Facebook Twitter

ას-725-1364-03 14 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა და ქონების დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს “ს-ი-2”-ის დირექტორმა სარჩელი აღძრა გ. ფ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა 1999წ. 5 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა და ქონების დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, კერძოდ, მოსარჩელემ შპს გ. ფ-ეს 5000 აშშ დოლარად მიყიდა მიწის ნაკვეთი მდებარე თბილისში, ...... გ. ფ-ემ უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღრიცხა, მაგრამ გამყიდველს თანხა არ გადაუხადა. მოსარჩელე მიუთითებს ხელშეკრულების მე-2 მუხლზე, სადაც მითითებულია, რომ ხელშეკრულების ხელმოწერისა და სათანადო დამოწმების შემდეგ მყიდველს უნდა გადაეხადა თანხა, რაც არ შეასრულა.

გ. ფ-ის მიმართ მესამე პირმა ა. ც-ემ სარჩელი აღძრა და მოითხოვა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების – 5000 აშშ დოლარის გადახდა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ...... თბილისში, აუქციონზე რეალიზაცია.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: გაუქმდა “ს-2”-სა და გ. ფ-ეს შორის 1999წ. 5 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. საჯარო რეესტრს დაევალა, თბილისში, ...... მდებარე უძრავი ქონება აღირიცხოს შპს “ს-2”-ის სახელზე საკუთრების უფლებით. გ. ფ-ეს დაეკისრა 5000 აშშ დოლარის გადახდა ა. ც-ის სასარგებლოდ და სასამართლოს ხარჯები 500 ლარის ოდენობით შპს “ს-ი-2”-ის სასარგებლოდ.

აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ა. ც-ემ. მან მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. აპელანტმა მიიჩნია, რომ სასამართლომ არასწორად გააუქმა “ს-სა” და გ. ფ-ეს შორის დადებული ხელშეკრულება, ამასთან ქონების შპს-სათვის უკან დაბრუნებით ილახება მისი, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის, ინტერესები.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა _ გაუქმდა თბილისი გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ს-ის” სარჩელის დაკმაყოფილების, შპს-სა და გ. ფ-ეს შორის 1999წ. 5 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების, უძრავი ქონების შპს-ს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის, ა. ც-ეზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციაზე უარის თქმისა და ა. ც-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: შპს “ს-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ა. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: დაგენილ იქნა თბილისში, ...... მდებარე იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი:

ა. ც-ესა და გ. ფ-ეს შორის 1999წ. 15 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებით ირკვევა, რომ გ. ფ-ისათვის სესხად მიცემული 5000 აშშ დოლარის და მასზე რიცხული პროცენტების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთა მიწის ნაკვეთი მდებარე თბილისში, ...... საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულების დადებისას იპოთეკით დასატვირთი ქონება ირიცხებოდა გ. ფ-ის საკუთრებად. სკ-ის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას ა. ც-ემ არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ ა. ც-ე მიიჩნია კეთილსინდისიერ შემძენად და მიუთითა, რომ 1999წ. 5 ოქტომბერს ხელშეკრულების გაუქმებით და უძრავი ქონების “ს-ის” სახელზე აღრიცხვით ილახება ა. ც-ის უფლებები, რადგან შეუძლებელი გახდება ა.ც-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით, ამიტომ “ს- 2-ს” უარი უნდა ეთქვას ხელშეკრულების გაუქმებაზე.

რადგან იპროთეკის ხელშეკრულება ნამდვილია, სკ-ის 300 მუხლის საფუძველზე ა. ც-ეს უფლება აქვს, მოითხოვოს უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია, ამიტომ ა. ც-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მე-300 და 301-ე მუხლების საფუძველზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა “ს-ი-2-მა”, რადგან მიაჩნია, რომ იგი იურიდიულად დაუსაბუთებელია. უფრო მეტიც, სასამართლომ მას ისე უთხრა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, არ მიუთითა, თუ რა საფუძვლით მიიჩნია იგი დაუსაბუთებლად. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად მიუთითა 185-ე მუხლზე “ს-ი 2-ის” სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვვით მიღებულად, თუ მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აღნიშნული კანონდარღვევა უკავშირდება სასამართლოს მიერ სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესის დარღვევას.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ ისე უთხრა უარი “ს-ი 2”-ის სარჩელს, რომ არ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, იმ მოსაზრებებზე, რომლებითაც სასამართლომ უარყო ესა თუ ის მტკიცებულება. სასამართლომ მიუთითა კანონზე, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძვლად, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლას არ არეგულირებს სკ-ის 185-ე მუხლი, ხოლო ის მოსაზრება, რომ ა. ც-ე კეთილსინდისიერი შემძენია და ამიტომ “ს-ი-2”-სა და გ. ფ-ეს შორის 1999წ. 5 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს, დაუსაბუთებელია. პალატა მიუთითებს, რომ “ს-ი 2-ის” მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია 405-ე მუხლი, სასამართლოს უნდა დაედგინა ხელშეკრულებაზე უარის თქმისა, რესტიტუციის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. რაც შეეხება სკ-ის 185-ე მუხლს, იგი იცავს შემძენის ინტერესებს და აღნიშნული ნორმა სასამართლომ იპოთეკის ნამდვილობასთან მიმართებაში სწორად განმარტა და გამოიყენა. “ს-ი-2”-სა და გ. ფ-ეს შორის დადებული ხელშეკრულების მიმართ 185-ე მუხლის გამოყენება დაუსაბუთებელია, რადგან 1999წ. 5 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება ნამდვილია და მოსარჩელე მოითხოვს არა მის ბათილობას, არამედ უარს ამბობს ხელშეკრულებაზე თანხის გადაუხდელობის გამო. ამდენად, სასამართლომ “ს-ი-2”-ის სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად არასწორად გამოიყენა და განმარტა სკ-ის 185-ე მუხლი.

პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრის შეცვლა გამოიწვევს იპოთეკარის უფლებების ხელყოფას. პალატა განმარტავს, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრის შეცვლა არ ხელყოფს იპოთეკარის უფლებას ნივთზე, რადგან ნივთი ახალ მესაკუთრეზე უკვე სანივთო უფლებით დატვირთული გადადის და ახალი მესაკუთრის უფლებებს იცავს 291-292-ე მუხლები.

პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ ა. ც-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად სწორად გამოიყენა სკ-ის მე-300 და 301-ე მუხლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს “ს-ი 2-ის” სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა გახილვისას სასამართლომ საქმეზე არსებული ყველა მტკიცებულება, რაც დაკავშირებულია სარჩელში მითითებულ გარემოებასთან, დამატებით უნდა გამოიკვლიოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. იმის გამო, რომ სარჩელის მოთხოვნის თაობაზე საქმის ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის, საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდეს შპს “ს-ი 2-ის” სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.