Facebook Twitter

საქმე # 330802221005071087

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№427I-21 ქ. თბილისი

ი. რ. 427I-21 19 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. ი–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ი–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რ. ი–ს მიმართ რუმინეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2020 წლის 4 მარტს რუმინეთის რესპუბლიკის ტიმიშის რაიონული სასამართლოს განაჩენით, რ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ რუმინეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მიგრანტთა უკანონო ტრანსპორტირება რუმინეთის სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის მიზნით, ჩადენილი ფინანსური სარგებლის მისაღებად) და 367-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის დახმარების გაწევა) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და დანაშაულის თითოეული შემთხვევისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 1 წლის ვადით. საბოლოოდ სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების შედეგად, რ. ი–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 4 თვის ვადით.

2020 წლის 9 ივლისს რუმინეთის რესპუბლიკის ტიმიშოარას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული განაჩენი დარჩა უცვლელად.

იმავე დღეს რუმინეთის რესპუბლიკის ტიმიშის რაიონული სასამართლოს მიერ გამოიცა რ. ი–ს დაკავების შესახებ ბრძანება.

2018 წლის 21 მაისს რ. ი–ს მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის არხებით.

2. რ. ი–ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2021 წლის 1 აპრილს რ. ი. ექსტრადიციის მიზნით, დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

2021 წლის 3 აპრილს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განჩინებით რ. ი–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.

2021 წლის 16 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი რ. ი–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2021 წლის 3 აპრილის განჩინების შეცვლის თაობაზე.

2021 წლის 29 აპრილს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა რ. ი–ს ექსტრადიციის თაობაზე რუმინეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

2021 წლის 29 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით რ. ი–ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვის ვადით, 6 თვემდე - 2021 წლის 1 ოქტომბრამდე.

2021 წლის 28 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით რ. ი–ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვის ვადით, 9 თვემდე - 2022 წლის 1 იანვრამდე.

რ. ი. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

რუმინეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთა ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობს შემდეგში:

2017 წლის აპრილის თვეში, ჰ. ბ–მ და სხვა პირებმა, დაარსეს ორგანიზებული, სტრუქტურული ფორმის მქონე დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც შემუშავებული სქემის შესაბამისად ეწეოდა რ–ნ უ–ში მიგრანტთა უკანონოდ გადაყვანას.

გამოძიებით დადგინდა, რომ რ. ი., ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ჩართული იყო აღნიშნულ დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობაში და დახმარებას უწევდა მათ მიგრანტთა გადაყვანაში. კერძოდ, 2017 წლის 27 ივნისს, რ. ი–მ მისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით, მის თანამონაწილეებთან ერთად, უზრუნველყო რ–ს რესპუბლიკის ტ–ს რ–ა მ–დან 91 მიგრანტის უ–ს მიმართულებით ტრანსპორტირება რ–ს საზღვარზე მათი უკანონოდ გადაყვანის მიზნით. ამასთან, დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთილ იქნა ნ–ს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რ–ს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ.

4. 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა რ. ი–ს რუმინეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, რუმინეთის რესპუბლიკის ტიმიშის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია რუმინეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მიგრანტთა უკანონო ტრანსპორტირება რ–ს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის მიზნით, ჩადენილი ფინანსური სარგებლის მისაღებად) და 367-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის დახმარების გაწევა).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორის დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;

დასაშვებად იქნა ცნობილი რ. ი–ს რუმინეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, რუმინეთის რესპუბლიკის ტიმიშის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია რუმინეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მიგრანტთა უკანონო ტრანსპორტირება რ–ს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის მიზნით, ჩადენილი ფინანსური სარგებლის მისაღებად) და 367-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის დახმარების გაწევა).

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. ი–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. ი–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და რ. ი–ს რ–ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა - დემეტრე ჯინჯოლიამ წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა რ. ი–ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინების უცვლელად დატოვება.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები” (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, no. 21447/11, 35839/11, §65 66; ECtHR, 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

4. რუმინეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი რ. ი. 2021 წლის 1 აპრილს დააკავეს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ რ. ი. არ ითვლება ს–ს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პირი არ ითვლება აგრეთვე ს–ში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან რ. ი. არის თ–ს რესპუბლიკის მოქალაქე.

6. ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი ს–ში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.

7. რ. ი. არ არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქე და იგი ითვლება თ–ს რესპუბლიკის მოქალაქედ. ამდენად ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში მინიჭებული საერთაშორისო დაცვა, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი ან თავშესაფრის ძიება არ არის ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება განსახილველ საქმეში. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რ. ი–ს მოცემული სამინისტროსთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით არ მიუმართავს და შესაბამისად, იგი არ სარგებლობს ს–ში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით და მას ს–ში თავშესაფარი არ გააჩნია. ამდენად, არ არსებობს ზემოთ მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.

8. რ. ი–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე რუმინეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში, სასჯელის სახით გათვალისწინებულია 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა. კერძოდ:

9. რ. ი–ს მიერ განხორციელებული ქმედებები დასჯადია რუმინეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მიგრანტთა უკანონო ტრანსპორტირება რუმინეთის სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის მიზნით, ჩადენილი ფინანსური სარგებლის მისაღებად), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას და 367-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის დახმარების გაწევა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. ამასთან, აღნიშნული დანაშაულებისათვის რ. ი–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 1 წლის ვადით.

10. რ. ი–ს მიერ, ჩადენილი ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

11. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.

12. დანაშაულებრივი ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება რ. ი–ს ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 19,3441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტები, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 15 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. რუმინეთის რესპუბლიკაში რ. ი–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი მიღებულა 2020 წლის 4 მარტს, ხოლო 2020 წლის 9 ივლისს ტიმიშის რაიონული სასამართლოს მიერ გამოიცა რ. ი–ს დაკავების შესახებ ბრძანება. შესაბამისად, მოცემულ განაჩენთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.

ამასთან, რუმინეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლის თანახმად, რ. ი–ს მიმართ გამოტანილი განაჩენით დადგენილი სასჯელის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 8 წლის და 4 თვის ვადით და აითვლება გამამტყუნებელი განაჩენის საბოლოოდ დადგენის თარიღიდან და შესაბამისად, იგი გასული არ არის.

13. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთათვისაც მოითხოვება რ. ი–ს ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპის დარღვევა.

14. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ არ უნდა მოხდეს რ. ი–ს ექსტრადიცია რუმინეთის რესპუბლიკაში, ვინაიდან არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით უზრუნველყოფილი პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი. კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია რ. ი–ს ს–ში არ ჰყავს ოჯახი, გასათვალისწინებელია რა პროცედურების გავლა მოუწევთ მის ოჯახსი წევრებს მსჯავრდებულთან ვიზიტებისათვის, ს–ში ყოფნის ან რ–ს რესპუბლიკაში ექსტრადირების შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც ს–ს და თ–ს შორის, რ–ს რესპუბლიკისგან განსხვავებით, არ მოქმედებს სავიზო მიმოსვლა. შესაბამისად, ს–ში მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს დაბრკოლების გარეშე შეუძლიათ მოინახულონ რ. ი. ნებისმიერ დროს, განსხვავებით რ–ს რესპუბლიკისა.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, ECtHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, ECtHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95,ECtHR).

16. მხოლოდ ის გარემოება, რომ ს–სთან თ–ის რესპუბლიკას, რომლის მოქალაქეც არის რ. ი. აქვს უვიზო მიმოსვლა, ხოლო რ–ის რესპუბლიკასთან არა, არ ქმნის რისკს/საშიშროებას, რომ რ. ი–ს არ მიეცემა ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზების შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში რ. ი–თან ჩატარებული გასაუბრების თანახმად, მას საქართველოში ოჯახური კავშირები არ გააჩნია; ასევე არ დასტურდება მისი კავშირები ს–სთან - მისივე განმარტებით, დაკავებამდე ის საქართველოში არ არის ნამყოფი. შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით უზრუნველყოფილი პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.

17. გარდა ამისა, ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში რუმინეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან მიღებულ იქნა გარანტია, რომ რ. ი–ს რ–ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მიეცემა მისი საქმის ხელახალი განხილვის შესაძლებლობა. თუმცა, გარანტია არ შეიცავს წინაპირობებს და კონკრეტულ განმარტებებს. იმისათვის, რომ გარანტიამ დააკმაყოფილოს კონვენციის მოთხოვნა, მასში დაწვრილებით უნდა იყოს გაწერილი - რა შემთხვევაში საჩივრდება კონკრეტული გადაწყვეტილება, რა შემთხვევაში არის შესაძლებელი საქმის ხელახლა განხილვა, რა წინაპირობა უნდა არსებობდეს ამისათვის და რა პროცედურების გავლა მოუწევს ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს. წარმოდგენილი გარანტიის ფარგლებში უცნობია გასაჩივრების ვადა ხომ არ არის გაშვებული.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საექსტრადიციო მასალების შესაბამისად, 2020 წლის 4 მარტის განაჩენი გამოტანილ იქნა რ. ი–ს დაუსწრებლად, „ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-2 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის შესაბამისად, 2021 წლის 22 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურას რუმინეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან მიიღო გარანტია, რომ რ. ი–ს რ–ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მიეცემა მისი საქმის ხელახალი განხილვის შესაძლებლობა. წარმოდგენილი გარანტია გაცემულია რუმინეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ და მასში ნათლად და ცალსახად არის მითითებული, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში, რ. ი–ს დაუყოვნებლივ ჩაბარდება სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება და მიეწოდება ინფორმაცია იმ ვადების შესახებ, რომლის განმავლობაშიც მან უნდა მოითხოვოს საქმის სასამართლოში ხელახალი განხილვა. შესაბამისად, რ. ი–ს ექსტრადიციის შემთხვევაში გარანტირებულად მიეცემა მისი საქმის ხელახლა განხილვის უფლება.

19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ რუმინეთის რესპუბლიკა წარმოადგენს ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოს; ევროპის კავშირში მოქმედ რეგულაციებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში; რუმინეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების სისტემური ან მასშტაბური დარღვევის შესახებ ინფორმაციის არ არსებობას. ამდენად, რუმინეთის რესპუბლიკა წარმოადგენს „უსაფრთხო სახელმწიფოს“, სადაც ექსტრადიცია ზოგადად არ ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ გამოკვეთილა არც სხვა რაიმე გარემოება, რაც საფრთხეს შეუქმნიდა მისი ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.

სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის - წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v Belgium, no. 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v Spain, no. 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, no. 21022/08, 51946/08, ECtHR, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების (როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს რუმინეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიები.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

21. საქართველოს პროკურატურამ რ. ი–ს შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com). რ. ი–ს მიმართ დევნის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტის ღია წყაროებში. არ არსებობს ,,არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ რუმინეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში რ. ი–ს მიმართ განხორციელდება დევნა ან/და იგი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას.

22. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no.140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი რ. ი–ს (R. Y.) რუმინეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, რუმინეთის რესპულიკის ტიმიშის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია რუმინეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მიგრანტთა უკანონო ტრანსპორტირება რუმინეთის სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის მიზნით, ჩადენილი ფინანსური სარგებლის მისაღებად) და 367-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის დახმარების გაწევა) კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - რ. ი–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ი–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე