ას-726-1365-03 15 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: სესხის დაბრუნება, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 2 დეკემბერს მ. კ-მა ც. რ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მოითხოვა სესხის სახით გაცემული ძირითადი დავალიანების – 1040 აშშ დოლარის, სარგებლის – 360 აშშ დოლარის, მატერიალური, მოალური ზიანის – 1000 ლარის ანაზღაურება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია შემდეგი საფუძვლით:
2000წ. 7 ნოემბერს მოპასუხესთან გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, მოსარჩელემ ც. რ-ს ასესხა 1040 აშშ დოლარი სამი თვის ვადით. სიტყვიერი შეთანხმების თანახმად, მოპასუხეს პროცენტის სახით ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 80 აშშ დოლარი. წერილობითი ხელშეკრულებით კი განისაზღვრა მხოლოდ 2%. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის ქონება. მოპასუხემ პროცენტის სახით დაუბრუნა 630 აშშ დოლარი, ძირითადი ვალი კი არ დაუბრუნებია. მოპასუხის თხოვნით სესხის ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა კიდევ სამი თვით, მაგრამ მოპასუხემ არც პროცენტი და არც ძირითადი ვალი არ გადაიხადა.
ვალის დაუბრუნებლობის გამო მას მიადგა მატერიალური ზიანი, ამასთან, მოვალის სიძემ მას მიაყენა შეურაცხყოფა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ, მართალია მოსარჩელესთან მან დადო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 1040 აშშ დოლარზე, მაგრამ კრედიტორმა მას გადასცა მხოლოდ 720 აშშ დოლარი, ამასთან, სესხი იყო ვადიანი და სასყიდლიანი. პროცენტის სახით განისაზღვრა 2% და არა 10%, როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებს.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
ც. რ-ს მ. კ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა ძირითადი დავალიანება 1040 აშშ დოლარი, სარგებელი 360 აშშ დოლარი. მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე დაადგინა იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. მოსარჩელეს გადაწყვეტილების თაობაზე სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია, მაგრამ პროცესის მსვლელობის დროს თავის შესაგებელში მიუთითა, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის მოპასუხეს დამატებით დაკისრებოდა 1000 აშშ დოლარი.
სასამართლო პროცესზე, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე მის წინააღმდეგ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება – სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 3 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე დღეს მიღებული ახალი გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 იანვრის გადაწყვეტილება მოპასუხეზე 1400 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ც. რ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 828,1 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის 2000წ. 7 ნოემბერს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 3 თვის ვადით. ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 1040 აშშ დოლარი პროცენტის სახით ყოველთვიურად 2%-ის დაქვითვით. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების ვადა კიდევ გაგრძელდა 3 თვით.
ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხეს პროცენტის სახით ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 20,8 აშშ დოლარი. მოპასუხემ პროცენტის სახით სულ გადაიხადა 630 აშშ დოლარი. აქედან პირველ სამი თვის პროცენტი – 240 აშშ დოლარი გადახდილია, მეორე სამი თვის ანგარიშზეც გადახდილ იქნა იგივე ოდენობის თანხა, ხოლო 125 აშშ დოლარი – ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლომ, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი სამი თვის მანძილზე პროცენტის სახით გადასახდელი თანხა შეადგენდა 62,4 აშშ დოლარს, მაგრამ მოვალის მიერ გადახდილი იყო 240 აშშ დოლარი ანუ 177,6 აშშ დოლარით მეტი, პროცენტის სახით ზედმეტად გადახდილი თანხა ჩათვალა ძირითადი დავალიანების თანხის ანაზღაურებად, შესაბამისად, შეამცირა ძირითადი დავალიანების ოდენობა და ხელშეკრულების მიხედვით მომავალ თვეში გადასახდელი პროცენტის ოდენობა გაიანგარიშა ზემოთმითითებული წესით შემცირებული ძირითადი დავალიანებიდან.
ანალოგიური წესი გამოიყენა სასამართლომ მომდევნო სამ თვეში გადახდილ პროცენტსა და ძირითადი დავალიანების მიმართ, რასაც დაუმატა მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ვადის 29 თვით გადაცილების გამო, კანონით განსაზღვრული პროცენტი.
2003წ. 22 ოქტომბერს მ. კ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის ძირითადი დავალიანების – 1040 აშშ დოლარის, პროცენტის – 360 აშშ დოლარისა და ვადის გადაცილების გამო მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის – 1000 ლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვის დროს შეგებებული საკასაციო საჩივარი წარადგინა ც. რ-ის ინტერესების დამცველმაც.
ც. რ-მა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება, ანდა ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის 196 აშშ დოლარის ოდენობით შემცირება შემდეგი მოსაზრებებით:
კასატორ ც. რ-ს მიაჩნია, რომ მას კრედიტორისათვის სულ გადახდილი აქვს არა 630 აშშ დოლარი, არამედ 692,4 აშშ დოლარი. აქედან 62,4 აშშ დოლარი გადახდილი აქვს 2000წ. 7 ნოემბერს, რის შესახებაც საქმეში მოიპოვება სათანადო ხელწერილი, ამიტომ ეს თანხაც დანარჩენ 630 აშშ დოლართან ერთად ძირითად თანხას უნდა გააკლდეს და დარჩენილი თანხიდან უნდა მოხდეს პროცენტის დაანგარიშება.
მისივე მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 403-ე მუხლის პირველი ნაწილი, არასწორად ჩათვალა ვადის გადაცილებად 29 თვე და არასწორად დაარიცხა პროცენტი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ამ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დღემდე, სააპელაციო სასამართლოს სკ-ის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის და 138-ე მუხლის შესაბამისად, პროცენტის მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადა უნდა გაევრცელებინა სარჩელის შეტანის დღიდან და პროცენტი უნდა დაეანგარიშებინა არა 29 თვეზე, არამედ 19 თვეზე. მისივე მოსაზრებით, დავის საგნის გადიდება სააპელაციო სასამართლოში სსკ-ის 381-ე და 406-ე მუხლების შესაბამისად, დაუშვებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება 828,1 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ საქმეზე უდავოდაა დადასტურებული ის გარემოება, რომ 2000წ. 7 ნოემბერს მხარეებს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 1040 აშშ დოლარი სამი თვის ვადით თვეში 2%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის ქონება.
სესხის ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმებით გაგრძელდა კიდევ სამი თვით.
მოპასუხემ პირველ სამ თვეში გადაიხადა 240 აშშ დოლარი, ამდენივე გადაიხადა მომდევნო სამ თვეში, ხოლო 150 აშშ დოლარი ხელშეკრულების შესრულების ვადის გასვლის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოს სწორად მიაჩნია.
სკ-ის 626-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სესხი წინასწარ არის ვადით განსაზღვრული, მაშინ ვალიცა და პროცენტიც გადახდილი უნდა იქნეს ვადის დადგომისას.
მოცემულ შემთხვევაში ვალის გადახდის ვადა დადგა 2001წ. 7 მაისს. ამ დროისათვის მოვალეს გადახდილი უნდა ჰქონოდა პროცენტის სახით 124,8, ხოლო ძირითადი დავალიანება – 1040 აშშ დოლარის ოდენობით, მაგრამ ამ დროისათვის სულ დაფარული იყო მხოლოდ 480 აშშ დოლარი, აქედან 124,8 აშშ დოლარი იყო ძირითად ვალზე გადასახდელი პროცენტი, ხოლო დანარჩენი 355,2 აშშ – დოლარი ძირითადი დავალიანების თანხა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირველ სამ თვეში ზედმეტად გადახდილი პროცენტი არასწორად გააკლო ძირითად დავალიანებას, ვინაიდან ხელშეკრულების შესრულების ვადა მხარეთა შეთანხმებით კიდევ გაგრძელდა სამი თვით.
სკ-ის 626-ე მუხლის მე-2 ნაწილის მეორე და მესამე წინადადებების შესაბამისად, თუ პროცენტი არ არის შეპირებული, მოვალეს შეუძლია ვალი დააბრუნოს ვადამდე. პროცენტიანი სესხის ვადამდე დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით ან გამსესხებლის თანხმობით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სესხი პროცენტიანი იყო და ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრა 6 თვით, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, ხელშეკრულების პირველ სამ თვეში პროცენტის სახით ზედმეტად გადახდილი თანხა გამოეკლო ძირითადი დავალიანებისათვის და მომდევნო თვეებზე პროცენტი განესაზღვრა 862 აშშ დოლარიდან, რადგან სესხის ვადამდე დაბრუნებაზე მხარეები წინასწარ არ იყვნენ შეთანხმებულნი და არც გამსესხებელს გამოუთქვამს ამის შესახებ რაიმე თანხმობა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის დადებული წერილობითი და ზეპირი ხელშეკრულების შესაბამისად, სესხად მიცემული თანხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2001წ. 7 მაისი. ამ დროისათვის მოვალეს პროცენტის სახით ნაცვლად 124,8 აშშ დოლარისა გადახდილი ჰქონდა 480 აშშ დოლარი ანუ 355,2 აშშ დოლარით მეტი. ამ დროისათვის მოვალის მიერ გადახდილი 355,2 აშშ დოლარი ძირითადი დავალიანების დაფარვაში უნდა ჩაითვალოს და 2001წ. 7 მაისისათვის ძირითადი დავალიანების ოდენობა შეადგენს 684,8 აშშ დოლარს. 2001წ. 7 მაისის შემდეგ მოვალემ სულ გადაიხადა 150 აშშ დოლარი, მაგრამ 29 თვის (ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების დროს) მანძილზე ხელშეკრულების შესაბამისად, პროცენტის სახით გადასახდელი ყოველთვიური თანხა შეადგენდა – 13,69 აშშ დოლარს, სულ კი – 397,18 აშშ დოლარს ანუ საერთო დავალიანება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს შეადგენდა 931,98 აშშ დოლარს და არა 828,1 აშშ დოლარს, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ დაადგინა.
მოვალის მიერ ხელშეკრულების მიმდინარეობის პირველ და მომდევნო თვეში კრედიტორისათვის 240-240 აშშ დოლარის დაბრუნება და ამ თანხის კრედიტორის მიერ მიღება იმ შემთხვევაში შეიძლება ჩათვლილიყო გამსესხებლის მიერ ვალის ვადამდე დაბრუნების თაობაზე თანხმობად, თუკი ვალის ვადამდე დაბრუნების შესახებ მხარეებს შორის სესხზე პროცენტის სახით ზეპირი ფორმით დაწესებული არ იქნებოდა უფრო მაღალი პროცენტი, ვიდრე იგი წერილობითი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული (რომელიც აშკარად შეუსაბამოა ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებული პროცენტის ზღვრულ ოდენობასთან), ამიტომაც კრედიტორის მიერ ხელშეკრულების პირველ ორ თვეში თანხის მიღება აღიქმება პროცენტად და წერილობით ხელშეკრულებაში მითითებულ 2%-ზე მეტი ოდენობით თანხის მიღება ვერ ჩაითვლება თანხმობად ძირითადი ვალის ვადაზე ადრე დაბრუნების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს არასწორად მიაჩნია კასატორ მ. კ-ის მოთხოვნა სესხზე პროცენტის სახით ყოველთვიურად 80 აშშ დოლარის გაცემის შესახებ.
დადგენილია, რომ სესხის სახით გაცემული იყო 1040 აშშ დოლარი. ყოველთვიური პროცენტი – 80 აშშ დოლარი შეადგენს სესხად გაცემული თანხის 7,91%-ს, რაც რა თქმა უნდა, აშკარა შეუსაბამოა ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებულ ზღვრულ ოდენობასთან (საშუალოდ 2%).
სკ-ის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. ამ წესის დარღვევით პროცენტის შესახებ დადებული შეთანხმება ბათილია.
ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ბათილია ზეპირი გარიგება პროცენტის ოდენობის ნაწილში, რაც იწვევს ზეპირი გარიგების შესაბამისად, დადგენილი პროცენტის იმ ნაწილის ბათილობას, რომელიც შეუსაბამოა ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებულ ზღვრულ ოდენობასთან და არა – მთლიანად პროცენტის ნაწილში, რადგან დადგენილია, რომ მხარეებს შორის გარიგება სასყიდლიაანი სესხის შესახებ მაინც დაიდებოდა და დაიდო კიდეც წერილობით უფრო დაბალ პროცენტზე, რომელიც შესაბამისობაში იყო ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებული პროცენტის ზღვრულ ოდენობასთან.
აქედან გამომდინარე, არასწორია კასატორ მ. კ-ის მოთხოვნა ძირითადი დავალიანების სახით 1040 აშშ დოლარისა და პროცენტის სახით 360 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.
ასევე არასწორია მისი მოთხოვნა მორალური და მატერიალური ზიანის სახით თანხების დაკისრების შესახებ. ზიანის ანაზღაურებაზე უარი მოსარჩელეს ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში ეთქვა მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო და ამ ნაწილში მას გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია.
კასატორ მ. კ-ის მოთხოვნა მორალური ზიანის სახით 1000 ლარის დაკისრების შესახებ დაუსაბუთებელია. საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული თუ რაში გამოიხატება მორალური და მატერიალური ზიანი, ამასთან, ამ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, ვინაიდან ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია და იგი შესულია კანონის ძალაში იმ ნაწილში, რომელშიც არ გასაჩივრებულა.
არასწორია კასატორ ც. რ-ის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს მან 2000წ. 7 ნოემბერს პროცენტის სახით გადაიხადა 62,4 აშშ დოლარი. ამის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეს არ ერთვის და ამის თაობაზე არც სააპელაციო სასამართლოში არ გაცხადებულა რაიმე.
ასევე არასწორია მისი მოთხოვნა, ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, პროცენტის მხოლოდ სარჩელის აღძვრამდე დაკისრების და დანარჩენ ნაწილზე სკ-ის მე-5 და 138-ე მუხლების შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გავრცელების შესახებ.
სკ-ის მე-5 მუხლი არეგულირებს კანონისა და სამართლის ანალოგიის საკითხებს, ხოლო 138-ე მუხლი – ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას სარჩელის შეტანით.
ამ ნორმის შესაბამისად, სარჩელის შეტანით სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა წყდება და არა, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, პროცენტის გადახდა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სარჩელი შეტანილი აქვს ვადაში ანუ მისი მოთხოვნა, ძირითადი ვალის, პროცენტისა და ვადის გადაცილების გამო კანონით განსაზღვრული პროცენტის მოთხოვნის შესახებ, ხანდაზმული არ არის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრედიტორს ვალის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის სკ-ის 403-ე მუხლის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული პროცენტის მოთხოვნის უფლება გააჩნია არამარტო სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილების გამოტანამდე ვადის მოცულობით, არამედ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდეც.
ასევე არასწორია კასატორ ც. რ-ის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია დავის საგნის გაზრდა.
სსკ-ის 381-ე მუხლის შესაბამისად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე თანახმა იქნება ამაზე, ან სააპელაციო სასამართლო ამას მიზანშეწონილად ცნობს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს დავის საგანი არ გაუზრდია. იგი ჯერ კიდევ პირველ ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი დამატებითი სარჩელით მოითხოვდა ძირითადი დავალიანების – 1040 აშშ დოლარის, პროცენტის – 360 აშშ დოლარის, მატერიალური და მორალური ზიანის სახით 10000 აშშ დოლარის ანაზღაურებას. აქედან გამომდინარე, მას სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის ღირებულება არ გაუზრდია.
სკ-ის 383-ე მუხლის შესაბამისად, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ, ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის.
კანონი არ კრძალავს, რომ ფულადი ვალდებულება გამოიხატოს აშშ დოლარებში. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის ფულადი ვალდებულება გამოხატული იყო უცხოურ ვალუტაში, კერძოდ, აშშ დოლარებში, გადახდაც ამ ვალუტით უნდა მოხდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე, 412-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მ. კ-ის საკასციო საჩივარი.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 828,1 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
მ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. მოპასუხე ც. რ-ს მოსარჩელე მ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 931,98 აშშ დოლარი.
ც. რ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.