საქმე # 330100120003811569
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №460აპ-21 ქ. თბილისი
ს. ნ.460აპ-21 22 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 მარტის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა თამარ პაპავამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ ნ. ს–სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.
მსჯავრდებულ ნ. ს–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. გ–ი შესაგებლით ითხოვს ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 მარტის განაჩენის ძალაში დატოვებას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემბრის განაჩენით ნ. ს., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი.
გაუქმდა ნ. ს–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 14 ივნისს ნ. ს–მ მოიპოვა ნ. პ–ს ნდობა, მოტყუებით აჩვენა მას თ–ს ზღვასთან მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც ახლოს იყო როგორც ცენტრალურ საავტომობილო გზასთან, ასევე - თ–ს ზღვასთან და რომლის საბაზრო ღირებულებაც შეადენს 150 100 ლარს, რის შემდეგაც 2018 წლის 15 ივნისს ქ.თ–ში, ლ–ს ქუჩა №..-ში განთავსებულ ელისო შიხიაშვილის სანოტარო ბიუროში, ნ. პ–თან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით უკვე სულ სხვა მიწის ნაკვეთზე, მდებარე - ქ. თ–ი, ....., ვ–ს მეურნეობა, ზონა-......ი - 81, სექტორი დიდი .... - 08, კვარტალი 31, ნაკვეთი 489, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო- სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 833.00 კვმ, ნაკვეთის ნომერი - 81.08.31.489, ღირებულება - 33 320 ლარი, რა დროსაც მოტყუებით, ნ. პ–ს ნდობის ბოროტად გამოყენებით, დაეუფლა ამ უკანასკნელისა და მისი დის - ნ. პ–ს კუთვნილ 10.000 აშშ დოლარს, რაც ამ პერიოდში მოქმედი ოფიციალური სავალუტო-გაცვლითი კურსის შესაბამისად, შეადგენდა 24 628 ლარს. ნ. ს–ს ქმედებით ნ. პ–სა და ნ. პ–ს მიადგათ დიდი ოდენობით - 24 628 ლარის მატერიალური ზიანი.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ ნ. ს–სათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე - დანიშნული სასჯელის - ჯარიმის შემცირებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
9. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ნ. ს–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულმა ნ. ს–მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ამასთან, გამოთქვა მზადყოფნა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე