Facebook Twitter

საქმე # 120100119003171091

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №454აპ-21 ქ. თბილისი

ბ. ი. 454აპ-21 12 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ტ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებულ ი. ბ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ტ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ი. ბ–ს გამართლებას.

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი გრიგოლ კაპანაძე შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულ ი. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ტ–ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის განაჩენის ძალაში დატოვებას.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 მაისის განაჩენით ი. ბ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით.

საქართველოს სსკ-ის 44-ე და 62-ე მუხლების საფუძველზე დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2019 წლის 21 ივლისიდან 2019 წლის 24 ივლისის ჩათვლით) პროპორციულად შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ი. ბ–ს განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 185 საათით.

ი. ბ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად გამოყენებული დამატებითი ღონისძიება გაუქმდა. გირაოს შემტანს - მ. ბ–ს (პ/ნ .........)განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე: სს ,,............. ბანკი’’ ბანკის კოდი: ........; მიმღები ანგარიშის ნომერი: ................., 2019 წლის 24 ივლისს შეტანილი თანხა - 3000 ლარი.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივლისის შემაკავებელი ორდერის (N.......) თანახმად, ი. ბ–ს აეკრძალა თავისი ყოფილი მეუღლის - ნ. მ–ს საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, ასევე ნ. მ–სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარება. მიუხედავად აღნიშნულისა, 2019 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 17:30 საათზე, ი. ბ–მ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება, მივიდა ბ–ს რაიონის დ–ში, ..........ს ქ. N..-ში მდებარე ნ. მ–ს საცხოვრებელ სახლთან და ყოფილ მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

7. საქმის მასალებით არ დასტურდება და, შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ ი. ბ–ი უდანაშაულოა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით ი. ბ–ს მიერ ყოფილი მეუღლის - ნ. მ–ს მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა უტყუარად არის დადასტურებული, კერძოდ:

9. უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ა. მ–ს ჩვენებით, მის მიერ გამოწერილი შემაკავებელი ორდერითა №..... და ორდერის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 20 ივლისს ი. ბ–ს მიმართ გამოწერილ იქნა შემაკავებელი ორდერი ყოფილი მეუღლის - ნ. მ–ს მიმართ ი. ბ–ს მიერ ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე. ორდერის პირობების თანახმად, ი. ბ–ს 1 თვის ვადით განესაზღვრა შემდეგი მოთხოვნები და ვალდებულებები: ა) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი, ნ. მ–ი ცხოვრობს; ბ) აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; გ) აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

10. დაზარალებულ ნ. მ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის 20 ივლისს ი. ბ–ს მიმართ გამოწერილ იქნა შემაკავებელი ორდერი და მას აეკრძალა დაზარალებულთან მიახლოება, იგი მეორე დღეს, 2019 წლის 21 ივლისს, კვლავ მივიდა დაზარალებულის მშობლების სახლთან, მდებარე ბ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში და ბავშვების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც მან გამოიძახა საპატრულო პოლიცია. დაზარალებულის ჩვენება სრულადაა თანხვდენილი მოწმეების - ქ. ტ–ს, ზ. მ–ს, ლ. გ–ს, ს. ა–ს ჩვენებებთან და ადასტურებენ ი. ბ–ს მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარვევის ფაქტს. ამასთან, 2019 წლის 21 ივლისს დაზარალებულის სახლთან მისვლის ფაქტს, რაც შემაკავებელი ორდერით აკრძალული ჰქონდა, არც თავად მსჯავრდებული უარყოფს. გარდა ამისა, მისივე განმარტებით, მან კარგად იცოდა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესახებ, ვინაიდან მის მიმართ აღნიშნული ორდერი არაერთხელ იქნა გაცემული.

11. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება გულისხმობს, რომ ,,განაჩენში ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები”(Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020), თუმცა აღნიშნული არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011). მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვეობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ტ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე