Facebook Twitter

ას-732-986-04 12 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

თ. კობახიძე

დავის საგანი: რეესტრში შეტანილი ცვლილების გაუქმება, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაშვება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 3 ნოემბერს თ. კ.-მ სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს 2002წ. 5 ნოემბრის დადგენილების გაუქმება და დირექტორად დაშვება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომთბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999წ. 23 სექტემბრის დადგენილებით რეგისტრირებულია შპს „ს.-ი“. 2001წ. 31 ივლისს შპს „ს.-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დაინიშნა დირექტორად.

2002წ. 3 აპრილის ¹18 ოქმის საფუძველზე სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან.

მოსარჩელის განცხადებით, 2002წ. 25 ივლისს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მისი დატოვების თაობაზე. სასამართლოს 2002წ. 5 ნოემბრის დადგენილებით რეესტრში ცვლილებების შემდეგ დირექტორი გახდა ე. ნ.-ა.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სამეთვალყურეო საბჭომ გაათავისუფლა აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან და არა დირექტორის თანამდებობიდან. კომბინატს დღეისათვის ჰყავს ორი დირექტორი.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ნოემბრის დადგენილებით შპს „ს.-ის“ სამეწარმეო რეესტრში მომხდარი ცვლილებების რეგისტრაცია და თ.კ.-ე დაშვებულ იქნა კომბინატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე.

არ დაეთანხმა რა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას, შპს „ს.-მ“ იგი სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო საჩივრის ავტორი უთითებდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და იგი უნდა გაუქმდეს, რადგან სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნები.

აპელანტის განცხადებით, სარჩელის მოთხოვნა იყო სასამართლოს 2002წ. 5 ნოემბრის დადგენილების გაუქმება, დირექტორის თანამდებობაზე დაშვება და ხელშეშლის აღკვეთა. სასამართლომ კი გადაწყვიტა ცვლილებების რეგისტრაციის გაუქმება და თ.კ.-ის არა დირექტორის, არამედ დირექტორის თანამდებობრივი უფლებების განსახორციელებლად დაშვება. ხელშეშლის აღკვეთაზე კი არ უმსჯელია.

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს „ს.-ის” 2002წ. 4 ნოემბრის სხდომის ოქმით აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა ე.ნ.-ა, 5 ნოემბრის დადგენილებით კი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა ცვლილება, ამიტომ, აპელანტის განცხადებით, მოსარჩელეს უნდა ედავა თანამდებობაზე აღდგენაზე და არა დაშვებაზე. დაშვებაზე იგი იდავებდა იმ შემთხვევაში, თუ იგი რეესტრში რეგისტრირებული იქნებოდა დირექტორად, მაგრამ მას არ შეუშვებდნენ დაწესებულებაში და არ მისცემდნენ მუშაობის საშუალებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელს ეთქვა უარი.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს:

დადგენილია, რომ 2002წ. 3 აპრილს შპს „ს.-ის“ დირექტორად სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დანიშნულ იქნა თ.კ.-ე.

შპს „ს.-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2002წ. 3 აპრილის ¹18 ოქმის თანახმად, თანამდებობიდან გათავისუფლდა კომბინატის დირექტორი თ.კ.-ე და დაინიშნა კომბინატის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად 3 თვის ვადით _ 2002წ. 1 ივლისამდე.

ამავე კომბინატის სამეთვალყურეო საბჭოს 2002წ. 25 ივლისის ¹23 ოქმის თანახმად, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება გადაიდო სამსახურში მის გამოცხადებამდე იმ საფუძვლით, რომ იგი იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე.

დადგენილია, რომ შპს „ს.-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2002წ. 31 ოქტომბრის ¹26 ოქმის თანახმად, თანამდებობიდან გათავისუფლდა აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თ.კ.-ე. აღნიშნული გათავისუფლება სასამართლოში გაასაჩივრა თ.კ.-ემ. სასამართლოს მიერ განთავისუფლება მიჩნეულ იქნა კანონიერად და მას ეთქვა უარი თანამდებობაზე აღდგენაზე, რაც შევიდა კანონიერ ძალაში.

დადგენილია, რომ 2002წ. 4 ნოემბრის სხდომის ოქმით ე.ნ.-ა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დანიშნულ იქნა შპს „ს.-ის“ აღმასრულებელ დირექტორად.

დადგენილია, რომ 2002წ. 5 ნოემბერს განხორციელდა საწარმოს ცვლილებების რეგისტრაცია და სამეწარმეო რეესტრში აღმასრულებელ დირექტორად აღირიცხა ე.ნ.-ა.

2002წ. 31 ოქტომბრის ¹26 ოქმით მოსარჩელე გათავისუფლდა აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან, რაც სადავო გახდა სასამართლო წესით და მას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელზე ეთქვა უარი.

ის ფაქტი, რომ 2002წ. 3 აპრილის ოქმი, რითაც ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, არ გატარდა სამეწარმეო რეესტრში, ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაცია არის მესამე პირებისათვის და არა თვითონ შპს-ს წარმომადგენლებისთვის.

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ 2002წ. 5 ნოემბრის გაუქმებული დადგენილების გარდა არსებობს 2002წ. 4 ნოემბრის სხდომის ოქმი, რომელიც არავის გაუუქმებია და რომლითაც ე.ნ.-ა დანიშნულია კომბინატის დირექტრად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

კასატორის მითითებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ თ. კ.-მ სასამართლოში გაასაჩივრა 2002წ. 31 ოქტომბრის ¹26 ოქმით აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან მისი გათავისუფლება, მაგრამ მას ეთქვა უარი აღდგენაზე, რაც შევიდა კანონიერ ძალაში. კასატორი მიუთითებს, რომ არ არსებობს 2002წ. 31 ოქტომბრის ოქმის გამო თ. კ.-ის სარჩელის უარყოფის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული რაიმე გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2003წ. 30 ოქტომბერს მიიღო რა თ. კ.-ის განაცხადი სარჩელზე უარის თქმაზე, გააუქმა საქმეზე ყველა გამოტანილი გადაწყვეტილება და საქმე წარმოებით შეწყვიტა. დადგენილია, რომ თ. კ.-ე კომბინატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლებულ იქნა სამეთვალყურეო საბჭოს 2002წ. 3 აპრილის ¹1 ოქმით და დაეკისრა აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შესრულება 3 თვის ვადით _ 2002წ. 1 ივლისამდე, რის გამოც ცვლილებები “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.4 მუხლით გათვალისწინებული წესით საწარმოს სამეწარმეო რეესტრში არ ყოფილა რეგისტრირებული, კანცელარიას დაევალა კომბინატის კადრების განყოფილებაში მისი გატარება. თ. კ.-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება სასამართლოში მომხდარი რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტი იყო და ცვლილება ძალაში შედიოდა, მხოლოდ მისი რეგისტრაციის შემდეგ, რაც არ მომხდარა. კასატორის განცხადებით, თ. კ.-ე დარჩა აღმასრულებელ დირექტორად და იგი დღემდეა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი აღმასრულებელი დირექტორი.

კასატორის განცხადებით, მას არ მოუთხოვია დადგენილების გაუქმება, რომლითაც მოხდა რეგისტრაციის ცვლილება და დირექტორად დაინიშნა ნ.-ა. იგი ითხოვდა სამეწარმეო რეესტრში მომხდარი ცვლილებების გაუქმებას და არა სასამართლოს დადგენილების გაუქმებას.

თ. კ.-ე გათავისუფლდა აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან, ხოლო დირექტორის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ არ დარეგისტრირებულა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არ დაასაბუთა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება თ. კ.-ის აღმასრულებელ დირექტორად დაშვების შესახებ, ასევე უნდა გაუქმდეს ვაკე საბურთალოს რაიონული სასამართლოს დადგენილებით მომხდარი ცვლილებების რეგისტრაცია და აღიკვეთოს თ. კ.-ის მიმართ ხელშეშლა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სსკ-ის 249-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

გადაწყვეტილების შეცვლისას მითითებულ უნდა იქნეს იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და რომლებმაც გამოიწვია საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა. თუ სამართლებრივი თვალსაზრისის გამო იცვლება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, უნდა მიეთითოს, რომელი კანონი გამოიყენა სასამართლომ არასწორად ან რომელი კანონი უნდა გამოეყენებინა მას.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების თანახმად, 2002წ. 31 ოქტომბერს შპს “სამკურნალო კომბინატის” სამეთვალყურეო საბჭომ თანამდებობიდან გაათავისუფლა აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თ.კ.-ე, რაც გასაჩივრდა სასამართლოში. სასამართლოს მიერ განთავისუფლება მიჩნეულ იქნა კანონიერად და თ. კ.-ეს უარი ეთქვა თანამდებობაზე აღდგენაზე. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 30 ოქტომბრის განჩინებით ამ საქმეზე გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის წარმოება შეწყდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.

სააპელაციო პალატა არ მიუთითებს, რა იურიდიული მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისათვის მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რატომ ანიჭებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, თუ ასეთი არსებობს, მოცემული საქმისათვის გადამწყვეტ მნიშვნელობას.

სსკ-ის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის მიღების ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ.

თუ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა მიმდინარეობს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით მითითებულ საქმეზე, ასეთ შემთხვევაში მას უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ დავა წამოიწყო ახალი საფუძვლებით, კერძოდ, იგი მოითხოვს თ. კ.-ის აღმასრულებელ დირექტორად დაშვებას, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს დადგენილებით მომხდარი ცვლილებების რეგისტრაციის გაუქმებას, თ. კ.-ის მიმართ ხელშეშლის აღკვეთას.

“მეწარმეთა შესახებ”კანონის 5.6 მუხლის თანახმად, 5.4 მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტების ყოველი ცვლილება ასევე საჭიროებს რეგისტრაციას. ცვლილება ძალაში შედის მხოლოდ მისი რეგისტრაციის შემდეგ.

სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ თ. კ.-ე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად გადაიყვანეს. სააპელაციო პალატას არ მიუცია შეფასება სამეთვალყურეო საბჭოს 2002წ. 3 აპრილის სხდომის ოქმისათვის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, არ დაუდგენია აღნიშნული დოკუმენტის მიღების მიზანი, არ შეუფასებია, რამდენად დასაშვები იყო ასეთი გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლობიდან გამომდინარე და რა სამართლებრივი შედეგები მოსდევს მას; აუცილებელი იყო თუ არა აღნიშნული ფაქტის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში; სასამართლოს არ უმსჯელია, რამდენად სწორად იქნა განხორციელებული მომდევნო ცვლილებები სამეწარმეო რეესტრში; პალატა არ მიუთითებს, რა დარღვევები იქნა დაშვებული რაიონული სასამართლოს მიერ.

აღნიშნულ გარემოებათა გამო, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 20 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.