საქმე # 190100120003666714
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №455აპ-21 ქ. თბილისი
ვ. გ. 455აპ-21 21 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ გ. ვ–სათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ გ. ვ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ბ. შესაგებლით ითხოვს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის განაჩენის ძალაში დატოვებას.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ივნისის განაჩენით გ. ვ. , - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ვ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
გ. ვ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2020 წლის 23 მარტიდან იმავე წლის 17 ივნისის ჩათვლით.
გ. ვ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე დაევალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა, რომლის უზრუნველყოფა დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 23 მარტს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. რ–ში, რ–ს ქ.№...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, გ. ვ. დედას - მ. ვ–ს დაემუქრა მოკვლით, კერძოდ, ყელის გამოჭრით და სიტყვებით, რომ არ აცოცხლებდა. გ. ვ–ს ქმედებათა გამო მ. ვ–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2020 წლის 23 მარტს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის .........ის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორებმა გამოსცეს შემაკავებელი ორდერი №......., რომლის თანახმადაც, გ. ვ–ს აეკრძალა დედასთან - მ. ვ–სთან მიახლოება, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მ. ვ–ს საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებებით.
2020 წლის 23 მარტს, დაახლოებით 23:30 საათზე, გ. ვ–მ დაარღვია მის მიმართ 2020 წლის 23 მარტს გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და მივიდა მ. ვ–ს საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ.რ–ში, რ–ის ქ.№....-ში.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
8. საკასაციო სასამართლო პროკურორის აპელირებას სასჯელის დამძიმების თაობაზე არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გ. ვ–სათვის დანიშნული სასჯელი სამართლიანია და მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს. მსჯავრდებული გ. ვ. აცნობიერებს ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, პირველადაა სამართალში.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე