Facebook Twitter

საქმე # 060100120003411849

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №374აპ-21 ქ. თბილისი

ჯ–ა ზ. 374აპ-21 4 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ჯ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. ჯ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ზ. ჯ. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ოთხი ეპიზოდი), ხოლო სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ზ. ჯ–მ 2019 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 03:00 საათზე, ფანჯრიდან უკანონოდ შეაღწია ხ–ს რაიონის სოფელ ......–შში მდებარე ნ. მ–ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ, ორ შეკვრა შედედებულ რძეს, ერთ ბოთლ ლიმონათს, ერთ ცალ სააღდგომო პასკას, ერთ შეკვრა ყავა „ნესკაფეს“, ტელევიზორის პულტსა და ფაიფურის მასალისაგან დამზადებულ ჩაიდანს.

აღნიშნულის შედეგად დაზარალებულ ნ. მ–ს მიადგა ქონებრივი ზიანი - 38 ლარისა და 90 თეთრის ოდენობით.

3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 აგვისტოს განაჩენით ზ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ზ. ჯ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ზ. ჯ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 9 დეკემბრიდან.

4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. ჯ–მ.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განაჩენით უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 5 აგვისტოს განაჩენი.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. ჯ–მ.

მსჯავრდებული ზ. ჯ. ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განაჩენის გაუქმებას და გამართლებას.

7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ზ. ჯ–ს არგუმენტებს მისი გამართლების შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ზ. ჯ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეების - ნ. მ–ს, მ. კ–ს, დ. ფ–ს, კ. ს–ს, თ. ჯ–ს, გ. ბ–ს, მ. ქ–ს, ლ. ო–ს, გ. გ–ს, მ. ხ–ს, ნ. ნ–ს, მ. ა–ს ჩვენებებით, 2019 წლის 26 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2019 წლის 26 აპრილის ჩხრეკის ოქმით (რომელსაც ხელს აწერს მსჯავრდებული და ოქმზე მის მიერ რაიმე შენიშვნა არ არის გაკეთებული), 2019 წლის 27 აპრილის ნივთის ამოცნობის ოქმით, ბიოლოგიური(გენეტიკური, მორფოლოგიური) ექსპერტიზის N........ დასკვნით დასტურდება ზ. ჯ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

10. საკასაციო სასამართლო, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ზ. ჯ–ს მოსაზრებას, რომ პოლიციელების მხრიდან არსებობდა მის მიმართ დაინტერესება, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ დააბრალონ. სასამართლო მიუთითებს, რომ გ. ბ–ს, მ. ქ–ს, ლ. ო–ს ჩვენებებით დასტურდება, რომ 112-დან შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყეს გამოძიება და ჩაატარეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ აბსტრაქტულად იმის მტკიცება, რომ პოლიციელთა, როგორც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელთა, ჩვენებები ყველა შემთხვევაში არის სუბიექტური - დაუსაბუთებელია. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე (მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის N262აპ-17 გადაწყვეტილება; 2020 წლის 6 ოქტომბრის N355აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 10 მარტის 658აპ-20 გადაწყვეტილება). მოცემულ შემთხვევაში, მოწმე პოლიციელების ჩვენებები თანხვდენილია, ჩვენებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არსებითად არ ეწინააღმდეგება არც ერთმანეთს და არც საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, ასევე არ დასტურდება პოლიციელთა მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესება; პოლიციელთა ჩვენებებთან თანხვდენილია ბიოლოგიური(გენეტიკური, მორფოლოგიური) ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თმის ღერები ეკუთვნის ზ. ჯ–ს. ამასთან, საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკაში მონაწილე პირმა - თ. ჯ–მ დაადასტურა, რომ ჩხრეკისას ამოღებული ნივთები დაილუქა პაკეტებში და მოაწერეს ხელი, დაზარალებულმა ნ. მ–მ მიუთითა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ჭიქა, რომელზეც თმა იყო ნაპოვნი, ამოიღეს და დალუქეს ადგილზე, ხოლო ექსპერტებმა - ნ. ნ–მ და მ. ა–მ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულებების პაკეტების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე