ას-729-1000-04 7 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
გ.ი.-ი 1999 წლიდან მუშაობდა შპს “ს.-ს” ცენტრალური სამეთვალყურეო პალატის მორიგე დისპეტჩერად. 2001წ. 14-15 მაისს, მორიგეობის დროს, დაახლოებით 20 სთ-ზე, ... მდებარე მაღაზია “...-დან” მიიღეს შეტყობინება, რომელიც გადაეცა დაკავების ჯგუფს. შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ადგილი ჰქონდა ცრუ შეტყობინებას. დილით კი აღმოჩნდა, რომ მაღაზია გაქურდული იყო. 2001წ. 28 მაისს შპს “ს.-ს” დირექტორის ბრძანებით გ. ი.-ი სამუშაოდან იქნა დათხოვნილი, მას დაეკისრა ზიანის – 542 ლარის ანაზღაურება. სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გ. ი.-მ ჩაიბარა 2001წ. 13 ივნისს გ. ი.-მა იმავეწ. 13 ივლისს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ბრძანების გაუქმება. აღნიშნული სარჩელი 2002წ. 30 აპრილს განუხილველად იქნა დატოვებული.
2003წ. 10 ივლისს გ. ი.-მ კვლავ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მატერიალური ზიანის ანაზღაურებისაგან გათავისუფლება და სამუშაოზე აღდგენა. სარჩელის საფუძვლად მიუთითა შემდეგი გარემოებანი: მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულების მე-5 პუნქტით, შემსრულებელს (მოსარჩელის) ზიანის ასანაზღაურებლად მატერიალური პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ეკისრებოდა, თუ მისი ბრალეულობა დადასტურებული იქნებოდა მოკვლევით ან გამოძიებით, რასაც ადგილი არ ჰქონია. შკკ-ის 34-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციას შეუძლია შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ მუშაკის ბრალეული მოქმედების გამო. მოსარჩელე თვლის, რომ ადმინისტრაციამ იგი სამუშაოდან ბრალეულობის გარკვევის გარეშე გაათავისუფლა, რაც უკანონოდ მიიჩნია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო ხანდაზმულობის გამო.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
გ. ი.-ი გათავისუფლდა შპს “ს.-ს” დირექტორის ბრძანებით შპს-ს სასარგებლოდ 542 ლარის გადახდისაგან, ხოლო სარჩელი სამუშაოზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ სარჩელი სამუშაოზე აღდგენის თაობაზე ხანდაზმულად მიიჩნია სკ-ის 140-ე მუხლისა და შკკ-ის 204-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე. დადგენილია, რომ თავდაპირველი სარჩელი 2001წ. 13 ივლისს აღიძრა, რომელიც 2002წ. 30 აპრილს განუხილველი დარჩა, ხოლო შემდეგი სარჩელი წელიწადნახევრის შემდგომ _ 2003წ. 15 ივლისს აღიძრა. ზიანის ანაზღაურების ნაწილში სასამართლომ მიუთითა შკკ-ის 121-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანი იყო.
აღნიშნული გადაწყვეტილება გ. ი.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ მისთვის სასამართლოს განჩინება თავდაპირველი სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე ცნობილი არ იყო, რის გამოც ხანდაზმულობის ვადა გაშვებულად არ მიაჩნია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა შკკ-ის 204-ე მუხლის I ნაწილზე და მიიჩნია, რომ სარჩელი შეტანილია ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ.
გ.ი.-მ აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორის მოსაზრებით, ხანდაზმულობის ვადა მის მიერ გაშვებული არ არის, რადგან თავდაპირველი სარჩელი კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში წარადგინა, ხოლო განჩინება, სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე, მას არ ჩაბარებია, შესაბამისად, სკ-ის 140-ე მუხლის გამოყენება კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ მითითებულ კანონდარღვევას ადგილი არა აქვს. პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მისი მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.
პალატა თვლის, რომ სასამართლომ სარჩელი სწორად მიიჩნია ხანდაზმულად და მიუთითა სკ-ის 140-ე მუხლზე და შკკ-ის 204-წ მუხლის I ნაწილზე.
უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინება გვიან ჩაბარდა, რის გამოც მას ხანდაზმულობის ვადა არ გაუშვია. სკ-ის 140-ე მუხლის I ნაწილით სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. განსახილველ შემთხვევაში თავდაპირველი სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული, ხოლო სასამართლოს განჩინება, სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე, მოსარჩელემ არ გაასაჩივრა და იგი კანონიერ ძალაში შევიდა. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს ამავე ნორმის მე-2 ნაწილის საფუძველზე ექვსი თვის ვადაში უნდა შეეტანა ახალი სარჩელი, რომლითაც ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად მიიჩნეოდა პირველი სარჩელის შეტანის დღიდან. უდავოა, რომ მოსარჩელეს მას შემდეგ, რაც შეიტყო სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე, არ გაუსაჩივრებია განუხილველად დატოვების შესახებ სასამართლოს განჩინება, ე.ი. მან სადავო არ გახადა საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. ახალი სარჩელი კი კანონით დადგენილ ვადაში არ არის შეტანილი, რის გამოც მხარემ გაუშვა შკკ-ის 204-ე მუხლის I ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.
ამდენად, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ი.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.