ას-7-310-04 28 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
თ. კობახიძე
სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა ქ. ქუთაისში, ... მდებარე ბენზინგასამართი სადგურის მესაკუთრედ ცნობა და მოპასუხეებს შორის 1996წ. 15 ოქტომბერს დადებული იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
საქმის განხილვისას მოსარჩელემ შეცვალა დავის საგანი, მოითხოვა ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების _ 26992 ლარის, ასევე უსაფუძვლო გამდიდრების სახით მიღებული 13634 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება, ასევე ი. ნ-ისათვის გადახდილი 1400 აშშ დოლარის დაკისრება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხე ი. ნ-ეს გააჩნდა ნებართვა ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობაზე. მან შესთავაზა პარტნიორობა და ბენზინგასამართი სადგურის აშენება, დაარწმუნა, რომ შეისყიდიდა იჯარით აღებული იმ მიწის ნაკვეთს, სადაც აიგებოდა ობიექტი. მას შემდეგ, რაც გაეცნო პროექტს, დაეთანხმა წინადადებას და დაიწყო მშენებლობა თავისი ფულადი სახსრებით და მასალებით, თავისივე მუშახელით. 1997წ. შუა რიცხვებამდე დაამთავრა მშენებლობა და ობიექტი გაუშვეს ექსპლოატაციაში იმავე წლის მაისში. მშენებლობაში ი. ნ-ეს არც ფინანსურად და არც მატერიალურად მონაწილეობა არ მიუღია. ობიექტის ექსპლოატაციაში გაშვების შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ ნ-ეს გაფორმებული ჰქონია მიწის იჯარის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გაუკეთებია პატენტი ბენზინით ვაჭრობაზე. ვინაიდან არ ჰყავდა ბუღალტერი, დოკუმენტაციას თავიდან თვითონ აწარმოებდა და კონტროლსაც ასევე უკეთებდა ოპერატორის მუშაობას, თვითონ ღებულობდა საწვავს და ასწორებდა ანგარიშს მიმწოდებელთან. ი. ნ-ესთან ურთიერთშელაპარაკების გამო 1999წ. იანვრიდან იგი მარტო განაგებს ბენზინგასამართ სადგურს. თანამოპასუხეს მოსთხოვა პასუხი, თუ რატომ დარჩა ხელშეკრულება გაფორმებული ი. ნ-ეზე, როცა ობიექტი მან ააშენა. მოსთხოვა ხელშეკრულების შეცვლა, მის სახელზე გაფორმება, რაზეც მიიღო უარი. შემდეგ გაარკვია, რომ ქარხანას ძველი ბენზინგასამართი სადგურის გადმოტანის ნებართვა ჰქონია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხეებმა შეიყვანეს შეცდომაში, მისი ფულადი სახსრებით და სამშენებლო მასალებით ააშენეს ბენზინგასამართი სადგური, შემდეგ კი გამოაგდეს პარტნიორობიდან.
მოპასუხე ი. ნ-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 1996წ. 15 ოქტომბერს ქარხანასთან გააფორმა ხელშეკრულება ტერიტორიის ქირით გადმოცემასა და ბენზინგასამართი სადგურის გადმოტანის შესახებ. 1997წ. 1 ივლისს გატარდა რეგისტრაციაში, როგორც ინდივიდუალური მეწარმე და შეუდგა საქმიანობას. ბენზინგასამართი სადგურის გადმოტანის შესახებ პროექტი დამუშავდა ქარხნის შეკვეთის საფუძველზე. იგი ადრეც და დღესაც არის სადავო ობიექტის ერთპიროვნული მფლობელი, ობიექტი აშენდა მისი საკუთარი სახსრებით. მოსარჩელე მოწვეული ჰყავდა, როგორც მშენებელი. მასთან რაიმე გარიგება პარტნიორობის შესახებ არ დადებულა, ხოლო სამუშაოების შესრულება საკუთრების ან მფლობელობის უფლებას არ წარმოშობს.
მოპასუხე ქარხნის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ი. ნ-ესა და თ. ბ-ს შორის გარიგების პირობები მათთვის უცნობია. მიწის ნაკვეთი არის ქარხნის საკუთრება და მის გასხვისებას ქარხანა არ აპირებს.
მოსარჩელის მიერ დაზუსტებული სარჩელის შემოტანის შემდეგ მოპასუხეებმა აღნიშნეს, რომ მოსარჩელე აწარმოებდა მშენებლობას და მას უხდიდნენ შესაბამის თანხებს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სადავო ობიექტი აშენებულია მოსარჩელის ხარჯებით. ობიექტი ქარხნის საკუთრებაა და სკ-ის 987-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეს უფლება აქვს, მოითხოვოს დანახარჯების ანაზღაურება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქუთაისის ... ქარხანას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 26 993 ლარის, ასევე დაეკისრა ექსპერტიზისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯები, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ბ-მა და სს „... ქარხნის“ წარმომადგენელმა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 1996წ. 15 ოქტომბერს ... ქარხანასა და ი. ნ-ეს შორის 324 კვ.მ-ზე დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება ბენზინგასამართი სადგურის აშენებისა და ბენზინის რეალიზაციის მიზნით. ბენზინგასამართი სადგური ექსპლუატაციაში გავიდა 1997წ. 19 ივნისს.
ი. ნ-ე იყო ინდივიდუალური მეწარმე და ეწეოდა საქმიანობას აღნიშნულ სადგურზე.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ იგი იყო ი. ნ-ის პარტნიორი. სასამართლომ მოწმეთა ჩვენება არ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად პარტნიორობის დასადასტურებლად. მხოლოდ ის ფაქტი, რომ თ. ბ-ი ბენზინგასამართ სადგურზე ინდ. მეწარმე ი. ნ-ის სახელით ან დამოუკიდებლად აწარმოებდა სხვადასხვა სამუშაოებს, იხდიდა საიჯარო თანხას, შემოჰქონდა ბენზინი, ქირაობდა მუშებს და სხვა, სააპელაციო პალატამ ასევე არ მიიჩნია პარტნიორობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. სააპელაციო პალატის აზრით, პირის პარტნიორად ყოფნა შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ სასამართლოში რეგისტრირებული საზოგადოების წესდებით, რაც მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებები, ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების შესახებ, სასამართლომ არ მიიჩნია სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად, რადგან ამ მტკიცებულებით არ დგინდებოდა ვის მიერ იყო ხარჯები გაწეული და რა დანიშნულებით.
სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელეს საავიაციო ტექნიკურ ქარხანასთან არავითარი შეთანხმება არ ჰქონია, არავითარი სახელშეკრულებო ან კანონისმიერი ვალდებულება მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ, სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებლად მიიჩნია. 2003წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და თ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თ. ბ-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1200 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-მა, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
კასატორის მოსაზრებით, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, იგი არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზიდან, არ არის დაცული სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, არ არის აღნიშნული რის საფუძველზე უარყო ან გაიზიარა სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეების განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ დარღვეულია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო პალატის დასკვნა იმის შესახებ, რომ სადავო ობიექტის მშენებლობაზე მოსარჩელის პირადი სახსრების გახარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება, ვერ იქნება გაზიარებული.
სსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ი. ნ-ის მიერ იმ გარემოების დადასტურება რომ მშენებლობა აწარმოა მოსარჩელემ, უნდა ჩაითვალოს საკმარის მტკიცებულებად. ხოლო, რაც შეეხება იმ გარემოებას, მოსარჩელეს გადაუხადეს შესაბამისი თანხები, აღნიშნულის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ მოსარჩელეს გადაუხადა მშენებლობის ხარჯები. სკ-ის 429-ე მუხლი უფლებას ანიჭებს მოვალეს, მოეთხოვა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული გარემოება სასამართლოს მიერ არ არის სათანადოდ შეფასებული. სასამართლომ მტკიცების ტვირთი დააკისრა მოსარჩელეს, რაც არასწორია, რადგან კანონის თანახმად, ვალდებულების შესრულების (მშენებლობისათვის ხარჯების გადახდის) მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს.
საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ სხვადასხვა სამუშაოების წარმოება, იჯარის თანხის გადახდა, მუშების დაქირავება, ბენზინის შემოტანა და სხვა არ შეიძლება ჩაითვალოს პარტნიორობის დამადასტურებლად, პარტნიორობის დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოში რეგისტრირებული საზოგადოების წესდებით.
სკ-ის 930-ე მუხლით ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს Dვალდებულებას, ერთობლივად იმოქმედოს საერთო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშერულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. ამავე კოდექსის 931-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს წერილობით ან ზეპირად.
აღნიშნული ნორმების თანახმად, ორ ან რამდენიმე პირს შეუძლია ზეპირი ხელშეკრულებით, იურიდიული პირის შეუქმნელად, (ე.ი. სასამართლოში რეგისტრაციის გარეშე) ერთობლივად იმოქმედონ საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, არ არის სრულყოფილად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნულის გამო გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და დაბრუნდეს ხელახლა განსახილველად.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სრულად უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებები უნდა განიხილოს ყოველმხრივ და მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.