Facebook Twitter

საქმე # 140100120003961345

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №400აპ-21 ქ. თბილისი

ჯ–ი გ. 400აპ-21 27 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ჯ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებულ გ. ჯ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. გ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გ. ჯ–ს გამართლებას.

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი კრავეიშვილი შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულ გ. ჯ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. გ–ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის განაჩენის ძალაში დატოვებას.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 დეკემბრის განაჩენით გ. ჯ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით გ. ჯ–ს მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენით გ. ჯ–ს მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ჯ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 12 აგვისტოდან.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათიდან 15:30 საათამდე პერიოდში, კ–ს რაიონის სოფელ თ–ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენით მუქარისა და ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა, მთვრალმა გ. ჯ–მ, ეჭვიანობის მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ე. ბ–ს, კერძოდ, თეფშის ნამტვრევი ესროლა ფეხის არეში, ერთხელ დაარტყა ფეხი იღლიასთან და ხელი ძლიერად მოუჭირა მარჯვენა მკლავში, რის შედეგადაც ე. ბ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2020 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათიდან 15:30 საათამდე პერიოდში, კ–ს რაიონის სოფელ თ–ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენით მუქარისა და ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევი, მთვრალი გ. ჯ., ეჭვიანობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ე. ბ–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და გ. ჯ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლი საქართველოს ავალდებულებს, ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის დანაშაულებზე უზრუნველყოფილი იყოს ex officio სასამართლო პროცესები, რომელიც არ უნდა იყოს „მთლიანად დამოკიდებული“ მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებული მოწყვლადობა და მათი დაცვის პროცესში სახელმწიფოს აქტიური ჩართვის აუცილებლობა ხაზგასმულია არაერთ საერთაშორისო ინსტრუმენტსა და სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში (იხ. Z.B. v Croatia, ECtHR, no. 47666/13, §50-51, 11/07/2017; Opuz v Turkey, no. 33401/02, ECtHR, §§ 72-86, 09/09/2009; Hajduová v. Slovakia, no. 2660/03, § 46, 30/11/2010; Bevacqua and S. v. Bulgaria, no. 71127/01, §§ 64-65, 12/06/2008).

8. ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელ პირთა პასუხისგებაში მიცემა უზრუნველყოფს ეფექტურ დაცვას ამგვარი ქმედებებისგან და ასევე იმისგან, რომ ძალადობა არ დარჩეს დაუსჯელი (Volodina v Russia, ECtHR, no. 41261/17, §78, 09/07/2019).

9. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მტკიცებულებათა ხარისხობრივ და არა - რაოდენობრივ მახასიათებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნის საკმარის მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა გ. ჯ–ს მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულების ჩადენაში, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ჯ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე