Facebook Twitter

საქმე # 330802221004734425

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№423I-21 ქ. თბილისი

ბ. ს. (ს.), 423I-21 4 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. (ს.) ბ-ს (S. B.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. ბ-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2007 წლის 25 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის ე-ს საქალაქო მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ს. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 220-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შეიარაღებული დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

2011 წლის 6 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მე-9 სამმართველოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.

2013 წლის 16 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის ტ-ს რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ ზემოაღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით გამოსცა ს. ბ-ს დაკავების შესახებ ბრძანება.

2011 წლის 14 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის ტ-ს რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა საბრალდებო აქტი, რომლის თანახმად, ს. ბ-ს ბრალი დაედო თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 106-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მუქარა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით), 86-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (განზრახ დაჭრა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით) და 125-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (შეურაცხყოფის მიყენება) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში. ამასთან, 2020 წლის 20 ნოემბერს, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის მხარემ გაითხოვა ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა 2011 წლის 14 დეკემბრის საბრალდებო აქტში აღწერილ დანაშაულებთან დაკავშირებით.

2013 წლის 30 დეკემბერს ს. ბ-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობს შემდეგში:

ს. ბ. თურქეთის რესპუბლიკაში დააარსა და ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა დროს გაწევრიანდნენ ა. ბ., ე. ა., ბ. გ. და სხვა პირები. 2003 წელს და მის შემდგომ პერიოდში, 200...-200... წლების განმავლობაში, როდესაც ს. ბ. გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე მოთავსებული იყო გ-ს სახელობის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მისი დაჯგუფების წევრებს აძლევდა წერილობით მითითებებს და დავალებებს ქ. ტ-ში მდებარე კაფეებისა და სასტუმროების მეპატრონეებისა და სასტუმროებში დასაქმებულ უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეების მიმართ ფიზიკური ძალადობისა და იარაღის გამოყენებით თანხის გამოძალვის, პროსტიტუციაში ჩართვისა და სხვადასხვა განზრახი დანაშაულის ჩადენის თაობაზე, მაგალითად: 2003 წლის 6 მარტს ქ. ტ-ში მდებარე სასტუმრო ,,დ-ში“ დაჯგუფების წევრები თანხის გამოძალვის მიზნით თავს დაესხნენ და ჩაიდინეს ძალადობა ბ. ბ-ს და მ. ჩ-ს მიმართ, ხოლო 2003 წლის 7 მარტს იმავე სასტუმროში თავს დაესხნენ მ. თ-ს, მ. ჩ-ს და ი. თ-ს. ასევე, 2004 წლის 12 იანვარს დაჯგუფების წევრებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს დაზარალებული ს. მ. ამდენად, ს. ბ-ს მითითებების შესაბამისად, დაჯგუფების წევრებმა დროის აღნიშნულ პერიოდში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით არაერთ პირს გამოსძალეს თანხა, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მათზე ფიზიკურად იძალადეს და ჩაიდინეს სხვადასხვა ხასიათის დანაშაულებრივი ქმედებები.

3. ს. ბ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2014 წლის 24 თებერვალს ს. ბ. ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

2014 წლის 27 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ს. ბ-უს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა - 3 თვით.

2014 წლის 24 მარტს და 16 აპრილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ს. ბ-ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობები და შესაბამისი დანართი მასალა.

2014 წლის 22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ს. ბ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა - 3 თვით, 6 თვემდე - 2014 წლის 24 აგვისტომდე.

2014 წლის 22 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ს.ნ ბ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2014 წლის 24 ნოემბრამდე.

2014 წლის 31 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ს. ბ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა შეიცვალა 10 000 (ათი ათასი) ლარი გირაოთი და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

4. 2021 წლის 14 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ, რომელმაც მოითხოვა, რომ დასაშვებად იქნეს ცნობილი ს. ბა-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ე-ს საქალაქო მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2007 წლის 25 იანვრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 220-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შეიარაღებული დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დასაშვებად იქნა ცნობილი ს. ბ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ე-ს საქალაქო მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2007 წლის 25 იანვრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 220-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შეიარაღებული დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა).

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. ბ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. რ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინების გაუქმებას, შემდეგი საფუძვლებით: თურქეთის რესპუბლიკაში ს. ბ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში ციხეში ვერ იზრუნებენ მის უსაფრთხოებაზე, სადაც მის სიცოცხლეს კერძო პირების მხრიდან დაემუქრება საფრთხე; ს. ბ. თურქეთის რესპუბლიკის ციხეში ორჯერ იხდიდა სასჯელს სამარტოო საკანში, რაც წარმოადგენს ადამიანის წამებას; ს. ბ-ს 2017 წელს საქართველოში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირისგან შეეძინა შვილი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და რომელსაც თვითონ უვლის, რადგან ბავშვის დედამ, რომელიც ეროვნებით ქართველია, უარი განაცხადა მშობლის მოვალეობის შესრულებაზე. ამ ვითარებაში კი დაუშვებელია ს. ბ-ს ექსტრადიცია.

7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზურაბ როსტიაშვილის საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.

8. პროკურორმა წარმოადგინა თავისი პოზიცია საკასაციო საჩივართან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარეს რაიმე მასალა თუ შუამდგომლობა არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. თურქეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ს. ბ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2014 წლის 24 თებერვალს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. კასატორის მითითებით, ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ს. ბ-ს ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე კერძო პირების მხრიდან, რომელთაც ამოძრავებთ შურისძიება და სისხლის აღების სურვილი. აღნიშნულის დასადასტურებლად დაცვის მხარემ წარმოადგინა თურქეთის რესპუბლიკის სამსუნის რეგიონული პოლიციის დეპარტამენტის 2010 წლის 15 და 16 სექტემბრით დათარიღებული მიმართვის წერილები ბაფრას პროკურატურისა და კონტრაბანდისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოსა და სამსუნის პოლიციის მიმართ, რომელთა თანახმად, პოლიციის დეპარტამენტი მოცემულ უწყებებს აცნობებს, რომ ს. ბ-ს მიმართ (რომელიც იმ დროისთვის მოთავსებული იყო ბაფრას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში) სხვა დანაშაულებრივი დაჯგუფების მხრიდან არსებობს თავდასხმის საფრთხე და მიმართავს თხოვნით, რომ მისი უსაფრთხოების მიზნით, გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები.

5. ამ კონტექსტში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა მოახდინეს მყისიერი რეაგირება და მიიღეს სათანადო ზომები ს. ბ-ს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ისევე როგორც - სასჯელაღსრულების შესაბამისმა დაწესებულებამ, რომელშიც ს. ბ. სასჯელს იხდიდა, რაზეც მეტყველებს ასევე დაცვის მხარის მიერვე წარმოდგენილი სხვა დოკუმენტებიც, რომელთა თანახმად დგინდება, რომ ბაფრას სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ 2010 წლის 22 სექტემბრისა და 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებებით უსაფრთხოების მიზნით მიიღო გადაწყვეტილება ს. ბ-ს ცალკე საკანში გადაყვანის შესახებ. ამასთან, კერძო პირთა მხრიდან ს. ბ-ს მიმართ რეალური მუქარის არსებობაც კი იმთავითვე არ წარმოადგენს ექსტრადიციის შემაფერხებელ გარემოებას, ვინაიდან როგორც აღინიშნა და როგორც წარმოდგენილი საქმის მასალები ცხადყოფს, მოცემულ შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკა ჯეროვნად ასრულებს საკუთარ ვალდებულებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის კონტექსტში ს. ბ-ს უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით და მომავალშიც, საჭიროების შემთხვევაში, მიიღებს ყველა შესაბამის ზომას ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დასაცავად.

6. საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ თურქეთის რესპუბლიკა არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც, როგორც წესი, სისტემატურად აღსრულდება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ამკრძალავი კანონმდებლობა. უფრო მეტიც, ბოლო წლების განმავლობაში თითქმის არცერთი ავტორიტეტული ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო ანგარიში თურქეთის რესპუბლიკაში შურისძიებით მკვლელობების სისტემურობასა ან/და ამ ფენომენის წინააღმდეგ სახელმწიფოს უმოქმედობაზე არ მიუთითებს.

7. გარდა ამისა, მოცემული საკითხის შეფასებისას ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 16 ივნისის მოთხოვნის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანომ წარმოადგინა გარანტია, რომლის მიხედვით, ს. ბ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ს. ბ-ს სიცოცხლის დასაცავად და იგი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას. ამასთან, წარმოდგენილი გარანტია აკმაყოფილებს მსგავსი გარანტიებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სარწმუნოობის შესაბამის კრიტერიუმებს. ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ს. ბ-ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში დაემუქრება საფრთხე.

8. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ვინაიდან ს. ბ. თურქეთის რესპუბლიკის ციხეში ორჯერ იხდიდა სასჯელს სამარტოო საკანში, აღნიშნული წარმოადგენს ადამიანის წამებას, რადგან, როგორც წარმოდგენილი საექსტრადიციო საქმის მასალებით, კერძოდ, ბაფრას სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის 2010 წლის 22 სექტემბრისა და 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებებით ირკვევა, ს. ბ. მისივე უსაფრთხოების დასაცავად გადაიყვანეს სამარტოო საკანში. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, სამარტოო საკანში პირის მოთავსება თავისთავად არ გულისხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. სხვა პატიმრებთან კონტაქტის აკრძალვა, უსაფრთხოების, დისციპლინური ან დაცვითი მიზნებიდან გამომდინარე, თავისთავად არ უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას ან დასჯას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - Ramirez Sanchez v. France, (GC), 04/07/2006, § 123).

9. დაცვის მხარის კიდევ ერთ პრეტენზიას, რომ ს. ბ-ს ქსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული „ოჯახის ურღვევობის“ პრინციპი, ვინაიდან მას საქართველოში ჰყავს მცირეწლოვანი - ოთხი წლის შვილი, რომელსაც იგი უვლის, საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებების მიხედვით, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისათვის სახელმწიფოთა შორის არსებული თანამშრომლობა ექსტრადიციის საკითხებზე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პირადი ან ოჯახური ცხოვრება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის კანონიერ მიზანს, რომელსაც პირის ექსტრადიცია ემსახურება. ანალოგიურ შემთხვევებში უფლებაში ჩარევის პროპორციულობის შესაფასებლად სასამართლო მხედველობაში იღებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ არსებული ბრალდებების სიმძიმესა და უფლებაში ჩარევის ინტენსივობას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - (King v. The United Kingdom), no. 9742/07).

11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ს. ბ. არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით ს. ბ-ს უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.

12. ს. ბ-ს განმარტების თანახმად: საქართველოში ცხოვრობს მისი მცირეწლოვანი შვილი - ი.ბ. (დაბადებული 20.. წლის .. აგვისტოს), რომელიც საქართველოს მოქალაქეა. მას თავისი შვილის დედასთან, ყოფილ პარტნიორ თ.კ-სთან, რომელიც ასევე არის საქართველოს მოქალაქე, დაახლოებით წელიწად-ნახევარია აღარ აკავშირებს პირადი ურთიერთობა. ურთიერთობის შეწყვეტიდან დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მცირეწლოვანი ი.ბ. ცხოვრობდა დედასთან, ხოლო ამჟამად მუდმივად ცხოვრობს მასთან ერთად. თ.კ. გარკვეული პერიოდულობით ნახულობს შვილს და მისი მეშვეობით უკავშირდება ტელეფონით. თურქეთის რესპუბლიკაში ამჟამად ცხოვრობენ ს. ბ. დედა, და, ძმა, მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი.

13. საკასაციო სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ უფლებაში ჩარევის პროპორციულობის შესაფასებლად მხედველობაში იღებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ არსებული ბრალდებების სიმძიმესა და უფლებაში ჩარევის ინტენსივობას, კერძოდ:

14. ს. ბ-ს თურქეთის რესპუბლიკაში მსჯავრი ედება - დანაშაულის ჩადენის მიზნით შეიარაღებული დაჯგუფების შექმნასა და ხელმძღვანელობაში, რაც ორგანიზებული ხასიათისაა და ზრდის მის საზოგადოებრივ საშიშროებას, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

15. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის მონაცემებით დგინდება, რომ ს. ბ-ს ყოფილ პარტნიორს, თ.კ-ს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი გადაკვეთილი აქვს 10-ჯერ. უკანასკნელად - 2019 წლის აპრილში იგი და ი.ბ. ერთი კვირის განმავლობაში ერთად იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკაში. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთის რესპუბლიკა წარმოადგენს საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოს და ორ ქვეყანას შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი, თ.კ-სა და ი.ბ-ს სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, ბიუროკრატიული და შორი მგზავრობით გამოწვეული დაბრკოლებების გარეშე, იმოგზაურონ თურქეთის რესპუბლიკაში, რათა შვილმა ინახულოს ს. ბ.. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მშობლებს თანაბარი მოვალეობები აკისრიათ შვილების აღზრდისა და მათზე ზრუნვის მხრივ. ამასთან, როგორც აღინიშნა, თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრობენ ს. ბა-ს ოჯახის სხვა წევრები - დედა, და, ძმა, მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი.

16. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ს. ბ-ს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ვერ გადაწონის ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმურ მიზნებს და, შესაბამისად, მისი ექსტრადიცია არ გამოიწვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. (ს.) ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 16 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი