საქმე # 330802221005101322
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№431I-21 ქ. თბილისი
ს–ი ბ. (ბ.) 431I-21 29 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ბ. (ბ.) ს–ს (B. S.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ა–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბ. (ბ.) ს–ს მიმართ სომხეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2020 წლის 16 ოქტომბერს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოიტანა გადაწყვეტილება ბ. ს–ს ბრალდების შესახებ, რომლის თანახმად, ბ. ს–ს ბრალი დაედო სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სომხეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2020 წლის 16 ოქტომბერს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით გამოცხადდა ბ. ს–ს ძებნა.
2020 წლის 16 ოქტომბერს სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბ. ს–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
2. ბ. (ბ.) ს–ს მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბერს განაჩენით ბ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბერს განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენში და ბ. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბ. ს–ს შეფარდებული სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 25 ივნისიდან.
2021 წლის 24 ივნისს ბ. ს–ი ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისს განჩინებით ბ. ს–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2021 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ბ. ს–ს ექსტრადიციის თაობაზე სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 სექტემბერს განჩინებით ბ. ს–ს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2021 წლის 24 დეკემბრამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
სომხეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობს შემდეგში:
2020 წლის 5 ივნისს ბ. ს–მ, მ. ს–მ, ჯ. ს–მ და ჰ. ს–მ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სათანადო დოკუმენტაციის გარეშე, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ე–ნ-თ–ის მაგისტრალის პარალელურად, უკანონოდ გადაკვეთეს სომხეთის სახელმწიფო საზღვარი და შევიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.
4. 2021 წლის 11 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა ბ. ს–ს სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საგამოძიებო დეპარტამენტის 2020 წლის 16 ოქტომბრის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სომხეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჯგუფურად).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორის დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა:
დასაშვებად იქნა ცნობილი ბ. ს–ს სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საგამოძიებო დეპარტამენტის 2020 წლის 16 ოქტომბრის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სომხეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჯგუფურად).
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ბ. ს–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. ა–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას, ბ. ს–ს აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან მის მიმართ არასაპატიმრო სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას.
7. კასატორის პოზიციით სასამართლოს უნდა შეეფასებინა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს პატიმრობის გამოყენების საფუძველი. ბ. ს–ი არ უარყოფს საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, მაგრამ ამ ქმედების გამო მან საქართველოში სასჯელი მოიხადა. ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ს–ში დაბრუნების შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების შელახვის საფრთხე, რადგან ს–ს რესპუბლიკაში თვეების მანძილზე ყოფნისას განიცდიდა დისკრიმინაციას, კერძოდ: კანის ფერიდან გამომდინარე აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც გახდა მისი საქართველოში დაბრუნების მიზეზი. ბ. ს–ს მიმართ გაცემულია თავშესაფრის მაძიებლის ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ შესაბამისი პროცედურების განმავლობაში იგი არ უნდა იყოს რაიმე ფორმით დაბრუნებული ან გაძევებული წარმოშობის ქვეყანაში ან იმ ქვეყნის საზღვარზე, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას საფრთხე შეექმნება.
8. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინების უცვლელად დატოვება.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები” (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, no. 21447/11, 35839/11, §65 66; ECtHR, 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
4. სომხეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ბ. ს–ი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა 2021 წლის 24 ივნისს დააკავეს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. ბ. ს–ს სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე სომხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით და ორივე შემთხვევაში, სასჯელის სახით გათვალისწინებულია 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა. კერძოდ:
ბ. ს–ს მიერ განხორციელებული ქმედება დასჯადია სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ს–ს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჯგუფურად) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან შვიდ წლამდე.
ბ. ს–ს მიერ ჩადენილი ქმედება, საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ხუთ წლამდე.
6. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია ასევე დაუშვებელია, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.
7. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება ბ. ს–ს ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ოთხიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 6 წელი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამასთან, ამავე მუხლის მე-2-3 ნაწილების თანახმად, ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს.
8. სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და ამავე ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, 329-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან შვიდ წლამდე. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისთვის გათვალისიწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 10 წლით თავისუფლების აღკვეთას, ხოლო 75-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-3 ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დანაშაულის დასრულებულად მიჩნევის დღიდან გასულია 10 წელი მძიმე დანაშაულის შემთხვევაში. ამასთან, ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის დასრულებულად მიჩნევის დღიდან, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტამდე. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს.
9. მოცემულ შემთხვევაში 2020 წლის 16 ოქტომბერს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოიტანა გადაწყვეტილება ბ. ს–ს ბრალდების შესახებ, რომლის თანახმად, 2020 წლის 5 ივნისს ბ. ს–მ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად გადაკვეთა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი და შევიდა საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.
10. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთათვისაც მოითხოვება ბ. ს–ს ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპის დარღვევა.
11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ბ. (ბ–ტ) ს–ი სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დაცული მონაცემებით არ ითვლება ს–ს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პირი არ ითვლება აგრეთვე ს–ში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან ბ. ს–ი არის ი–ს მოქალაქე.
12. ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.
13. ბ. ს–ი არ არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქე და იგი ითვლება ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქედ. ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში მინიჭებული საერთაშორისო დაცვა, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, ან თავშესაფრის ძიება არ არის ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება განსახილველ საქმეში.
14. საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის 2021 წლის 13 ივლისის წერილის თანახმად, 2021 წლის 4 თებერვალს მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქემ - ბ. (ბ.) ს–მ, ხოლო 2021 წლის 20 აგვისტოს წერილის თანახმად - ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქეს ბ. ს–ს უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
15. შესაბამისად, იგი არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით და მას საქართველოში თავშესაფარი არ გააჩნია. ამდენად, არ არსებობს ზემოთ მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.
16. ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს, არ იყოს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებეული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ან სასამართლო გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში.
17. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით“, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი“. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით აღნიშნული ქმედება არ არის ამნისტირებული და საქართველოს არც იურისდიქცია აქვს ამ დანაშაულთან დაკავშირებით. გარდა ამისა, წარმოდგენილ საქმის მასალებში არ იკვეთება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოცემულია შეწყალების აქტი იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც მისი გადაცემა მოითხოვება.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, ECtHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, ECtHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95,ECtHR).
19. მოცემულ შემთხვევაში 2021 წლის 29 ივლისის გასაუბრების ოქმის თანახმად, ბ. ს–ს ს–ში არ ჰყავს ოჯახის წევრები (დედ-მამა, მეუღლე, შვილები, პარტნიორი), ისევე როგორც ს–ში; მისი განმარტებით, დაოჯახებული არ არის და საქართველოში დაკავებამდე არ ყოფილა. საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე უთითებს, რომ ს–ში, კერძოდ კი თ–ში ცხოვრობს ბ. ს–ს ბიძაშვილი - ა. ს. ს–ი, მაგრამ მოცემულ გარემოებას განიხილავს აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული პრეტენზიების ფარგლებში და უთითებს, რომ მას სწორედ ბიძაშვილთან შეუძლია ცხოვრება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ ბ. ს–ს ექსტრადიამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევა.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საექსტრადიციო მასალების შესაბამისად, 2020 წლის 16 ოქტომბერს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოიტანა დადგენილება ბ. ს–ს ბრალდების შესახებ. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოადგილის მიერ გაცემულ გარანტიას, რომლის თანახმად, ბ. ს–ი არ დაექვემდებარება სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობასა და სასჯელს. ბ. ს–ი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში იქნება მიცემული მხოლოდ იმ დანაშაულისათვის, რომლის გამოც მოთხოვნილია მისი გადაცემა და არ იქნება გაძევებული, გადაცემული მესამე სახელმწიფოსათვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის ნებართვის გარეშე. ს–ს რესპუბლიკა იძლევა გარანტიას, რომ ბ. ს–ს გადაცემის მომართვა მიზნად არ ისახავს მის დევნას პოლიტიკური მოტივით, რასობრივი კუთვნილების, აღმსარებლობის, ეროვნებისა ან პოლიტიკური შეხედულების გამო. ბ. ს–ი არ სარგებლობს სისხლისსამართლებრივი დევნისაგან იმუნიტეტით.
21. საქართველოს პროკურატურამ ბ. ს–ს შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com). ბ. ს–ს მიმართ დევნის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტის ღია წყაროებში. არ არსებობს ,,არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ბ. ს–ს მიმართ განხორციელდება დევნა ან/და იგი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას.
22. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის - წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v Belgium, no. 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v Spain, no. 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, no. 21022/08, 51946/08, ECtHR, 14/09/2010) . შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიები.
23. დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ მიუწვდია რაიმე სახის დამაჯერებლი ინფორმაცია, რომელიც სომხეთის რესპუბლიკაში არსებულ სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების აშკარა დარღვევაზე მიუთითებდა; საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი პოზიციის თანახმად, პროკურატურამ აგრეთვე ვერ მოიპოვა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, ხოლო სომხეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიის თანახმად, ბ. ს–ი, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება დაცვის ყველა საშუალებით, მათ შორის - ადვოკატის დახმარებით.
24. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
25. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში არ უთითებს საფრთხის არსებობის ან/და რეალურობის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე. კასატორს არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულება, რაც ბ. ს–ს მიმართ სომხეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა ან იქნებოდა „არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. საკასაციო საჩივარში ადვოკატი მხოლოდ ზოგადი ფორმით აღნიშნავს, რომ ბ. ს–ს მიმართ სიცოცხლის უფლების შელახვის საფრთხე არსებობს.
26. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no.140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
27. კასატორის არგუმენტებთან დაკავშირებით, რომლებიც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ან არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას ეხება, სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო არ იხილავს აღკვეთის ღონისძიების საკითხს და ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას.
28. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორის საჩივარი და არგუმენტაცია ძირითადად მიემართება აღკვეთის ღონისძიების საკითხისაკენ, რაც შეეხება ბ. ს–ს სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციას მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, კასატორი მხოლოდ სიცოცხლის უფლების კონტექსტში ასაჩივრებს, კერძოდ მხოლოდ ზოგადი ფორმით აღნიშნავს, რომ ბ. ს–ს მიმართ სიცოცხლის უფლების შელახვის საფრთხე არსებობს.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ბ. ს–ს სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საგამოძიებო დეპარტამენტის 2020 წლის 16 ოქტომბრის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სომხეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ჯგუფურად) კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ბ. (ბ.) ს–ს (B. S.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ა–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე