Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ ბს-1369-943(კ-05) 2 მარტი, 2006წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 28 ოქტომბერს თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ც. ჩ.-ემ მოპასუხე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, მესამე პირის _ ამავე სამინისტროს პროფკავშირული ორგანიზაციის პროფკომიტეტის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა:

ა. ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 13 ოქტომბრის ¹01/03-01/492 ბრძანების არაკანონიერად აღიარება და ბათილად ცნობა მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში;

ბ. მოსარჩელის აღდგენა გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე;

გ. სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

დ. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

მოსარჩელე მუშაობდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროში 1969 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობებზე. «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონის საფუძველზე ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო შევიდა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში. აღნიშნულ სამინისტროში მოსარჩელე მუშაობდა ...-ის დეპარტამენტის ...-ის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად. «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონში 2004წ. 24 ივნისს შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო გაუქმდა, ხოლო მისი დაფინანსება, მუშაკთა საშტატო რიცხოვნობა და ქონება გადაეცა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. ამასთან, აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობას დაევალა კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველეყო ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. ამავე კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციის თარიღად უნდა მიჩნეულიყო აღნიშნული ცვლილებების საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების თარიღი, 7 ივლისი. შესაბამისად, მოსარჩელის მოსაზრებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის პირველი და მეხუთე პუნქტების თანახმად, 2004წ. 8 ივლისიდან ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ყველა თანამშრომელი გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მიუხედავად ამისა, კანონის მოთხოვნათა საპირისპიროდ, ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ, ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 19 ივლისის ¹01/03-01-381 ბრძანების შესაბამისად, ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ყველა თანამშრომელი გაფრთხილებულ იქნა სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ. ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 13 ოქტომბრის ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა თანამდებობიდან, ზემოხსენებული გაფრთხილებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ, რითაც დაირღვა ამავე ბრძანებაში მითითებული «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე მოხელის გაფრთხილების შესახებ.

გარდა ამისა, ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციისა და ამ სამინისტროს თანამშრომლების ფაქტობრივად გათავისუფლების შემდეგ, გამოიცა ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 30 ივლისის ბრძანება ლიკვიდირებული სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა უფლებამოსილების გაგრძელების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მათი უფლებამოსილების ვადა გაგრძელდა განუსაზღვრელი დროით, სამინისტროს დებულების შესაბამისად დამტკიცებული საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობების დაკომპლექტებამდე. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 93-ე მუხლის მიხედვით, მოხელე შეიძლებოდა გაეთავისუფლებინა პირს ან დაწესებულებას, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება ჰქონდა. მოსარჩელის მოსაზრებით, კანონის აღნიშნული ნორმა მოცემულ შემთხვევაში დაცული არ ყოფილა. ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციის დღიდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე, მოსარჩელე ჩვეულებრივ დადიოდა სამსახურში, ასრულებდა დავალებებს, იღებდა ხელფასს და ა.შ. ამდენად, სამუშაოდან გათავისუფლებისას მოსარჩელე უკვე იყო ახლადშექმნილი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანამშრომელი. საგულისხმო იყო, რომ შრომის კანონთა კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად, შრომის ხელშეკრულება ითვლებოდა დადებულად მაშინაც, როდესაც ბრძანება ან განკარგულება არ იყო გამოცემული, მაგრამ მუშაკი ფაქტობრივად სამუშაოზე დაშვებული იყო იმ თანამდებობის პირის მიერ, ვისაც ამ სამუშაოზე მიღების და გათავისუფლების უფლება ჰქონდა. ვინაიდან ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციის შემდეგ მოსარჩელე დაშვებული იყო სამუშაოზე, ეს ნიშნავდა, რომ მას და ადმინისტრაციას შორის შრომითი ხელშეკრულება გრძელდებოდა.

მოსარჩელე თვლიდა, რომ ფაქტობრივად, იგი გაათავისუფლეს რეორგანიზაციის გამო, ასეთ შემთხვევაში კი მოპასუხის მხრიდან დარღვეული იყო კანონმდებლობის მოთხოვნები. ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს თანამშრომლების გარკვეული ნაწილი სამუშაოდან არ გაუთავისუფლებიათ, მაშინ‚ როდესაც ისინი ერთ მდგომარეობაში იყვნენ. გარდა ამისა, ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი, რომლის მიხედვით, მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებოდათ იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციით და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩეოდნენ. შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან წლების განმავლობაში იგი იყო სამინისტროს პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, მისი სამუშაოდან გათავისუფლების საკითხი შეთანხმებული უნდა ყოფილიყო პროფკავშირულ ორგანიზაციასთან, რასაც ადგილი არ ჰქონია.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 იანვრის გადაწყვეტილებით ც. ჩ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს განმარტებით, «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონში 2004წ. 22 ივნისს შეტანილი ცვლილებების თანახმად, ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება დაევალა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. ამ კანონიდან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარების მინისტრმა 2004წ. 19 ივლისს გამოსცა ბრძანება მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე თანამშრომელთა გაფრთხილების შესახებ, რასაც გაეცნო მოსარჩელეც. ამით შესრულდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე, 108-ე მუხლის მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უფლება ჰქონდა, მოცემულ შემთხვევაში გამოეყენებინა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლი, მაგრამ მან გამოიჩინა კეთილი ნება და შრომის კანონთა კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამოსცა ბრძანება ლიკვიდირებული სამინისტროს თანამშრომელთა უფლებამოსილების გარკვეული ვადით გაგრძელებაზე, რაც არ გამხდარა სადავო, ე.ი. მხარეთა შორის დაიდო ვადიანი ხელშეკრულება, რომლის შემდეგ, ამ პირობისა და ვადის ამოწურვის გამო, 2004წ. 13 ოქტომბერს გამოიცა ბრძანება სხვა პირებთან ერთად მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 93-ე, 96-ე და 108-ე მუხლების დაცვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხის მხრიდან ც. ჩ.-ის მიმართ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. ჩ.-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

აპელანტის მოსაზრებით, სადავო ბრძანება ეწინააღმდეგებოდა «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონში 2004წ. 24 ივნისს შეტანილ ცვლილებებს, რომლის შესაბამისად, 2004წ. 7 სექტემბრისათვის დამთავრებულად ჩაითვალა როგორც ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაცია, ასევე‚ მის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, მათ შორის, თანამშრომელთა გათავისუფლება და შესაბამისი საშტატო ერთეულების გაუქმება, ხოლო დარჩენილი საშტატო ერთეულები მუშაკებთან ერთად გადაეცა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სადავო ბრძანება კი, რომლითაც მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც ლიკვიდაცია დიდი ხნის დასრულებული იყო და იგი, ფაქტობრივად, მუშაობდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროში.

გარდა ამისა, აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული ბრძანება ეწინააღმდეგებოდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მოთხოვნებს. კერძოდ, აღნიშნული კანონის 96-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების შესაბამისად, დაწესებულების ლიკვიდაციის გამო მოხელე სამსახურიდან თავისუფლდებოდა დაწესებულების საქმიანობის შეწყვეტის დღიდან (ამ შემთხვევაში გათავისუფლების ბრძანება უნდა გამოცემულიყო არა უგვიანეს 2004წ. 7 სექტემბრისა). აპელანტის მითითებით, იგი მოპასუხემ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ, რის გამოც დაარღვია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 16 მაისის განჩინებით ც. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ც. ჩ.-ეს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენდა ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 30 ივლისის ¹01/03-01/388 ბრძანება, რომლითაც ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების შესაბამისად დამტკიცებული საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობების დაკომპლექტებამდე, ე.ი. არსებითად, ც. ჩ.-ესთან დადებულ იქნა ახალი, ვადიანი შრომის ხელშეკრულება. ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 1 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგი. ე.ი. ამ მომენტისათვის გავიდა ვადა, რომლითაც ც. ჩ.-ესთან შრომის ხელშეკრულება იყო დადებული. შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» პუნქტის თანახმად, ვადის გასვლა, რომლითაც ხელშეკრულება იყო დადებული, მისი შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა. სააპელაციო საჩივრის, ისევე‚ როგორც სარჩელის არგუმენტაცია, ძირითადად ეხებოდა ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 30 ივლისის ბრძანების მართლზომიერებას, მაგრამ ეს აქტი მხარეს არ ჰქონია გასაჩივრებული. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 248-ე, 377-ე მუხლების საფუძველზე სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, იურიდიული შეფასება მიეცა აღნიშნული ბრძანებისათვის.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. ჩ.-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონში 2004წ. 24 ივნისს შეტანილი ცვლილების მე-2 მუხლის შესაბამისად, კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს მთავრობას დაევალა ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი დაფინანსების, საშტატო რიცხოვნობისა და ქონების ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის გადაცემა, ასევე ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს სისტემის, მათ შორის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების შესაბამისი გათვალისწინება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულებაში. აღნიშნული კანონი ამოქმედდა 7 ივლისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებით. აქედან გამომდინარე, 2004წ. 7 სექტემბრისათვის დამთავრებულად ჩაითვალა, როგორც ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაცია, ასევე მის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, მათ შორის, თანამშრომელთა გათავისუფლება და შესაბამისი საშტატო ერთეულების გაუქმება, ხოლო დარჩენილი საშტატო ერთეულები მუშაკებთან ერთად გადაეცა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. სადავო ბრძანება კი, რომლითაც მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, მიღებულ იქნა 2004წ. 13 ოქტომბერს, ანუ მას შემდეგ, რაც ლიკვიდაცია დიდი ხნის დასრულებული იყო და იგი ფაქტობრივად მუშაობდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროში. გასაჩივრებული ბრძანება ეწინააღმდეგებოდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მოთხოვნებს, რომლის შესაბამისად, მოხელე სამუშაოდან თავისუფლდებოდა დაწესებულების საქმიანობის შეწყვეტის დღიდან, ე.ი. ბრძანება უნდა გამოცემულიყო არა უგვიანეს 7 სექტემბრისა. კასატორი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებულ იქნა 2004წ. ივლისის თვეში, ხოლო დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2004წ. 13 ოქტომბერს, ანუ გაფრთხილებიდან 3 თვის შემდეგ, რითაც დაირღვა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლის პირველი ნაწილი.

კასატორის განმარტებით, «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო, რომლის მმართველობის სფეროში გაერთიანდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროები, ხოლო შექმნილი სამინისტრო ჩაითვალა ლიკვიდირებული სამინისტროების უფლებამონაცვლედ. აღნიშნული კანონის საფუძველზე გამოცემული «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონის ამოქმედებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 6 მარტის ¹81 ბრძანებულების პირველი პუნქტის თანახმად, განხორციელდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ლიკვიდაცია, ხოლო მე-14 მუხლის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო ჩაითვალა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს უფლებამონაცვლედ. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს უარი არ უთქვამს იმ ფუნქციის განხორციელებაზე, რასაც მანამდე ასრულებდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო, მოგვიანებით კი, ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო. ეს უკანასკნელი იმავე ფუნქციითა და კომპეტენციით გაერთიანდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროში. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, ფაქტობრივად, განხორციელდა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს რეორგანიზაცია, რაც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არ ქმნიდა მოხელის გათავისუფლების საფუძველს. ამავე მუხლის მიხედვით, რეორგანიზაციის დროს მოხელის გათავისუფლება დასაშვები იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდა შტატების შემცირება, ამასთან, მოხელისათვის შესაბამისი თანამდებობის შეთავაზებისა და მისი მხრიდან უარის შემთხვევაში. ც. ჩ.-ისათვის სხვა ალტერნატიული სამსახური არ შეუთავაზებიათ, რითაც დაირღვა კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები.

კასატორი მიუთითებდა, რომ სამუშაოდან გათავისუფლებამდე იგი მუშაობდა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ...-ის დეპარტამენტის ...-ის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად, მოგვიანებით, «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე, აღნიშნული სამმართველო თავისი ფუნქციებით და სტრუქტურით გადაეცა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2004წ. 10 სექტემბრის ¹77 დადგენილებით დამტკიცებულ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ახალ საშტატო განრიგში კასატორის საშტატო ერთეული პირდაპირ იქნა გადატანილი, კერძოდ, სამინისტროში შეიქმნა ...-ის დეპარტამენტი მთავარი სპეციალისტის 3 საშტატო ერთეულით, რომლებიც მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების მომენტში ვაკანტური იყო.

კასატორის მითითებით, მისი სამუშაოდან გათავისუფლებისას ასევე დაირღვა «პროფესიული კავშირების შესახებ» კანონის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან იგი წლების განმავლობაში იყო სამინისტროს პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე და მისი სამუშაოდან გათავისუფლება შეთანხმებული უნდა ყოფილიყო როგორც ადგილობრივი პროფკავშირების თავმჯდომარესთან, ისე _ საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარესთან.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 მაისის განჩინება, საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ც. ჩ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2004წ. 13 ოქტომბრის ¹01/03-01/492 ბრძანება ც. ჩ.-ის სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალოს ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად არის გამოკვლეული საქმის გარემოებები, გამოტანილია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც, სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2004წ. 13 ოქტომბრის ¹01/03-01/492 ბრძანება ც. ჩ.-ის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე გამოცემულია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-97-ე მუხლების, შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნათა უხეში დარღვევით. საფუძვლებიდან, რომლებიც მოსარჩელის გათავისუფლებას დაედო საფუძვლად, არ გამომდინარეობდა მოსარჩელის გათავისუფლების მართლზომიერება.

დადგენილია, რომ მოსარჩელე ც. ჩ.-ე საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროში მუშაობდა ...-ის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილედ.

«საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონის 35-ე მუხლის 1 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, შეიქმნა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო, რომლის მმართველობის სფეროში გაერთიანდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროები, ხოლო ამავე მუხლის მე-8 ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ჩაითვალნენ ლიკვიდირებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ. აღნიშნული კანონის საფუძველზე გამოცემული «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონის ამოქმედებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე» საქართველოს პრეზიდენტის 06.03.2004წ. ¹81 ბრძანებულების მე-14 მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო ასევე ჩაითვალა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს უფლებამონაცვლედ.

დადგენილია, რომ მოსარჩელე საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროში მუშაობდა ...-ის დეპარტამენტის ...-ს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

«საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» 2004წ. 24 ივნისის კანონის შესაბამისად, შეიქმნა ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რომლის მმართველობის სფეროში გაერთიანდა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო. იმავდროულად, ამავე კანონის თანახმად განისაზღვრა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი დაფინანსების, საშტატო რიცხოვნობისა და ქონების ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის გადაცემა, ასევე საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს სისტემის, მათ შორის‚ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და უფლებამოსილების შესაბამისი გათვალისწინება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულებაში.

ზემოაღნიშნული 2004წ. 24 ივნისის კანონის საფუძველზე ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ 2004წ. 30 ივლისს გამოიცა ბრძანება ¹0/03-01/388, რომლის თანახმად, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს, მათ შორის, მოსარჩელეს, გაუგრძელდათ უფლებამოსილების ვადა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების შესაბამისად დამტკიცებული საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობების დაკომპლექტებამდე.

ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 13 ოქტომბრის ¹01/03-01/492 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 58-ე, 96-ე, 108-ე მუხლების, «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონის, «ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აპარატის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ» საქართველს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 1 ოქტომბრის ¹1-1/127 ბრძანების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ვინაიდან ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 1 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგი, ამდენად, ამ მომენტისათვის გავიდა ვადა, რომლითაც ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 30 ივლისის ¹0/03-01/388 ბრძანებით, არსებითად, ც. ჩ.-ესთან ახალი, ვადიანი შრომის ხელშეკრულება იყო დადებული.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაწესებულების ახალი საშტატო განრიგის დამტკიცების გამო მოხელეთა სამუშაოდან უპირობოდ გათავისუფლებას არ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. სამუშაოდან მოხელის ასეთი გათავისუფლება მოხელის შრომითი უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, მოსარჩელის ამგვარი საფუძვლით გათავისუფლება არ გამომდინარეობდა თავად ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 30 ივლისის ¹0/03-01/388 ბრძანებიდან, რომლის თანახმად, სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა უფლებამოილების ვადა გაგრძელებული იყო არა ახალი საშტატო განრიგის დამტკიცებამდე, არამედ ახალი საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობების დაკომპლექტებამდე, რაც, თავის მხრივ, ექვემდებარებოდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე, მე-14 და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლების შესაბამისად განხორციელებას.

«საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა, ადგენს, რომ დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ამავე კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. თავის მხრივ, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც არეგულირებს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების შემთხვევაში, ასევე‚ არ გულისხმობს დაწესებულების შტატების შემცირების დროს ადმინისტრაციისათვის მოხელის სამუშაოდან უპირობოდ გათავისუფლების შესაძლებლობის მინიჭებას. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლისა და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად, შტატების შემცირებისას დაწესებულებამ უნდა განსაზღვროს დარჩენილ საშტატო თანამდებობებზე დასატოვებელ პირთა წრე, ანუ უნდა გამოარკვიოს უპირატესი დარჩენის საკითხი აღნიშნულ 36-ე მუხლში განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ამასთანავე, თუკი არ არსებობს იმავე საშტატო ერთეულზე მოხელის დასაქმების შესაძლებლობა, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლისა და შრომის კანონთა კოდექსის 421-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების მოთხოვნიდან გამომდინარე, მოხელის დათხოვნა მაინც დაუშვებელია, თუკი არ გამოირიცხება იმავე დაწესებულებაში მისი შემდგომი დასაქმების შესაძლებლობა და მოხელე თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. ამდენად, ადმინისტრაცია ვალდებულია, შესთავაზოს მოხელეს შესაბამისი თანამდებობა, რომლის შესაძლებლობაც დაწესებულებაშია, მოხელეთა უპირატესი დარჩენის საკითხის გათვალისწინებით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პირობების დაცვის შემდეგ გამოვლინდება, რომ დაწესებულებაში არ არსებობს შესაბამისი ვაკანსია ან მოხელეს არა აქვს შემოთავაზებული თანამდებობის დაკავების სურვილი, შესაძლებელია მისი გათავისუფლება. დაწესებულების რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით მოხელის სამუშაოდან გათავისუფლების შემთხვევაში ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი გამოსაცემად უნდა მომზადდეს ადმინისტრაციის მიერ ზემოაღნიშნული აუცილებელი პროცედურის დაცვის გზით, რომლის უგულებელყოფა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის არსებით დარღვევას წარმოადგენს და ამდენად, გამოცემული აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 97-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოხელის სამუშაოდან გათავისუფლება დაუშვებელია, თუკი დაწესებულებას აქვს ვაკანტურ თანამდებობაზე აღნიშნული მოხელის დანიშვნის შესაძლებლობა. ამასთან, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლისა და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე, შემცირებულ საშტატო ერთეულებზე დასატოვებელ მოხელეთა წრე უნდა განისაზღვროს დაწესებულებაში მომუშავე მოხელეთა ფარგლებში. ამდენად, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, როგორც ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლე, ვალდებული იყო, რეორგანიზაციის შემდგომ დამტკიცებულ საშტატო ერთეულებზე, ასევე გამოერკვია ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროში დასაქმებულ მოხელეთა დასაქმების საკითხი, ხოლო თუკი მას, რეალურად, გააჩნდა შესაბამისი ვაკანტური საშტატო ერთეულები, დაუშვებელი იყო შტატების შემცირების მოტივით მოსარჩელის გათავისუფლება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მისი სამუშაოდან გათავისუფლებისას ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დარღვეულია «პროფესიული კავშირების შესახებ» კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა. აღნიშნული მუხლი ადგენს პროფესიული კავშირის ორგანოში არჩეული და ძირითად სამუშაოზე დასაქმებული პროფკავშირული მუშაკის დაცვის გარანტიებს და ითვალისწინებს, რომ დაუშვებელია დამსაქმებლის ინიციატივით, შესაბამისი პროფკავშირული ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე, ძირითად სამუშაოზე დასაქმებული არჩევითი პროფკავშირული ორგანოს თავმჯდომარის, წევრის, პროფორგანიზატორისა და პროფჯგუფორგის სამუშაოდან დათხოვნა. ამდენად, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლება უნდა შეთანხმებულიყო პროფკავშირულ ორგანოსთან, რასაც ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს არ დაუცავს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის, მე-14 მუხლის, შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები, არ განუხილავს და არ გამოურკვევია ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების შესაბამისად დამტკიცებულ ახალი საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე მოსარჩელის უპირატესი დარჩენის საკითხი, რის გამოც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სახეზეა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შეუძლებელია სადავო საკითხის გადაწყვეტა და მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ არ გამორკვეულა ახალი საშტატო განრიგის დამტკიცების შემდგომ მოსარჩელის სამუშაოზე უპირატესი დარჩენის საკითხი დანარჩენ მოხელეებთან მიმართებაში, რაც სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა განსაკუთრებული ვითარება, როდესაც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში გაერთიანდა რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულება, რის გამოც ახალ საშტატო ერთეულებზე დასანიშნ პირთა წრე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უნდა გამოერკვია აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებულ მოხელეთა მონაცემების შეჯერების საფუძველზე. აღნიშნული საკითხის გამორკვევის გარეშე მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენამ შეიძლება გამოიწვიოს იმავე სამინისტროში დასაქმებული სხვა მოხელის უფლების დარღვევა, რომელიც, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაექვემდებარება გათავისუფლებას, მაშინ როდესაც, რეალურად, შეიძლება მას ჰქონდეს მოსარჩელესთან მიმართებაში სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება, ასევე, აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს ერთ საშტატო თანამდებობაზე სასამართლოს მიერ რამდენიმე მოხელის აღდგენა, თუკი სხვა მოხელეებსაც გასაჩივრებული აქვთ სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 13 ოქტომბრის ¹01/03-01/492 ბრძანება ც. ჩ.-ის სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უნდა დაევალოს მოსარჩელის საკითხზე ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების პერიოდში ახალი საშტატო განრიგის დამტკიცების მდგომარეობით სამინისტროს ახალ საშტატო ერთეულებზე მოსარჩელის უპირატესი დარჩენის საკითხის გამოსარკვევად შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და შეფასების გზით, ასევე, იმის გათვალისწინებით, ჰქონდა თუ არა სამინისტროს იმ დროს მოსარჩელისათვის იგივე ან სხვა ვაკანტური თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, თუკი სამინისტრო ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით მიიჩნევს, რომ მას ასეთი შესაძლებლობა ჰქონდა და მოსარჩელე არ ექვემდებარებოდა სამუშაოდან გათავისუფლებას, უნდა გადაწყვიტოს მოსარჩელის დასაქმების საკითხი და ასევე უნდა დაადგინოს მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს, სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ც. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 16 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. ც. ჩ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

5. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 13 ოქტომბრის ¹01/03-01/492 ბრძანება ც. ჩ.-ის სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალოს ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.