Facebook Twitter

საქმე # 330100119003047396

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №354აპ-21 ქ. თბილისი

ქ. რ. 354აპ-21 18 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: რ. ქ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - სპორტულ-სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას.

- საქართველოს სსკ-ის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ყაჩაღობის მომზადებას, ე.ი. სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით დაგეგმილი თავდასხმის მომზადებას, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად.

2. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

- რ. ქ–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა: სპორტულ-სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი N.... პისტოლეტი, 5.6 მმ კალიბრიანი შაშხანა; სპორტულ-სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა - 100 ცალი 5.6 მმ კალიბრიანი რგოლური აალებადი ვაზნა; ცეცხლსასროლი იარაღი - N.... პისტოლეტი, ქარხნული წესით დამზადებული „P.BERETTA-M34“ მოდელის, 380 (9 მმ) კალიბრიანი; საბრძოლო მასალა - 6 ცალი 380 (9 მმ) კალიბრიანი ვაზნა, რასაც 2019 წლის 3 მაისს მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში - თ–ში, მ–ს ქუჩის N..-ში.

- 2019 წლის აპრილ-მაისში რ. ქ–მ მოამზადა თ–ში, ჯ–ს ქუჩის N..-ში მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის - შპს „....ს“ ყაჩაღობა. დანაშაულებრივი ქმედების განსახორციელებლად დაუკავშირდა ლ. მ–ს და გაანდო სამოქმედო გეგმა. დანაშაულის ჩასადენად მოიძია სხვადასხვა ნივთი, კერძოდ: დანა, ნიღაბი, ხელთათმანი და ე.წ. ხამუთები. 2019 წლის 3 მაისს რ. ქ–მ განიზრახა, ლ. მ–სთან ერთად, სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, თავს დასხმოდა თ–ში, ჯ–ს ქუჩის N..-ში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტ შპს „...ს“, რა დროსაც მოლარეზე დანის გამოყენების მუქარით ის და ლ. მ. შეაღწევდნენ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში და დაეუფლებოდნენ შპს „....ს“ კუთვნილ ფულად თანხას და მატერიალურ სიკეთეს.

2019 წლის 3 მაისს, 08:26 საათზე, როდესაც რ. ქ–ა იმყოფებოდა თ–ში, ჯ–ს ქუჩაზე, შპს „....ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დანაშაულებრივი განზრახვის განხორციელების მომზადების ეტაპზე, მისი დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოსა და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განაჩენით რ. ქ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

რ. ქ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 6 წლით - შთანთქა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. ქ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

მსჯავრდებულ რ. ქ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 3 მაისიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ რ. ქ–ს ადვოკატი ე. გ–ა საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განაჩენის გაუქმებასა და რ. ქ–ს გამართლებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ რ. ქ–ს ადვოკატი ე. გ–ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის განაჩენის გაუქმებასა და რ. ქ–ს გამართლებას.

7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრის ფარგლებში. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს რ. ქ–ს გამართლებას, იმ მოტივით, რომ პირადი ჩხრეკისას მის პირად ნივთებთან (ხელთათმანები, ქუდი (კეპი) და დანა) ერთად ამოღებული ხამუთები და ნიღაბი პოლიციელებმა ჩაუდეს. დაცვის მხარის მტკიცებით, შესაძლებელია, რომ მისი ნივთიდან გადავიდა ბიოლოგიური მასალა ერთ-ერთ ხამუთზე, რომელზეც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღმოჩნდა რ. ქ–ს გენეტიკური პროფილი.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა მათ შორის იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც რ. ქ–ს მსჯავრდება განაპირობა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ადვოკატის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ რ. ქ–ს მიმართ გამოტანილი

გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება მხოლოდ პირადი ჩხრეკის ოქმს, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნასა და მსჯავრდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ხამუთზე აღმოჩენილ ბიოლოგიურ მასალას. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით: მოწმეების ჩვენებებით, მათ შორის - ლ. მ–ს ჩვენებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებითი სტანდარტით დასტურდება რ. ქ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

12. მსჯავრდებულის გენეტიკური პროფილის, ბიოლოგიური კვალის არარსებობა შემთხვევის ადგილზე ან დანაშაულის საგანზე a priori არ ნიშნავს ამ პირის უდანაშაულობას (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი №262აპ-17, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №190აპ-20; №658აპ-20 ). შესაბამისად, მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ბრალდებულის გენეტიკური პროფილის აღმოუჩენლობა ნივთზე ადასტურებს მის უდანაშაულობას, დაუსაბუთებელია.

13. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილული იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. გ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე