Facebook Twitter

ას-751-1381-03 25 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: კოოპერატივის რეგისტრაციისა და სანოტარო მოქმედებების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 25 თებერვალს კორპორაცია “ქ-ის” შპს “ა-ას” დაზარალებულმა მეანაბრეებმა დედოფლისწყაროს რაიონი სოფ. “ქ-ის” კოოპერატივისა და დედოფლისწყაროს ნოტარიუსის – მ. ა-ის მიმართ სარჩელით მიმართეს დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს კოოპერატივ “ქ-ის” მეპაიეთა 2003წ. 3 იანვრის საერთო კრების ¹3 ოქმის, ამავე რიცხვით შედგენილი ¹1, 2 და 3 ოქმებზე ჩატარებული ¹1/67, 1/68, 1/64 სანოტარო მოქმედებებისა და დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 თებერვლის დადგენილების ბათილად ცნობა, ასევე მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება 1000 აშშ დოლარის ოდენობით შემდეგი საფუძვლით:

2003წ. 3 იანვარს კოოპერატივ “ქ-ის” საერთო კრება მოწვეული და ჩატარებული იქნა კანონის დარღვევით. შეუძლებელია დადგინდეს, თუ ვინ მოიწვია საერთო კრება, ოქმს არ ერთვის კრების მოწვევის მასალები, მისი შინაარსი არ არის დამოწმებული ნოტარიუსის მიერ. ოქმი დამოწმებულია არ იმ დღეს, როცა შედგა კრება, არამედ უფრო გვიან – 30 იანვარს. დაუდგენელია კრებას რამდენი წევრი ესწრებოდა და საერთოდ რამდენი პირია გაწევრიანებული კოოპერატივში. სასამართლომ არ შეამოწმა, რამდენად კანონიერად მოხდა სამეთვალყურეო საბჭოს, გამგეობის წევრების და დირექტორის არჩევა, ასევე არ დაადგინა კოოპერატივის საწესდებო კაპიტალი 1996წ. 29 აგვისტოს მდგომარეობით შეესაბამება თუ არა 2003წ. თებერვლის მონაცემებს. კანონის დარღვევით შედგა კოოპერატივ “ქ-ის” არჩევნების ხმის დამთვლელი კომისიის 2003წ. 3 იანვრის ¹1, ¹2, ¹3 ოქმები და ნოტარიუსის მიერ ამ ოქმების დამოწმება. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი დედოფლისწყაროს რაიონის კოოპერატივ “ქ-ის” წევრთა 2003წ. 3 იანვრის საერთო კრების ოქმი ¹3 და 2003წ. 3 იანვრის რიცხვით შედგენილი ¹1, ¹2, ¹3 ოქმებზე გაკეთებული ¹1/68, 1/67 და 1/64 სანოტარო მოქმედებები. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 თებერვლის დადგენილება კოოპერატივ “ქ-ის” რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის შესახებ და კოოპერატივი “ქ-ი” აღდგა პირვანდელ მდგომარეობაში.

სარჩელი კოოპერატივის და ნოტარიუსისთვის მატერიალური და მორალური ზიანის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სანოტარო მოქმედებები, სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნოტარიუსმა მ. ა-მა, ხოლო გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოსარჩელეებმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი: გაუქმდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი კოოპერატივ “ქ-ის” წევრთა 2003წ. 3 იანვრის თარიღით შედგენილი ¹1, ¹2, ¹3 ოქმებზე გაკეთებული ¹1/67, 1/68, 1/64 სანოტარო მოქმედებები და ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ 2003წ. 3 იანვარს ჩატარდა კოოპერატივ “ქ-ის” მეპაიეთა საერთო კრება, რაზეც შედგა ოქმი ¹ვ. საერთო კრებამ კოოპერატივის წესდებაში შეიტანა ცვლილებები. ამ ცვლილებების შესაბამისად, კოოპერატივის საერთო კრება უფლებამოსილი გახდა, განახორციელოს წარმომადგენელთა კრების უფლებები განსაკუთრებულ შემთხვევაში, ყოველ 14 წევრზე აირჩეოდა 1 წარმომადგენელი და 1 სათადარიგო პირი. კრებამ შესაბამისად, განსაზღვრა წარმომადგენელთა და სათადარიგო პირთა რაოდენობა 52-52 კაცით. 4 წლის ვადით კრებამ აირჩია ხმის დამთვლელი კომისია და დაამტკიცა ხმის დამთვლელი კომისიის მიერ შედგენილი ¹1 და 2 ოქმების შედეგები.

ნოტარიუსმა მ. ა-მა დაამოწმა ¹3 ოქმზე ხელმოწერების ნამდვილობა და ¹1, ¹2 ოქმების ქსეროასლების ნამდვილობა დედნებთან.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნოტარიუსის მოქმედებით არ შელახულა მოსარჩელეთა უფლებები, ვინაიდან “მეწარმეთა შესახებ” კანონი არ ითვალისწინებს კოოპერატივის კრების ოქმის ნოტარიუსის მიერ რაიმე ფორმით დამოწმების აუცილებლობას, რის გამოც ამ ოქმთან დაკავშირებით როგორი მოქმედებაც არ უნდა განეხორციელებინა ნოტარიუსს, იგი საფუძვლად ვერ დაედებოდა სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანას, რეგისტრაციაში ცვლილება განხორციელდებოდა სანოტარო მოქმედების გარეშეც. კოოპერატივ “ქ-ის” არჩევნების ხმის დამთვლელი კომისიის ¹1 და ¹2 ოქმებზე ნოტარიუსმა მოახდინა ამ ოქმების დედანთან სისწორის დამოწმება, რისი უფლებაც ნოტარიუსის შესახებ კანონის 41-ე მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად, მას გააჩნდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, ვინაიდან ნოტარიუსს, ნოტარიუსის შესახებ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, პასუხისმგებლობა ეკისრება პირდაპირი ქონებრივი ზიანისათვის, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს მისი განზრახ ან გაუფრთხილებელი მოქმედებით და ნოტარიუსის მოქმედებით მოსარჩელეთა უფლებები არ შელახულა, ამასთან არ არსებობს მტკიცებულებები მორალური და მატერიალური ზიანის არსებობის შესახებ, შეგებებული სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილში ვერ დაკმაყოფილდებოდა.

2003წ. 4 ნოემბერს კორპორაცია “ქ-ის” შპს “ა-ას” მეანაბრეებმა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის ადმინისტრაციული პალატისათვის გადაცემა, 2003წ. 30 იანვრის ¹1/67, 1/68, 1/64 სანოტარო მოქმედებების ბათილად ცნობა, ნოტარიუსისათვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 1000 აშშ დოლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლით:

1. მათი მოსაზრებით, ვინაიდან ნოტარიუსი არის საჯარო მოსამსახურე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განსახილველი საქმე ადმინისტრაციული პალატის განსჯადია და მიუხედავად მათი შუამდგომლობისა, საქმე განხილულ იქნა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად, კანონის დარღვევით მიღებულად ითვლება.

2. სააპელაციო სასამართლომ უგულვებელყო “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-19 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, ყველა შეთანხმება, რომლითაც იქმნება ან უქმდება საწარმო, აგრეთვე, ყოველგვარი ცვლილება მასში, მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას. ბათილია გარიგება, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. ამავე კანონის 63.11 მუხლის შესაბამისად, მხოლოდ საერთო კრებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება წესდებაში ცვლილების შეტანის ან ვადიანი კოოპეპარტივისათვის ვადის გაგრძელების თაობაზე, ამასთან გადაწყვეტილება სანოტარო წესით უნდა იყოს დამოწმებული. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ უგულვებელყო კანონის ზემოთ მითითებული ნორმები და არასწორად განმარტა, რომ კოოპერატივის საერთო კრების ოქმის ნოტარიუსის მიერ რაიმე ფორმით დამოწმება აუცილებელი არ იყო.

3. მათი მოსაზრებით, ნოტარიუსს ხმის დამთვლელი კომისიის ოქმების ქსეროასლების დამტკიცებისას უნდა დაედგინა ოქმზე ხელის მომწერი პირები, ან ოქმში შეყვანილი პირები იყვნენ თუ არა კოოპერატივის წევრები, ჰქონდათ თუ არა უფლება კრების მოწვევისა, არის თუ არა ეს ოქმი იურიდიული ძალის მქონე და ა.შ. ნოტარიუსმა სანოტარო ¹1/64, 1/68, 1/67 მოქმედებებით დამოწმდა კრების ოქმის ფოტოასლი და ხელმოწერები, რითაც იურიდიული ძალის მქონე გახადა არასწორი ოქმები, რაც სამეწარმეო რეესტრში ცვლილების საფუძველი გახდა.

4. კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ისინი არასწორად ცნო არაუფლებამოსილ პირებად.

5. კასატორებს ასევე არასწორად მიაჩნიათ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თითქოს ნოტარიუსის მოქმედებით მათ არ განუცდიათ მორალური და მატერიალური ზიანი, მაშინ, როცა ისინი ნოტარიუსის უკანონო მოქმედების შედეგად არაერთხელ ჩავიდნენ დედოფლისწყაროში და 2002წ. 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით გაუქმდა ნოტარიუსის მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედებები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაიო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში საბოლოო ჯამში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი დედოფლისწყაროს რაიონის კოოპერატივ “ქ-ის” წევრთა 2003წ. 3 იანვრის საერთო კრების ¹3 ოქმი, 2003წ. 3 იანვრის თარიღით შედგენილი ¹1, ¹2 და ¹3 ოქმები, დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 თებერვლის დადგენილება კოოპერატივ ქ-ის რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ და კოოპერატივი “ქ-ი” აღდგენილ იქნა პირვანდელ მდგომარეობაში.

გადაწყვეტილება ამ ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში.

არ დაკმაყოფილდა სარჩელი კოოპერატივ “ქ-ის” წევრთა 2003წ. 3 იანვრის თარიღით შედგენილი ოქმებზე ¹1/67, 1/68, 1/64 სანოტარო მოქმედებების ბათილად ცნობის, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

საკასაციო საჩივრით დავის საგანს წარმოადგენს მხოლოდ ¹1\67, 1/68 და 1/64 სანოტარო მოქმედებების, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არასწორია კასატორთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან ნოტარიუსი არის საჯარო მოსამსახურე, სანოტარო მოქმედებების ბათილად ცნობის თაობაზე აღძრული სარჩელი ადმინისტრაციული პალატის განსჯადია.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობის საკითხს ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს კოოპერატივ “ქ-ის” წევრთა 2003წ. 3 იანვრის თარიღით შედგენილ ოქმებზე ნოტარიუსის მიერ შესრულებული ¹1/67, 1/68 და 1/64 სანოტარო მოქმედებები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დოკუმენტების ნამდვილობის ან დოკუმენტებზე ხელმოწერისა და დოკუმენტების ასლების ნამდვილობის დამოწმების თაობაზე ნოტარიუსის მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედებები არ წარმოადგენს ადმინისტრაციული გარიგების დადებას ან შესრულებას. აქედან გამომდინარე, 2003წ. 3 იანვრის თარიღით შედგენილ ¹1,2 და 3 ოქმებზე ნოტარიუსის მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედებების ბათილობის თაობაზე შეტანილი სარჩელი ადმინისტრაციული დავის განმხილველი სასამართლოს განსჯად საქმეს არ წარმოადგენს.

არასწორია კასატორთა მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეები ცნო არაუფლებამოსილ პირებად. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების არც ერთ ნაწილში არ მიუითებია, რომ მოსარჩელეები იყვნენ არაუფლებამოსილი პირნი.

“მეწარმეთა შესახებ” კანონის 63.11 მუხლის შესაბამისად, მხოლოდ საერთო კრებას შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება წესდებაში ცვლილებების შეტანის ან ვადიანი კოოპერატივის ვადის გაგრძელების თაობაზე და ამასთან, გადაწყვეტილება სანოტარო წესით უნდა იყოს დამოწმებული. კანონი კოოპერატივის კრების დანარჩენი სახის სანოტარო წესით დამოწმების აუცილებლობას არ ითვალისწინებს.

საქმეში წარმოდგენილი 2 ოქმის მიხედვით არჩეულ იქნა მეპაიეთა წარმომადგენლები და სათადარიგო პირები, კოოპერატივის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები. ¹1 ოქმი ეხება ¹2 ოქმით განსახორციელებელ წინა საპროცედურო საკითხების მოგვარებას, ხოლო ¹3 ოქმი წარმოადგენს ¹2 ოქმის შედეგების დამტკიცებას და წესდებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საერთო კრების გადაწყვეტილებას. ასეთ შემთხვევაში სწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ კოოპერატივის წევრთა საერთო კრების ¹1, ¹2 ოქმები არ წარმოადგენდა ისეთ ოქმებს, რომლებმაც მიიღო გადაწყვეტილება წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ და აქედან გამომდინარე, მათი სანოტარო წესით დამოწმებას კანონი არ ითვალისწინებდა.

აქედან გამომდინარე, სწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ ამ ოქმებს არავითარი ზეგავლენის მოხდენა არ შეეძლო. ისინი სამეწარმეო რეესტრში ცვლილების შეტანას საფუძვლად ვერ დაედებოდა და ამ ოქმებზე განხორციელებული სანოტარო მოქმედებების ბათილად ცნობა უსაფუძვლო იყო. რაც შეეხება ¹3 ოქმზე განხორციელებულ სანოტარო მოქმედებას, იგი არ შეიძლება ჩაითვალოს ბათილად, ვინაიდან ნოტარიუსს დამოწმებული აქვს ოქმზე არსებული ხელმოწერების ნამდვილობა. (ამ სანოტარო მოქმედებით არ მომხდარა გადაწყვეტილების სანოტარო წესით დამოწმება, რაც სხვა საფუძველთან ერთად ამ ოქმის ბათილობის საფუძველიც გახდა. ამ ოქმის ბათილობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და საკასაციო სასამართლოში დავის საგანს არ წარმოადგენს). აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორთა მოთხოვნა ¹1, ¹2 და ¹3 ოქმზე განხორციელებული სანოტარო მოქმედებების ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა, ვინაიდან ¹1 და ¹2 ოქმზე შესრულებული სანოტარო მოქმედებით დამტკიცებულია ასლების დედანთან იდენტურობა. საკასაციო სასამართლოს აზრით, ამ მოქმედების განხორციელების დროს კასატორთა მოსაზრების საწინააღმდეგოდ ნოტარიუსს არ ევალება დედნის სისწორის გამოკვლევა, ხოლო ¹3 ოქმზე განხორციელებული სანოტარო მოქმედებით დამტკიცებულია ოქმზე ხელმოწერის ნამდვილობა, რომლის განხორციელებაც ნოტარიუსს შეეძლო და ეს გარემოება არ გამხდარა ამ ოქმის ბათილობის საფუძველი.

ასევე არასწორია კასატორთა მოთხოვნა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი დარეგულირებულია სკ-ის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილით.

ამ ნორმის შესაბამისად, პირადი არაქონებრივი სიკეთის დაცვა ხორციელდება ხელმყოფის ბრალის მიუხედავად. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია, მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს, არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ეს მუხლი იცავს მხოლოდ ამ მუხლით დაცულ სიკეთეს, როგორიცაა: სახელის ტარების უფლება, პირის პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა, საქმიანი რეპუტაცია და გამოსახულების გამოქვეყნდება ნებართვის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ მოითხოვს ზემოთ ჩამოთვლილ ნორმების სიკეთეთა დაცვას. ამასთან, ნოტარიუსის მიერ განხორციელებული სანოტარო მოქმედებები არ შეიცავს მოსარჩელეთა კანონით დაცულ ზემოთ ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფას, ამიტომ მათ მხრიდან მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა უკანონოა.

არასწორია მათი მოთხოვნა მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზეც.

კასატორთა მიერ მითითებული გარემოება, რომ ისინი, ნოტარიუსის მიერ განხორციელებული უკანონო მოქმედების გამო, არაერთხელ გახდნენ იძულებულნი სასამართლო პროცესზე მონაწილეობის მისაღებად ჩასულიყვნენ დედოფლისწყაროში, ვერ გახდება საფუძველი მიყენებული ზიანის სახით ნოტარიუსისათვის 1000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.

სასამართლო პროცესზე მონაწილეობისთვის გაცებული ხარჯები მიეკუთვნება საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს და არა (პირად არაქონებრივ) მორალურ ზიანს. არაქონებრივი ზიანისათვის ზიანის ანაზღაურება დარეგულირებულია სკ-ის 413-ე მუხლით. ამ ნორმის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში. ეს მუხლი მე-2 ნაწილშივე აკონკრეტებს, ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შემთხვევაში.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელეებს არც სხეულის და არც ჯანმრთელობის დაზიანება არ მიუღიათ. ამის თაობაზე მათ რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ და ცხადია, მოთხოვნა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კორპორაცია “ქ-ის”, შპს “ა-ას” მეანაბრეთა საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.