საქმე # 330100120003550386
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №429აპ-21 ქ. თბილისი
კ. ე., 429აპ-21 25 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილისა და მსჯავრდებულ ე. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნათია ქომოშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ე. კ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
მსჯავრდებულ ე. კ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ნ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ე. კ–ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (2020 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. კ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (2019 წლის იანვრის ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2019 წლის დეკემბრის ეპიზოდი); ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის დეკემბრის ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (2020 წლის 22 იანვრის ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2020 წლის 22 იანვრის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის იანვარში, დღის საათებში, ქ. თ–ში, ჩ–ს ქუჩა №..-ში, ე. კ–მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ი. ხ–ს, ურთიერთშელაპარაკებისას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც შეესწრო ი. ხ–ს არასრულწლოვანი შვილი - ლ. ნ., რომელმაც ე. კ–ს მოუწოდა, შეეწყვიტა კონფლიქტი, რაზეც ე. კ–მ თავდაპირველად თმა ძლიერად მოქაჩა ლ. ნ–ს, შემდგომ კი რამდენჯერმე გაარტყა ხელი სახისა და თავის არეში, რის შედეგადაც ლ. ნ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის დეკემბრის დასაწყისში, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. თ–ში, ჩ–ს ქუჩა №..-ში, ე. კ–მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ი. ხ–ს, ურთიერთშელაპარაკებისას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი ჩასვა ავტომანქანაში და წაიყვანა ქ.თ–ში, ვ–ს ქუჩა №..-ის მიმდებარედ არსებულ სასაფლაოზე, სადაც გადმოიყვანა მანქანიდან და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ი. ხ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასაფლაოზე მუქარის შემდგომ, ე. კ–მ კვლავ ჩასვა ავტომანქანაში ი. ხ. და წაიყვანა იქვე არსებულ ტყეში, სადაც მისვლისთანავე თმა ძლერად მოქაჩა და გადმოიყვანა ავტომანქანიდან, შემდგომ რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახის არეში, რის შედეგადაც ი. ხ.მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2020 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ.თ–ში, ჩ–ს ქუჩა №..-ში, ე. კ–მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ი. ხ–ს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, თავისი არასრულწლოვანი შვილის - ლ. ნ.ს თანდასწრებით, კერძოდ, მუშტები რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, რის შედეგად ცხვირის, პირისა და თვალების მიდამოებში მიაყენა დაზიანებები. ცემის შედეგად ი. ხ.მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2020 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. თ–ში, ჩ–ს ქუჩა №1-ში, ე. კ–მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ი. ხ–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა თავისი არასრულწლოვანი შვილის - ლ. ნ.ს თანდასწრებით, კერძოდ, მუშტები რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, რის შედეგად ცხვირის, პირისა და თვალების მიდამოებში მიაყენა დაზიანებები. ცემის შედეგად ი. ხ.მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ჩხუბის დროს ე. კ–მ სამზარეულოდან აიღო დანა და ი. ხ–ს დაუმუქრა მოკვლით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით:
ე. კ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის იანვრის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა (2019 წლის დეკემბრის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
ე. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ე. კ–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 521 მუხლის საფუძველზე 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება. ე. კ–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 23 იანვრიდან.
სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ.თ–ში, ჩ–ს ქუჩა №...-ში, ე. კ–მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ი. ხ–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არასრულწლოვანი შვილის - ლ. ნ–ს თანდასწრებით, მუშტები რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში და ცხვირის, პირისა და თვალების მიდამოებში მიაყენა დაზიანებები. ცემის შედეგად, ი. ხ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
ცემის დროს, ე. კ–მ სამზარეულოდან აიღო დანა და ი. ხ–ს დაემუქრა მოკვლით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გამამართლებელი ნაწილის გაუქმებასა და ე. კ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და ე. კ–ს გამართლებას საქართველოს საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (2020 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალდებების ნაწილში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში -საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - პროკურორ ნათია ქომოშვილის მითითებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, როდესაც ე. კ. გაამართლა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, კერძოდ:
8. სასამართლო, ეთანხმება ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნებისთვის ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ განცხადების ან საჩივრის შეტანაზე და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს ამ კატეგორიის დანაშაულის საქმეებზე განსხვავებული მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას. პირის მსჯავრდებისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს კანონიერი და დასაშვები მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს.
9. ი. ხ–ს ცემისა და მუქარის 2019 წლის დეკემბრის ეპიზოდებში, გარდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმისა (იხ. ტ.1, ს.ფ. 130-145), სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად უტყუარად დაადასტურებდა ამ ნაწილში ე. კ–ს ბრალეულობას. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა სავარაუდო შემთხვევიდან 1 წლის და 1 თვის შემდეგ. ლ. ნ. არ შესწრებია 2019 წლის დეკემბრის შემთხვევას, ამ პერიოდში არც ტ. ხ–ს მიუღია შვილისგან ინფორმაცია ძალადობა-მუქარაზე, დასახელებული პირები ამ ეპიზოდებში წარმოადგენენ ირიბ მოწმეებს.
10. ასევე არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ლ. ნ-ზე ძალადობას. ამ ეპიზოდში გარდა გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმისა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 58-64), სხვა მტკიცებულება გამოკვლეული არ ყოფილა. ამასთან, ლ. ნ–მ დაზარალებულად ცნობის დადგენილებაზე (ტომი 1, ს.ფ. 266) გააკეთა შენიშვნა, რომ იგი არ თვლის თავს დაზარალებულად. სასამართლოსთვის ბუნდოვანი დარჩა, თუ რატომ გაკეთდა არასრულწლოვნის მხრიდან ამგვარი განცხადება დაზარალებულის სტატუსთან მიმართებით. სასამართლო სხდომაზე ასევე არ დაკითხულა ლ. ნ–ს მეგობარი - ლ. ვ., რომელიც არასრულწლოვნის გამოკითხვის ოქმის მიხედვით ესწრებოდა შესაძლო ძალადობის ფაქტს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 58-64).
11. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებენ მხოლოდ იმ ფაქტს, რომ ი. ხ–ს ჰქონდა ფიზიკური დაზიანებები, მაგრამ დაუდგენელია, კონკრეტულად ვინ მიაყენა მას ეს დაზიანებები. ამასთან, დაცვის მხარე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში ვრცლად აპელირებს მოწმე ტ. ხ–ს ჩვენებაზე და აღნიშნავს, რომ ის წარმოდგენს ირიბ ჩვენებას, რის გამოც არ უნდა იქნეს გაზიარებული. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში, ასევე, მისაღებად მიიჩნევს, მეორეული ვიქტიმიზაციის არსებობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი მოწმის გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნებას, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხევაში არ არსებობდა ვიქტიმიზაციის საფრთხე. რადგან დაცვის მხარემ უარი თქვა ლ. ნ–ს დაკითხვის დროს ე. კ–ს დასწრებაზე.
12. საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: არასრულწლოვან ლ. ნ–ს გამოკითხვის ოქმი (ტომი №1, ს.ფ. 58-64), ტ. ხ–სა და დ. ს–ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 16-37), ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (იხ. ტომი 1, ს.ფ. 85-86), სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 23 მარტის ექსპერტიზის №..... დასკვნით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 258-262), სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 8 ივნისის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №...... დასკვნით (იხ. ტომი 2, ს.ფ. 21-28) და სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ე. კ–ს მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა. კერძოდ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (2020 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2020 წლის 22 იანვრის ეპიზოდი).
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მართალია მოწმე ტ. ხ. უშუალოდ არ შესწრებია ე. კ–ს მიერ ი. ხ–ს მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ფაქტს, მაგრამ მას მყისიერი შეხება ჰქონდა დაზარალებულთან, რომელსაც ნათლად ემჩნეოდა რამდენიმე წუთის წინ ჩადენილი ძალადობის კვალი. ტ. ხ.მ ჩვენების მიცემის დროს დეტალურად აღწერა მის მიერ უშუალოდ ნანახი -შემთხვევიდან მცირე ხანში (რამდენიმე წუთში) მასთან მისული დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობა და აღნიშნა, რომ მასთან სახლში მისული ი. ხ. იყო აღელვებული, ფეხშიშველი, შიშველ სხეულზე ეცვა სისხლიანი ხალათი, ხელები ჰქონდა სისხლით დასვრილი, სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები, ცხვირი ჰქონდა დასიებული, სახე - დალურჯებული. სურათი, რომლის თვითმხილველიც გახდა ტ. ხ., იმდენად მძიმე იყო, რომ თავად მას ფეხები მოეკვეთა, მაგრამ შვილის თხოვნით ის მაინც გაიქცა არასრულწლოვანი შვილიშვილის დასახმარებლად. მოწმემ შემთხვევის ადგილზე ნახა, როგორც მოძალადე ე. კ., ისე - ლ. ნ., რომელიც შეშინებული ტიროდა და დედას ეძებდა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „შესაძლებელია, პირდაპირი მტკიცებულება, მათ შორის პირდაპირი ჩვენებაც, ასახავდეს მომხდარ ფაქტს, მაგრამ არა მთლიანად, არამედ მხოლოდ მის ერთ, თუმცა მნიშვნელოვან მონაკვეთს“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის №626აპ-17 გადაწყვეტილება, პუნქტი 34; 2020 წლის 14 ივლისის №97აპ-20 განაჩენი).
15. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მესამე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, მეორეული ვიქტიმიზაცია გულისხმობს არასრულწლოვანი დაზარალებულისათვის/მოწმისათვის შესაძლო ზიანის მიყენებას მისი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის მიღების შედეგად. ძალადობრივი დანაშაულის არასრულწლოვან მსხვერპლს ან მოწმეს განხორციელებული ძალადობის ცალკეული დეტალების გახსენებაც ხშირ შემთხვევაში დიდ სულიერ ტკივილს აყენებს. საქმის მასალებით დგინდება, რომ ბრალდების მხარემ არაერთი საჭირო ღონისძიება გაატარა არასრულწლოვანი ლ. ნ–ს სასამართლოში წარდგენისა და დაკითხვისათვის, თუმცა არასრულწლოვანმა მოწმემ თავისი ნება გამოხატა ადვოკატის, ფსიქოლოგის, საპროცესო წარმომადგენლისა და თარჯიმნის თანდასწრებით შედგენილ განცხადებაში და უარი განაცხადა სასამართლოს წინაშე უშუალოდ ან დისტანციურად წარდგენაზე.
16. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს ,,სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. ... შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს....მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). ვინაიდან დაცვის მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი მოწმე ლ. ნ–ს განცხადების სიყალბის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, დაუსაბუთებლობის გამო, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს კასატორის პოზიცია მოწმე ლ. ნ.ს განცხადების სიყალბის თაობაზე. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის ჩვენებებს შორის წინააღმდეგობის თაობაზე მსჯავრდებულის მიერ დანის გამოყენების ნაწილში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულიც და არასრულწლოვანი მოწმე ლ. ნ–ც ცალსახად ადასტურებენ მსჯავრდებულის ხელში დანის არსებობას.
17. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას ისეთ საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (იხ. Volodina v Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
18. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
19. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ კასატორებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი იგივე არგუმენტებით გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. ვინაიდან კასატორების არგუმენტებზე სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, ხოლო წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებში არ არის მითითებული რაიმე ახალი გარემოების ან ფაქტის შესახებ, რაც საჭიროებს სასამართლოს მხრიდან შეფასებას; საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) და იმავდროულად არ არსებობს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიც, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილისა და მსჯავრდებულ ე. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
შ. თადუმაძე