Facebook Twitter

ას-73-378-04 11 მაისი, 2004 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. კ-მა სარჩელი აღძრა ლ. მ-ე-კ-ისა და ქ. კ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მათი გამოსახლება თბილისში, ... მდებარე სახლის ერთი 16 კვ.მ ოთახიდან. სარჩელის საფუძვლად მიუთითა შემდეგი გარემოება: 1966 წლიდან 1996 წლამდე იგი ცხოვრებდა ზემოაღნიშნულ ოთახში მესაკუთრისაგან ე.წ. დათმობის წესით მიღებული უფლების საფუძველზე. 1996 წელს მოპასუხეებმა ისარგებლეს იმით, რომ იგი დროებით ქალაქიდან იყო გასული და შეიჭრნენ მის ოთახში, გამოიტანეს ნივთები, ჩაალაგეს მანქანაში და გაუგზავნეს სოფ. ბაისუბანში, სადაც იგი იმ დროს იმყოფებოდა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ თბილისში, ... მდებარე სახლმფლობელობა ირიცხებოდა აწ გარდაცვლილი დ. და ა. გ-ების სახელზე. აღნიშნული პირებისაგან აწ გარდაცვლილმა დ. მ-ემ (მოპასუხის მამამ) შეისყიდა აღნიშნული სახლთმფლობელობის ნაწილი _ 28 კვ.მ მოსარჩელე ნ. კ-ს არ შეუსყიდია სადავო ფართი, რადგან თვით აწ გარდაცვლილი დ. მ-ის ოჯახისთვისაც კი საცხოვრებლად დაკავებული ფართი ძალზე მცირე იყო. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილი ფართის დათმობის თაობაზე (1966 წ. 15 აგვისტო) ნამდვილი არ არის, რაც შეეხება სადავო ფართზე ჩაწერას, ნ. კ-ი იმიტომ არ ჩაწერეს, რომ ბინის მეპატრონისაგან არ ჰქონდა თანხმობა და არა იმიტომ, რომ ბინა რეკონსტრუქციის ზონაში მდებარეობდა.

მესამე პირმა _ ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობამ მხარი დაუჭირა ნ. კ-ის სარჩელს და განმარტა, რომ იგი თანახმაა, მოსარჩელე ბინაში შესახლდეს.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა _ მოპასუხეები ლ. მ-ე-კ-ე და ქ. კ-ე თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლდნენ თბილისში, ... მდებარე 16 კვ.მ საცხოვრებელი ოთახიდან.

სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისში ... მდებარე სახლთმფლობელობა უკანონო ნაგებობაა და იგი ირიცხება აწ გარდაცვლილი დ. და ა. გ-ების სახელზე. 1966წ. აგვისტოში აწ გარდაცვლილ დ. მ-ესთან შეთანხმებით, რომელიც ე.წ. დათმობის წესით ფლობდა ფართს, ნ. კ-მა დაიკავა თბილისში, ... მდებარე 8 კვ.მ ერთი საცხოვრებელი ოთახი. დადგენილია, რომ მოგვიანებით ნ. კ-მა დ. მ-ის ოჯახის წევრებთან შეთანხმების საფუძველზე მის მფლობელობაში არსებული 8 კვ.მ სადავო საცხოვრებელი ოთახი გაზარდა 16 კვ.მ-მდე იმავე ეზოში არსებული საკუჭნაოს ხარჯზე. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეებმა 1996წ. 2 მარტს თვითნებურად დაიკავეს მოსარჩელის სარგებლობაში არსებული ფართი. სასამართლომ მოსარჩელე მიიჩნია კეთილსინდისიერ (მართლზომიერ) მფლობელად და სკ-ის 159-160-ე მუხლების საფუძველზე მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

აპელანტების მოსაზრებით, სადავო ფართობი წარმოადგენს უკანონო სახლთმფლობელობის ნაწილს, რომელიც ირიცხება დ. და ა. გ-ებზე და ამ ნაგებობიდან 28 კვ.მ ერთი ოთახი დამხმარე ფართია. შინაურული ხელშეკრულებით 1961 წელს იყიდა მ-ების ოჯახმა, რის შემდეგ ისინი ჩაეწერნენ კიდეც ამ მისამართზე და ნ. კ-ისაგან განსხვავებით იხდიდნენ გადასახადს. აპელანტების მოსაზრებით, ნ. კ-ის ჩაწერა ბინაში არ მოხდა არა იმიტომ, რომ სახლი რეკონსტრუქციის ზონაში იყო, არამედ იმის გამო, რომ ამაზე არ ყოფილა არც სახლის მესაკუთრეების და არც მ-ების თანხმობა. მოსარჩელემ სადავო ფართი 1994 წელს მიატოვა, ხოლო მას შემდეგ რაც აპელანტების საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა და მათი ბინა დაზიანდა, ისინი იძულებული გახდნენ დაეკავებინათ სადავო ოთახი. აპელანტების მოსაზრებით, მათ აქვთ ამ ოთახის ფლობის უკეთესი უფლება და ნ. კ-ის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი:

უდავოა, რომ სახლი მდებარე თბილისში, ..., უკანონო ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც ირიცხება დ. და ა. გ-ების სახელზე. მხარეთა შორის უფლებრივად სადავოა ამ სახლთმფლობელობის ლიტ „ა“-ში 14.9 კვ.მ ¹10 ოთახი. დადგენილია, რომ ნ. კ-ი 1966 წლიდან 1996 წლამდე ანუ 30 წლის მანძილზე, ფლობდა სადავო ოთახს (ლიტ. „ა“G¹10), ხოლო მ-ები ლიტერ „ა“-ში ¹1 ოთახს. ოთახებს შორის გამავალი კარი არ ყოფილა. ორივე ოთახს ჰქონდა დამოუკიდებელი შესასვლელი. სასამართლომ დაადგინა, რომ 1996წ. 2 მარტს მოპასუხეები შეიჭრნენ ნ. კ-ის მფლობელობაში არსებულ ოთახში და იგი დაიკავეს.

სასამართლომ ნ. კ-ი სკ-ის 159-ე მუხლის საფუძველზე ჩათვალა კეთილსინდისიერ მფლობელად და ამავე კოდექსის 160-ე მუხლზე მითითებით მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია.

სასამართლომ მიუთითა, რომ ნივთი ნ. კ-ის მფლობელობიდან გავიდა ძალადობის გზით, ასეთ შემთხვევაში კანონი იცავს ძველი მფლობელის ინტერესებს იმის მიუხედავად, აქვს თუ არა ახალ მფლობელს ნივთის ფლობის უკეთესი უფლება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. და ქ. კ-ებმა.

კასატორები თვლიან, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ, მოსარჩელე მათ ოჯახში ცხოვრობდა, როგორც ნათესავი. ნ. კ-ი სადავო ფართში, როგორც დამოუკიდებელი ოჯახი, რომ არ ცხოვრობს, ამას ადასტურებს ის, რომ იგი კომუნალურ გადასახადებს არ იხდიდა. ნ. კ-ი მხოლოდ ელექტროენერგიის გადასახადს იხდიდა, რადგან 1975-77 წლებში იგი შეკვეთებს იღებდა და კერავდა. საქმეში არსებული ცნობით ირკვევა, რომ ნ. კ-ი 1981 წლიდან ცხოვრობდა ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... და მას ერიცხება 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი. ამავე ცნობით დასტურდება, რომ ნ. კ-ი სოფ.ში ცხოვრობდა და არა სადავო ოთახში. ამდენად, სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი.

კასატორებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა ნორმები მფლობელობის შესახებ, რადგან ნ. კ-ი 1981 წლიდან უკვე აღარ ფლობდა სადავო ფართს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (საქმის გარემოებების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევით).

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ საქმეზე არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული საკასაციო საჩივრის საფუძველი დასაბუთებულ პრეტენზიად რომ იქნეს მიჩნეული, კასატორი უნდა მიუთითებდეს, თუ რომელი საპროცესო ნორმები იქნა დარღვეული სასამართლოს მიერ. სსკ-ის 403-ე მუხლის პირველი ნაწილით საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითითებული ფაქტებისა (ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუ საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება). ამასთან, სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა იმ მტკიცებულებებზე, რომლებითაც დაადგინა მოსარჩელის 1966 წლიდან 1996 წლამდე სადავო ფართში ცხოვრების ფაქტი. სასამართლომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებებად მიუთითა მოწმეთა ჩვენებებზე და ელექტროენერგიის ღირებულების გადახდის ქვითრებზე. პალატა მიუთითებს, რომ სასამართლომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას შეაფასა ის მტკიცებულებანი, რაც მხარეებმა წარადგინეს. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

პალატა მიუთითებს, რომ საქმეზე სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევა, რომ ნ. კ-ი ე.წ. „დათმობის“ წესით 1966 წლიდან ფლობდა სადავო ფართს, რომელიც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაიკავეს მოპასუხეებმა. კასატორის მიერ მითითებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ნ. კ-ს ლაგოდეხის რაიონის სოფ. .... აქვს სახლი და ერიცხება 0.25 ჰა მიწის ნაკვეთი, არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომელიც ე.წ. „დათმობის“ წესით ფართის მოსარგებლეს ამ უფლებას გაუქარწყლებდა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სწორად მიუთითა სკ-ის 159-160-ე მუხლებზე, რადგან მოსარჩელე კეთილსინდისიერი მფლობელია და მას უფლება აქვს, ახალ მფლობელს ნივთის (ფართის) უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხეებმა სასამართლოს ვერ წარუდგინეს ისეთი შესაგებელი, რომელიც დაასაბუთებდა მფლობელობის სამართლებრივ საფუძვლიანობას. მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს, რომ სადავო ფართის მესაკუთრეები არიან ან სხვა რაიმე საფუძვლით ფლობენ სადავო ფართს. ამდენად, საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. მ-ე-კ-ისა და ქ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაიო პალატის 2003წ. 12 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გადაეგზავნოს მხარეებს.