საქმე # 010100119003228602
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№496აპ-21 ქ. თბილისი
ჩ. ზ., 496აპ-21 4 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ჩ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. დ-მ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და ზ. ჩ-ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაკვალიფიცირებას; კასატორის მითითებით, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომ ზ. ჩ-მ დანაშაული განზრახ ჩაიდინა; სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მსჯავრდებულის განმარტება, რომ იგი მცირე ზომის დანით თლიდა ვაშლს, რომელიც შემთხვევით მოიქნია და გაუფრთხილებლად დააზიანა ი. კ., რისი საპირწონე მტკიცებულებაც ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია; საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი №527აპ-17 საქმეზე), რისი მხედველობაში მიღებითაც, განსახილველ შემთხვევაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა, რომ ზ. ჩ-ს ქმედებაში გამოკვეთილი იყო ი. კ-ს ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვა.
2. კასატორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ზ. ჩ-ს ორჯერ დაუმძიმა სასჯელი, როდესაც, ერთი მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, მინიმუმზე ერთი წლით მეტი სასჯელი შეუფარდა, ხოლო, მეორე მხრივ, წინა განაჩენის მოუხდელი ნაწილიდან დაუმატა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სააპელაციო სასამართლო კი, მას შემდეგ, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე გაათავისუფლა ზ. ჩ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით შეფარდებული სასჯელისაგან და იგი ითვლებოდა ნასამართლობის არმქონედ, არ იყო უფლებამოსილი, საბოლოო სასჯელის შეფარდებისას გაეთვალისწინებინა რეციდივის წესი, რისი მხედველობაში მიღებითაც, კასატორი მიიჩნევს, რომ ზ. ჩ-ს სასჯელი უნდა შეუმცირდეს - 1 წლით.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. ჩ-ს ბრალად დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობა და ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2019 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 00:30 საათზე, ... მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ზ. ჩ-მ ცივი იარაღის (დანის) გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, ი. კ-ს მიაყენა მუცლის წინა კედელში შემავალი, წვრილი ნაწლავის ჯორჯილის ზედაპირული დაზიანებით, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა. ი. კ. სამედიცინო ჩარევის შედეგად გადაურჩა სიკვდილს, რის გამოც ზ. ჩ-მ დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანა.
3.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით ზ. ჩ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 6 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მიუხედავად აღნიშნულისა, 2019 წლის 23 აგვისტოს ... ხოლო 2019 წლის 30 აგვისტოს - ... ზ. ჩ. მართავდა „VOLKSWAGEN JETTA-ს“ მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო სანომრე ნიშნით ..).
4. ზ. ჩ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის განაჩენით ზ. ჩ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე; ზ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 23 აგვისტოს ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მიესაჯა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2019 წლის 2 სექტემბრიდან.
6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ჩ-მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
6.1. 2019 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 00:30 საათზე, .. მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ზ. ჩ-მ ცივი იარაღის (დანის) გამოყენებით ი. კ-ს მიაყენა მუცლის წინა კედელში შემავალი, წვრილი ნაწლავის ჯორჯლის ზედაპირული დაზიანებით, სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე დაზიანება.
6.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით ზ. ჩ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე - 6 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მიუხედავად აღნიშნულისა, 2019 წლის 23 აგვისტოს .. ხოლო 2019 წლის 30 აგვისტოს - .. ზ. ჩ. მართავდა „VOLKSWAGEN JETTA-ს“ მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო სანომრე ნიშნით ..).
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა - ვლადიმერ თურმანიძემ, რომელიც ითხოვდა ზ. ჩ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 381-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) მისთვის წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობას, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ ზ. ჩ-ს ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა - ნ. დ-მ და ჯ. კ-მ, რომლებიც ითხოვდნენ ზ. ჩ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება: ზ. ჩ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელისაგან და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2019 წლის 2 სექტემბრიდან; დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიენიჭა, ვინაიდან, ერთი მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც ზ. ჩ-ს ქმედება შეფასდა, როგორც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და მისთვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და ეთანხმება; საკასაციო საჩივარში მითითებულ გადაწყვეტილებაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მართლაც განმარტა, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი №527აპ-17 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 29), რისი მხედველობაში მიღებითაც, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა დაცვის მხარის მტკიცება, რომ ზ. ჩ-მ დანაშაული გაუფრთხილებლობით ჩაიდინა, ვინაიდან მსჯავრად შერაცხული ქმედების თვითმხილველმა მოწმეებმა - ვ. ბ-მ, ვ. ჭ-მ და გ. ბ-მ უტყუარად დაადასტურეს, რომ დაზარალებულთან შელაპარაკების შემდეგ ზ. ჩ. მივიდა ავტომანქანასთან, ამოიღო დანა და დაზიანება მიაყენა ი. კ-ს, რაც ცალსახად გამორიცხავს გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას და უპირობოდ მიუთითებს ზ. ჩ-ს ქმედებაში განზრახვის არსებობაზე.
12. საკასაციო საჩივრის მეორე მოთხოვნასთან მიმართებით, რომელიც ზ. ჩ-ს სასჯელის შემსუბუქებას ეხება, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე - დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ზ. ჩ-ს, რომელიც დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით იყო ნასამართლევი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენის დროს - 2019 წლის 30 აგვისტოს მას ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის გათვალისწინებით, მინიმალური სასჯელი, რომელიც სასამართლოს შეეძლო მისთვის შეეფარდებინა, არის - 4 წელი. ამავდროულად, გაუგებარია კასატორის მტკიცება, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზ. ჩ-სათვის სასჯელის ორჯერ დამძიმების თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამავე კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: დადგენილია, რომ, ერთი მხრივ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევმა ზ. ჩ-მ ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული და მას მართებულად დაუმძიმდა სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რეციდივის წესის საფუძველზე, ხოლო, მეორე მხრივ, დადასტურებულია, რომ ზ. ჩ-მ განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობით მსჯავრდებულმა, რისი მხედველობაში მიღებითაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კანონიერად გაუქმდა წინა განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საბოლოო სასჯელი შეეფარდა ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით.
13. მცდარია დაცვის მხარის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლო, მას შემდეგ, რაც ზ. ჩ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე გაათავისუფლა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით შეფარდებული სასჯელისაგან და იგი ითვლებოდა ნასამართლობის არმქონედ, არ იყო უფლებამოსილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის რეციდივის წესით განესაზღვრა მისთვის სასჯელი, ვინაიდან საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არასწორია ამნისტიის საფუძველზე სასჯელისაგან პირის გათავისუფლების გაიგივება ქმედების დანაშაულებრიობასა და დასჯადობის გაუქმებასთან. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენებით ზ. ჩ-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელისაგან გათავისუფლება ვერაფრით შეცვლის იმ ფაქტს, რომ იგი 2019 წლის 30 აგვსტოს, დანაშაულის ჩადენის დროს, იყო განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი და პირობით მსჯავრდებულმა ჩაიდინა ახალი დანაშაული, რაზეც გავლენას ვერ მოახდენს მსჯავრდებულის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან მომავალში გამოჩენილი ლმობიერება და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელისაგან მისი გათავისუფლება.
14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი