ას-734-1374-03 12 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
მ. ცისკაძე
დავის საგანი: მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს განცხადებით მიმართეს რ. გ-ამ და ნ. შ-ამ და მოითხოვეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
მითითებული გადაწყვეტილებით განმცხადებლებს დაეკისრათ მ. შ-ას სასარგებლოდ 859 ლარის გადახდა, ხოლო მ. შ-ას უარი ეთქვა ჭიშკრის გადატანის, კუთხოვანი რკინის, ძრავის ღირებულების, მოწმეების ჩამოყვანის ღირებულების ანაზღაურებაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა რ. გ-ასა და ნ. შ-ას განცხადებები.
განჩინების საფუძვლად საოლქო სასამართლომ შემდეგი გარემოებანი მიუთითა:
სსკ-ის 423-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, მიეთითებინა ახალ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განცხადების ავტორებს საშუალება ჰქონდათ მათ მიერ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებული გარემოებების შესახებ მიეთითებინათ საქმის განხილვის დროს, რაც მათ მიერ არ იქნა განხორციელებული.
განცხადების განხილვისას რ. გ-ამ და ნ. შ-ამ სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის საწინააღმდეგოდ ვერ დაასაბუთეს, რატომ ვერ შეძლეს მიეთითებინათ მათ მიერ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად დასახელებულ გარემოებებზე საქმის განხილვის დროს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა განმცხადებლების მოსაზრება მოსამართლე თ. ს-ის საქმის განხილვაში მონაწილეობის შეუძლებლობის შესახებ, რადგან მათ არ გამოუთქვამთ აცილება მოსამართლე თ. ს-ის მიმართ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს რ. გ-ამ და ნ. შ-ამ.
კასატორებმა საკასაციო საჩივრის საფუძვლად შემდეგი გარემოებანი მიუთითეს:
საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა, რომლებსაც ადრე განხილული აქვთ აღნიშნული საქმე. კერძოდ, თ. ს-ემ მიიღო მონაწილეობა მესამეჯერ, ხოლო შ-ემ და გ-ამ განმეორებით.
შპს “ა-ის” ხარჯთაღრიცხვა, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას შედგენილია დარღვევით და ყალბია. კასატორები აღნიშნავენ, რომ შპს “ა-ის” არსებობა მათთვის ცნობილი გახდა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას.
კასატორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 373-ე მუხლი და კასატორს გაუგზავნა მარტო შ-ას საჩივარი 8 ფურცლად და არ გაუგზავნა ხარჯთაღრიცხვა, რომელიც შეადგენს 4 ფურცელს, სულ 12 ფურცელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორები მოითხოვენ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ რ. გ-ასა და ნ. შ-ას საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნ. შ-ას და რ. გ-ას მ. შ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მავთულბადის ღირებულების ნახევარი – 59,5 ლარი, ასფალტის საფარის აღდგენის ფასი – 120 ლარი, აივნის აღდგენისათვის – 272 ლარი, სახლის წინა მხარეს გამყოფი კედლისათვის 41 ლარი,M უკანა მხარეს გამოყოფილი კედლისათვის – 196,5 ლარი, კიბის ღირებულება – 120 ლარი, ვაზის ტალავერის აჭრისათვის 100 ლარი, სულ 859 ლარი.
მ. შ-ას უარი ეთქვა ჭიშკრის გადატანის, კუთხოვანი რკინის, ძრავის ღირებულების და მოწმეების ჩამოყვანის ღირებულების ანაზღაურებაზე.
საქმის წარმოების განახლების საფუძვლად რ. გ-ამ და ნ. შ-ამ მიუთითეს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 2003წ. 18 აპრილის შემოწმების აქტი. ასევე ის გარემოება, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც ადრე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული 2001წ. 14 ივნისის განჩინების გამოტანაში.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ მიიჩნია განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი გარემოებები საქმის წარმოების განახლების საფუძვლად.
სსკ-ის 423-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით თუ მხარეს თავის ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
ამავე კოდექსის მეოთხე მუხლის თანახმად შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვის დამთავრებამდე წარედგინა სასამართლოში ერთ-ერთი მტკიცებულება, კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალური გამოკვლევათა ცენტრის მიერ შედგენილი შემოწმების აქტი.
სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის მიხედვით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული კასატორების პრეტენზია სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის არსებობის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მოსამართლე თ. ს-ე მონაწილეობდა საქმის განხილვაში, როგორც 2001წ. 14 ივნისს, ისე 2002წ. 5 ნოემბერს.
სსკ-ის 29-ე მუხლის თანახმად მოსამართლეს არ ეკრძალება ერთიდაიმავე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობა. თუმცა აღნიშნული გარემოება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ახლად აღმოჩენილად ვინაიდან მხარეს საქმის წარმოების დასრულებამდე არაერთხელ ჰქონდა საშუალება დადგენილი საპროცესო ფორმით განეცხადებინა აღნიშნული პრეტენზია, რაც მისი ბრალით არ გაუკეთებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. შ-ას და რ. გ-ას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.