საქმე # 020100118002384794
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად
ცნობის შესახებ
საქმე №355აპ-21 ქ. თბილისი
ჩ. მ. 355აპ-21 22 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოქლო პროკურატურის პროკურორ ბორის კვარაცხელიას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის განაჩენზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. საბრალდებო დასკვნით მ. ჩ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი დაედო:
– უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და მასში მონაწილეობისათვის;
– ამბოხებისათვის საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი;
– ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის;
– სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისათვის, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 27 მაისის №... ბრძანებით გაუქმდა თავდაცვის სამინისტროს ბატალიონი „..........“, რომელიც დისლოცირებული იყო ......–ს ხეობაში. 2006 წლის ივლისის მეორე ნახევარში საქართველოს ხელისუფლებაზე განაწყენებულმა მ. ჩ–მ, რომელიც იყო თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ბატალიონ „.........ს“ უფროსის - ე. კ–ს მოადგილე, ამ უკანასკნელთან, ი. ა–სა და სხვა პირებთან ერთად, .......–ს ხეობაში ცენტრალური ხელისუფლების გავლენის შესუსტებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ამბოხების მოწყობის მიზნით, ბატალიონის ყოფილ წევრებთან ერთად მონაწილეობდა ე. კ–ს ხელმძღვანელობით შექმნილ უკანონო შეირაღებულ ფორმირებაში. მ. ჩ–ე, როგორც უკანონო შეიარაღებული ფორმირების მონაწილე, ამ ფორმირების სხვა პირებთან ერთად, აღჭურვილი იყო სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით.
2006 წლის 22 ივლისს მ. ჩ–მ ე. კ–სთან, ი. ა–სა და უკანონო შეიარაღებული ფორმირების სხვა წევრებთან ერთად ......ის ხეობაში დაიწყო შეიარაღებული ამბოხება საქართველოს ხელისუფლების დამხობის მიზნით. ამბოხების დაწყებისთანავე ე. კ–მ საინფორმაციო საშუალებებით, 2006 წლის 23, 24 და 27 ივლისს საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა შეიარაღებულიყვნენ, მისთვის მხარი დაეჭირათ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობაში და იგი თ–ში ჩამოსვლისთანავე მათთან ერთად დაამხობდა ქვეყნის ხელისუფლებას. 2006 წლის 24 ივლისს მ. ჩ–მ ზემოაღნიშნულ უკანონო შეიარაღებული ფორმირების სხვა წევრებთან ერთად, .........ის ხეობის სოფელ ს–ს გასასვლელთან, ლიკვიდაციის მიზნით, ცეცხლი გაუხსნა აღნიშნულ ხეობაში მოძრავ საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, მაგრამ აღნიშნულ ქმედებას რაიმე მსხვერპლი არ მოჰყოლია, რითაც მან ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (საქართველოს სსკ-ის 2006 წლის რედაქციით). 2006 წლის 25 ივლისს საქართველოს შს სამინისტროს ოპერატიულ დაქვემდებარებაში მყოფი სხვადასხვა ქვედანაყოფი საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად შევიდა .......ის ხეობაში. მ. ჩ–მ ხელისუფლების დამხობის მიზნის სისრულეში მოსაყვანად, ე. კ–სთან, ი. ა–სა და უკანონო შეიარაღებული ფორმირების სხვა წევრებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობის გზით დასამხობად გააგრძელა შეიარაღებული ამბოხება. მ. ჩ–სა და უკანონო შეირაღებული ფორმირების სხვა წევრების ქმედებას მოჰყვა მძიმე შედეგები. საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაიცვალა სოფელ ჩ–ში მცხოვრები რ. გ–გ–ისა, სხეულის მძიმე სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა: ვ. მ–მ, მ. ქ–მ და სხვა პირებმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1999 წლის 3 აგვისტოს №... ბრძანებით, მ. ზ. ჩ–ე დანიშნული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ............ის მიმართულების უფროსის მოადგილედ ბაზების მართვის დარგში და სამსახურებრივად მის უფლება-მოვალეობას შეადგენდა ბაზებსა და სამხედრო ქალაქებში განთავსებული შენობა-ნაგებობების აღრიცხვიანობა, მათი დამონტაჟება, გამოყენებისათვის ვარგისიანობის დადგენა. 2001 წლის დასაწყისში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს .......ის მიმართულების უფროსის მოადგილე ბაზების მართვის დარგში მ. ჩ–ე დანაშაულებრივად დაუკავშირდა ქ–ს ბაზის უფროსს, ზ. დ–ს და მასთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაუფლებოდა წ–ს რაიონის სოფელ მ–ში დისლოცირებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს №.... სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე განთავსებული ალუმინის კონსტრუქციების საცავს. 2001 წლის მარტში, თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მ. ჩ–მ და ზ. დ–მ, №... სამხედრო ნაწილის ......ის ოფიცერს, ვ. ჩ–ს მისცეს მითითება, მოეხდინა აღნიშნული საცავის დემონტაჟი, რის შემდეგაც საცავის ალუმინის კონსტრუქციები უნდა დაეტვირთათ და სატვირთო ავტომანქანით გადაეზიდათ წ–ს რაიონის სოფელ მ–ში არსებულ ჯართის მიმღებ პუნქტში. ვ. ჩ–მ, არსებული წესის დარღვევით მიღებული უკანონო ბრძანება შეასრულა, „ზილისა“ და „კამაზის“ მარკის, დაუდგენელი სანომრე ნიშნის მქონე ორ სატვირთო ავტომანქანაზე დაატვირთვინა ალუმინის დაშლილი კონსტრუქციები და დაქირავებულ მუშებს გადაატანინა ხსენებული ჯართის მიმღებ პუნქტთან, სადაც ის ჩააბარა. მიღებული თანხა კი მ. ჩ–მ და ზ. დ–მ ურთიერთშორის გაინაწილეს. მ. ჩ–სა და დ. დ–ს დანაშაულებრივი ქმედებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განიცადა 25 000 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
გარდა აღნიშნულისა, 2003 წლის ზაფხულში, თვე და რიცხვი დაუდგენელია, მ. ჩ–ე კვლავ წინასწარ შეუთანხმდა ზ. დ–ს, ბაზის ტერიტორიაზე დამონტაჟებული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ლითონის საწყობის დაშლისა და ჯართის სახით ჩაბარების თაობაზე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მ. ჩ–ს სიტყვიერი ბრძანებით, ზ. დ–მ ბაზაში მიიყვანა დაუდგენელი ნომრის ამწეკრანი, რომლითაც მოახდინეს ლითონის საწყობის დემონტაჟი. ლითონის კონსტრუქციები იმავე ამწეკრანით დატვირთეს, ასევე დაუდგენელი ნომრის „ტრაილერის“ მარკის სატვირთო ავტომანქანაზე და გადაიტანეს ქ. ქ–ის რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ჯართის მიმღებ პუნქტში, სადაც ჩააბარეს. მიღებული თანხა - 5000 ლარი მ. ჩ–მ და ზ. დ–მ გაინაწილეს.
მ. ჩ–ს და დ. დ–ს დანაშაულებრივი ქმედებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიადგა - 5000 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 იანვრის განაჩენით მ. ჩ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 2006 წლის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(საქართველოს სსკ-ის 2006 წლის რედაქციით) და საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(საქართველოს სსკ-ის 2006 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში.
მ. ჩ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 219-228-ე მუხლებით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოს უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ბორის კვარაცხელიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მ. ჩ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 2006 წლის რედაქციით), საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (საქართველოს სსკ-ის 2006 წლის რედაქციით), საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სსკ-ის 2006 წლის რედაქციით) წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ბორის კვარაცხელიამ, რომელმაც მოითხოვა მ. ჩ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 2006 წლის რედაქციით), საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (საქართველოს სსკ-ის 2006 წლის რედაქციით), საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სსკ-ის 2006 წლის რედაქციით) წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.
პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია გამართლებული პირის, მ. ჩ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ–ს შესაგებელი, რომელიც ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
7. კასატორმა მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულებმა - მ. ქ–მ, ვ. მ–მ, ო. მ–მ, დ. პ–მ, ზ. ჩ–მა, დ. ც–მ, დ. კ–მ, (ასევე გამოქვეყნდა დაზარალებულების: გ. რ–სა და გ. გ–ის ჩვენებები), დაადასტურეს, რომ 2006 წლის 24 ივლისს .......ის ხეობის სოფელ ს–ში სამთავრობო ძალებზე უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრებმა მოახდინეს შეიარაღებული თავდასხმა. მათ განმარტეს, რომ თავდამსხმელებიდან ამოიცნეს მ. ჩ–ე, რომელიც ავტომატიდან ისროდა მათი მიმართულებით. ასევე მ. ჩ–ე ამოიცნეს ფოტოსურათებითაც.
8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოცემულ მსჯელობას და განმარტავს, რომ როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, მოწმეებმა - მ. ქ–მ, ვ. მ–მ, დ. ც–მ მოწმის სახით დაკითხვისას, ხოლო დ. კ–მ გამოძიების ეტაპზე ჩვენების მიცემისას განმარტეს, რომ ტყის მასივი, საიდანაც ისროდნენ, იყო ხშირი და კონკრეტულად ვინ ისროდა, არ დაუნახავთ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ო. მ–ს განმარტების თანახმად თავდაპირველად ხელმძღვანელობას მოახსენა, რომ პირი რომელიც დაინახა, იყო მ. ჩ–ე - მ. ჩ–ს ძმა, ამოცნობის ოქმითაც მ. ჩ–ე ამოიცნო, ხოლო შემდგომ უკვე მ. ჩ–ეზე მიუთითა. დავით პაპინაშვილმა მიუთითა, რომ მას არ შეუძლია დადასტურებით იმის თქმა, რომ პირი, რომელიც ისროდა, იყო მ. ჩ–ე. შეიძლება მიამსგავსეს და შეცდნენ იმ არეულობაში. ზ. ჩ–მ განმარტა, რომ ადრე არ იცნობდა მ. ჩ–ს, შემდეგ ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა და ამოიცნო მ. ჩ–ე, თუმცა ზუსტად არ ახსოვს, მ. ჩ–ე ამოიცნო თუ მ. ჩ–ე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს 2006 წლის 18 აგვისტოს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმზე, სადაც ზ. ჩ–მ ამოსაცნობად წარდგენილი 4 ფოტოსურათიდან ამოიცნო მარცხნიდან რიგით მეოთხე ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება - მ. ჩ–ე, რომელმაც მისივე განმარტებით, 2006 წლის 24 ივლისს .......ის ხეობაში, სოფელ ს–ნ, ტყის მასივიდან მათ მოძრავ კოლონას ავტომატური ცეხლსაროლი იარაღიდან გაუხსნა ცეცხლი. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მოწმე პირადად არ იცნობდა მ. ჩ–ს და არ ახსოვს თუ ვინ უთხრა, რომ პიროვნება, რომელიც მათ ესროდათ იყო მ. ჩ–ე.
გ. რ–მ განმარტა, რომ მან შეიცნო მ. ჩ–ე, რომელსაც უშუალოდ არ იცნობდა, მაგრამ სამსახურებრივად იცნობდა. ამოცნობის დეტალები არ ახსოვს და არც ის ახსოვს, მ–ი იყო თუ მ–ი, ვერ იხსენებს, მ–ს ძმას იცნობს თუ არა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს 2006 წლის 18 აგვისტოს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმზე, რომლის თანახმად, გ. რ–მ ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო მარცხნიდან რიგით მესამე ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება – მ. ჩ–ე, რომელმაც, მისი განმარტებით, 2006 წლის 24 ივლისს .........ის ხეობაში, სოფელ ს–ნ, ტყის მასივიდან მათ მოძრავ კოლონას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნა ცეცხლი.
გ. გ–მ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში მიუთითა, რომ ტყეში შესვლისას დაახლოებით 15-20 მეტრში შენიშნა მისთვის ნაცნობი პიროვნება მ. ჩ–ე, რომელიც სხვა პირებთან ერთად ისროდა. 2006 წლის 16 აგვისტოს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმითაც დასტურდება, რომ გ. გ–მ ამოიცნო მ. ჩ–ე.
9. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის საჭირო სტანდარტით არ დასტურდება მ. ჩ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საქართველოს სსკ-ის 2006 წლის რედაქციით), საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (საქართველოს სსკ-ის 2006 წლის რედაქციით), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. მოწმეები კი, რომლებიც ვარაუდობენ მ. ჩ–ს შემთხვევის ადგილზე ყოფნას, ამოცნობის ოქმებით საპირისპიროს ადასტურებენ - მათ ამოიცნეს არა მ. ჩ–ე, არამედ მისი ძმა, მ. ჩ–ე. ამასთან, მოწმე ლ. ნ–ს და მ. ქ–ს ჩვენებებით დასტურდება, რომ ტყე საიდანაც ისროდნენ იყო ხშირი, რელიეფური და ციცაბო ფერდობი, რის გამოც ადამიანის სილუეტების გარჩევა შეუძლებელი იყო. ლ. ნ–ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ იცნობს მ. ჩ–ს, ამბოხებაში მისი მონაწილეობის შესახებ არ გაუგია და არც თვითონ უნახავს, ტყიდან ადამიანის სახის დანახვა შეუძლებელი იყო. გაიგო, რომ მ. ჩ–ე წინა დღეს ყოფილა ხეობაში, მაგრამ ვისგან გაიგო, ეს იყო ოფიციალურად, თუ ჭორის დონეზე, არ ახსოვს.
10. კასატორი მიუთითებს, რომ დაკითხულმა მოწმეებმა: ჟურნალისტმა ნ. ლ–მ და მისმა ოპერატორმა გ. დ–მ დეტალურად აღწერეს იმ პერიოდში ......ს ხეობაში განვითარებული მოვლენები, ე. კ–ს შეხვედრა უხუცესებთან, 2006 წლის 24 ივლისს ე. კ–სა და მისი მომხრეების შეიარაღებული თავდასხმა სამთავრობო ძალებზე სოფელ ს–ნ, რაც გადაიღეს კამერით და გაავრცელეს სიუჟეტის სახით.
11. ჟურნალისტ ნ. ლ–სა და მისი ოპერატორის ჩვენებებით, ასევე ვიდეოჩანაწერით არ დასტურდება მ. ჩ–ს შემთხვევის ადგილზე ყოფნა და შეიარაღებულ თავდასხმაში მონაწილეობა. მოწმის სახით დაკითხვისას აღნიშნულმა პირებმა მიუთითეს, რომ ტყის მასივიდან, საიდანაც ისროდნენ, ვინმეს დანახვა შეუძლებელი იყო. მ. ჩ–ს არ იცნობენ, იქ არ უნახავთ და არც გაუგიათ მის შესახებ. ვიდეოჩანაწერში კი, რომელიც ტელეკომპანია „.......-ის“ საინფორმაციო გამოშვებაში იყო გაშვებული, ასახულია ..........ის ხეობაში განვითარებული მოვლენები. კერძოდ, სოფელ ს–ში ორმხრივი შეიარაღებული დაპირისპირების პროცესი. კადრში მოჩანს, რომ ადგილი, საიდანაც ე. კ–ს მომხრეები ისვრიან, წარმოადგენს ხშირი ტყის მასივს, ხოლო ადამიანები, რომლებიც ისვრიან, არ ჩანან. არ ჩანს აგრეთვე ტყის მასივიდან ვინმეს გამოსვლა ან გადაადგილება.
12. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის საჭირო სტანდარტით არ დასტურდება მ. ჩ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სსკ-ის 2006 წლის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ალუმინის კონსტრუქციების საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებობა, ამასთან საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მამხილებელი მტკიცებულება - დ. დ–ს ბრალდებულის სახით დაკითხვის ოქმი(გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში), რაც არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებით(მაგ.: მოწმეების დ. ფ–ს და ვ. ჩ–ს ჩვენებები, უთითებს ზემოაღნიშნული ლითონის კონსტრუქციის მ–ს საპოხ-საცხები ბაზიდან საზენიტო დივიზიაში გადატანაზე). სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით (მათ შორის მოწმეების ზ.(ზ.) კ–ს და ლ. ლ–ს ჩვენებები) ასევე დასტურდება, რომ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებული ალუმინის კონსტრუქცია თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არ ირიცხებოდა.
13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოქლო პროკურატურის პროკურორ ბორის კვარაცხელიას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე