Facebook Twitter

საქმე # 330141221004286931

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №418I-21 თბილისი

ლ.ჯ. 418I -21 1 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ლ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 მაისის განაჩენით ჯ. ლ. - დაბადებული ... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება - 2 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობისას ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება - 2 წლით; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 30 ნოემბრის №002/15-2779 გადაწყვეტილებითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინებით დადგენილი პირობითი მსჯავრი; ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ჯ. ლ-ს მიესაჯა - 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება - 2 წლით. ჯ. ლ-ს თავისუფლების აღკვეთა აეთვალა 2020 წლის 23 თებერვლიდან.

3. 2021 წლის 20 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №17 დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ ჯ. ლ-ს პირადი საქმე.

4. ჯ. ლ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებისათვის სასამართლოს წინაშე დაზარალებულის თანხმობის წარმოსადგენად ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განისაზღვრა - 6 თვიანი ვადა.

5. ჯ. ლ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №17 პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2021 წლის 22 მარტს, სასჯელის მოხდის გამო.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. ლ-ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ჯ. ლ-მ, რომელიც ითხოვს განჩინების გაუქმებასა და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ჯ. ლ-ზე არ გაავრცელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი და მართებულად მიუთითა, რომ ვინაიდან ჯ. ლ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 მაისის განაჩენით შეფარდებული ძირითადი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა სრულად აქვს მოხდილი (მათ შორის მოხდილი აქვს ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელზე ნაწილობრივ დამატებული წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელი), სასამართლო მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას, ემსჯელა ჯ. ლ-ს მიმართ ბოლო განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და წინა განაჩენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით, ამავე კოდექსის 273-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებულ სასჯელებზე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებასთან დაკავშირებით.

3. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივართან ერთად წარმოდგენილია დაზარალებულ ქ. გ-ს 2021 წლის 26 ივლისის განცხადება, რომლითაც იგი თანხმობას აცხადებს, რომ ჯ. ლ-ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

5. ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ჯ. ლ-ს მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი და იგი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული დამატებითი სასჯელის - იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლების აკრძალვის - მოხდისაგან.

6. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ჯ. ლ-ს საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინება უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ჯ. ლ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინება;

3. ჯ. ლ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული დამატებითი სასჯელის - იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლების აკრძალვის - მოხდისაგან;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ.გაბინაშვილი