Facebook Twitter

საქმე # 010100120004115149

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №469აპ-21 ქ. თბილისი

ა. მ. 469აპ-21 26 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 აპრილის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ალექსანდრე ძირკვაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულების - მ. ა–ს, თ. ქ–სა და გ. ს–სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ხოლო მ. ა–ს დამნაშავედ ცნობას ასევე საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ა–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად; ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო თ. ქ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, და გ. ს–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 5 ოქტომბერს, დაახლოებით 15:20 საათზე, ქ. ქ–ში, რ–ს ქუჩა №...-ში მდებარე სასურსათო მაღაზია „........–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის დროს, მ. ა–მ, თ. ქ–სა და გ. ს–თან ერთად, ჯგუფურად სცემა ლ. მ–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2020 წლის 5 ოქტომბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ქ–ში, რ–ს ქუჩა №...-ში მდებარე სასურსათო მაღაზია „.......ში“, ურთიერთშელაპარაკების ნაიადაგზე დაწყებული კონფლიქტის დროს, მ. ა–მ სცემა ლ. მ–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 დეკემბრის განაჩენით:

მ. ა–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

მ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გაუქმდა მ. ა–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

თ. ქ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1500 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2020 წლის 5 ოქტომბრიდან იმავე წლის 7 ოტომბრამდე პერიოდის გათვალისწინებით შეუმსუბუქდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გაუქმდა თ. ქ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს, ო. კ–ს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

გ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1500 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2020 წლის 5 ოქტომბრიდან იმავე წლის 7 ოქტომბრამდე პერიოდის გათვალისწინებით შეუმსუბუქდა და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გაუქმდა გ. ს–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს, ო. კ–ს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და მ. ა–ს, თ. ქ–სა და გ. ს–სთვის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრას; ამასთან, მ. ა–ს დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ მ. ა–ს ქმედებებს, მათ შორის, სასურსათო მაღაზია „.....ში“ მის მიერ ლ. მ–ს ცემის ნაწილშიც, მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება; საქმეში წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, გამოკვეთილია მ. ა–ს მიერ ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილი ორი ქმედება, კერძოდ: საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 5 ოქტომბერს, ქ.ქ–ში, რ–ს ქუჩა №...-ში მდებარე სასურსათო მაღაზია „........–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის დროს, მ. ა–მ, თ. ქ–სა და გ. ს–თან ერთად, ჯგუფურად სცემა ლ. მ–ს, რა დროსაც ისინი გააშველეს დაზარალებულის მეგობრებმა. ამის შემდეგ ლ. მ–ე შევიდა მაღაზიაში, სადაც შეჰყვა მ. ა–ე, რომელმაც გააგრძელა მისი ცემა, კერძოდ, ხელი ჩაავლო მაისურში და რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში.

8. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, მართალია, მ. ა–მ ლ. მ–ზე ერთი დღის განმავლობაში ორჯერ იძალადა, მაგრამ ეს გარემოება არ ნიშნავს, რომ მან ამდენჯერვე ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული და გამოკვეთილია იგივეობრივ დანაშაულთა რეალური ერთობლიობა. აღსანიშნავია, რომ ორივე, ცალკე აღებულ ეპიზოდში, მ. ა–ე მოქმედებდა თავიდანვე ჩამოყალიბებული ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, რის გამოც მან ძალადობა ჩაიდინა განგრძობადი დანაშაულის სახით, რისი გათვალისწინებითაც, აღნიშნული ეპიზოდები მას სწორად შეერაცხა როგორც ერთი დანაშაული.

9. მსჯავრდებულებს - მ. ა–ს, თ. ქ–სა და გ. ს–ს მსჯავრი დაედოთ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში, რასაც სრულად აღიარებენ და ინანიებენ და აღნიშნულს სადავოდ არც კასატორი ხდის.

10. სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულების - მ. ა–ს, თ. ქ–სა და გ. ს–სათვის სასჯელების განსაზღვრის ნაწილში და უსაფუძვლოდ მიაჩნია ბრალდების მხარის მოთხოვნა მათ მიმართ დანიშნული სასჯელების დამძიმების თაობაზე. სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულების - მ. ა–ს, თ. ქ–სა და გ. ს–სათვის შეფარდებული სასჯელი შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი (დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება - მ. ა–ს, თ. ქ–სა და გ. ს–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, დაზარალებულთან შერიგება; ამასთან, სამივე მსჯავრდებული პირველადაა სამართალში) და განუსაზღვრა ისეთი სასჯელები, რომლებიც საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას ...,,ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით ..ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011), არამედ ის გულისხმობს, რომ სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, ECtHR,no. 15256/05, § 103, 21/06/2016; და Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, 21/07/2015). გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები”(Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020).

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).

14. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე