, ს. ვ., თავის თანამშრომლებთან, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლებთან - გ. ს-სა და ბ. დ-სთან ერთად, გაემართა ა. ც-ს საცხოვრებელ მისამართზე, მდებარე დაბა ასპინძაში, ... სადაც იგი დააკავეს ბრალდებულის სახით. დაკავებულს რაიმე წინააღმდეგობა არ გაუწევია, მას განუმარტეს მისი უფლებები და გააცნეს დაკავების ოქმი.

16. დანაშაულის შესახებ 112-ში განხორციელებული 2020 წლის 1 სექტემბრის შეტყობინების ოქმით დგინდება, რომ ნ. დ-ს ტელეფონით აწუხებს ყოფილი მეუღლე, რომლის მიმართაც გამოწერილია სამი შემაკავებელი ორდერი. იგი ასევე მოკვლით ემუქრება ნ. დ-ს დედას. ინიციატორი ელოდება პოლიციის მისვლას.

17. ნ. დ-ს განცხადებით დგინდება, რომ მან გამოძიებას საქმეზე დასართავად წარუდგინა მასა და მის ყოფილ მეუღლეს - ა. ც-ს შორის გამართული სატელეფონო საუბრის ვიდეოჩანაწერი და ასევე - მის მობილურ ტელეფონზე განხროციელებული ზარების ამონაბეჭდი.

18. გამომძიებელ ე. გ-ს მიერ ჩატარებული, 2020 წლის 1 სექტემბრის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ მან დაათვალიერა ნ. დ-ს მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც, ნ. დ-ს განმარტებით, ასახულია მასა და მის ყოფილ მეუღლეს - ა. ც-ს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი. ასევე დათვალიერდა ნ. დ-ს მიერ წარმოდგენილი, მის მობილურ ტელეფონში შემავალი და გამავალი ზარების ამონაბეჭდი.

19. ა. ც-ს დაკავების ოქმით დგინდება, რომ იგი ბრალდებულის სახით დააკავეს 2020 წლის 1 სექტემბერს .. მიმდებარე ტერიტორიაზე.

20. 2019 წლის 11 ოქტომბერს, 2020 წლის 2 მარტსა და 2020 წლის 1 სექტემბერს ა. ც-ს მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერები.

21. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის განაჩენით, რომელშიც ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ივნისის განაჩენით, ა. ც. ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

22. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულების - ნ. დ-სა და ნ. დ-ს გამოკითხვის ოქმებზე, რომელთა მიხედვით, ა. ც. ნ. დ-ს ემუქრებოდა, რომ ის აუცილებლად ჩავიდოდა სოფელ .., მოკლავდა და დანით ყელს გამოსჭრიდა ორივეს. ამბობდა, რომ ციხეს აქვს ორი კარი, გამოვიდოდა და მოკლავდა მათ. დაზარალებულები ერთმნიშვნელოვნად უთითებენ, რომ ა. ც-ს მუქარამ მათში გამოიწვია საფუძვლიანი შიში. მათი განმარტებით, მუქარა იყო რეალური, ვინაიდან ა. ც. არის ყოფილი სამხედრო. მას ახასიათებს აგრესიული, არაადეკვატური ქცევა, რის გამოც მართლაც შეეძლო სოფელ .. ჩასვლა და ორივე დაზარალებულის მოკვლა. გარდა ამისა, მუქარის რეალურობასა და საფუძვლიანობაზე ასევე დამატებით მეტყველებს დაზარალებულ ნ. დ-ს მიერ 112-ში შესული შეტყობინება, რომლითაც ირკვევა, რომ მან იმავე დღეს, 2020 წლის 1 სექტემბერს, დარეკა 112-ში და შეატყობინა მომხდარი ფაქტის შესახებ, რომ ტელეფონით „აწუხებს“ ყოფილი მეუღლე, რომლის მიმართაც გამოწერილია სამი შემაკავებელი ორდერი, იგი ასევე მოკვლით ემუქრება ნ. დ-ს დედას. დაზარალებული ელოდება პოლიციის მისვლას. მუქარის საფუძვლიანობას ადასტურებს ასევე ა. ც-ს მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერები, რომელთა თანახმად, მას არაერთხელ აეკრძალა ნ. დ-თან მიახლოება და კომუნიკაცია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რის გამოც იგი გასამართლებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ყოველივე აღნიშნული კი ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ მუქარა იყო რეალური და საფუძვლიანი და, შესაბამისად, ა. ც-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

23. რაც შეეხება ა. ც-ს მიმართ გამოსაყენებელი სასჯელის სახესა და ზომას:

24. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

25. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

26. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ა. ც-ს პიროვნების ინდივიდუალურ მახასიათებლებს, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ: მან აღიარა ჩადენილი დანაშაული და უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებებს, იგი წარსულში ნასამართლევია განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, რის გამოც მის ქმედებაში გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი და, ამასთან, ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში; ა. ც-ს მიმართ წარსულში არაერთხელ გამოიცა შემაკავებელი ორდერი და აგრეთვე, ნასამართლევია შემაკავებელი ორდერით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, რაც მიუთითებს მის მიდრეკილებაზე ძალადობისა და ანტისოციალური ქცევისაკენ და პიროვნულად უარყოფითად ახასიათებს.

27. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ც-ს მიმართ, გამოყენებულ უნდა იქნეს მსჯავრად შერაცხული ქმედების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე, თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესის მხედველობაში მიღებით, სასჯელის ზომად უნდა შეეფარდოს - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მან ჩაიდინა განზრახ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომლის ჩადენაც აღიარა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ცნო, წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, საკასაციო სასამართლოს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ შეფარდებული სასჯელის პირობითად ჩათვლა. გარდა ამისა, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, უნდა გაუქმდეს ა. ც-ს მიმართ წინა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ც-ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი. გარდა ამისა, მასვე უნდა დაეკისროს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობები, კერძოდ: დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი და გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენი უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ზურაბაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენი გაუქმდეს;

3. ა. ც. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111 ,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ა. ც-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი;

4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს წინა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ც-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი;

5. ა. ც-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 1 სექტემბრიდან 2020 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით.

6. ა. ც-ს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე დაეკისროს შემდეგი მოვალეობები: გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი და გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

7. ნივთიერი მტკიცებულება - ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი