საქმე # 020141221004310842
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №4261-21 18 ოქტომბერი, 2021 წელი
ბ. ი. 4261-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ბ-ს საკასაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის განაჩენით ი. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა - 6000 ლარი; სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ი. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა - 6000 ლარი.
2. 2021 წლის 21 იანვარს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ ი. ბ-ს პირადი საქმე, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ბ-ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
4. მსჯავრდებული ი. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინების გაუქმებასა და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას, იმ საფუძვლით, რომ მას დაზარალებული ორგანიზაციისათვის (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) მიყენებული ზიანი ანაზღაურებული აქვს 2019 წლის 4 თებერვალს, რომელსაც მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. კასატორი საკასაციო საჩივარში აგრეთვე აღნიშნავს, რომ დამატებით, უახლოეს დროში სასამართლოში წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობით თანხმობას მის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
3. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ მსჯავრდებულ ი. ბ-ს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის 2021 წლის 13 მაისის მიმართვით გაეგზავნა შეტყობინება, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მას სურდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობა, უნდა წარმოედგინა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია და მის მიმართ ამნისტიის გავრცელების შესახებ დაზარალებულის თანხმობა. ანალოგიური შინაარსის შემცველი შეტყობინება 2021 წლის 13 მაისს ასევე გაეგზავნა დაზარალებულ ორგანიზაციას - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომელსაც შეტყობინება ჩაჰბარდა იმავე წლის 17 მაისს.
4. მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულმა ი. ბ-მ არც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით ამნისტიის აღსასრულებლად დადგენილ 6 - თვიან ვადაში და არც საკასაციო განხილვის ეტაპზე, საკასაციო სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვის მითითებული კანონის მე-15 მუხლით დადგენილ 10 - დღიან ვადაში არ წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია და დაზარალებული ორგანიზაციის თანხმობა, რის გამოც მის მიმართ კანონიერად ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შეღავათი.
5. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ინეზა ბულისკერიას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი