საქმე # 160100121004282969
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№499აპ-21 ქ. თბილისი
ძ. ო., 499აპ-21 4 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანასა და ო. ძ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მსჯავრდებულის პიროვნება, რადგან, ერთი მხრივ, ლმობიერმა სასჯელმა შესაძლოა, წაახალისოს იგი, ჩაიდინოს ახალი დანაშაული, ხოლო, მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ ო. ძ. არ შერიგებია დაზარალებულს.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 თებერვლის განაჩენით ო. ძ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 საათით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 საათით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა -საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 საათით.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ძ-მ ჩაიდინა ცემა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ასევე - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2020 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, .. არსებულ ზ. მ-ს მიწის ნაკვეთში, ზ. ს. მეპატრონის დავალებით ასრულებდა მიწის სამუშაოებს, რა დროსაც იქ მისული ო. ძ. სიტყვიერად და ცულის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ზ. ს-ს, თუ იგი აღნიშნული ნაკვეთიდან არ წავიდოდა, ვინაიდან მიაჩნდა, რომ ტერიტორია ეკუთვნოდა სოფელს და არ იყო კერძო საკუთრება. ზ. ს-მ მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების შიში.
3.2. 2020 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, ... არსებულ ზ. მ-ს მიწის ნაკვეთში, ზ. ს. მეპატრონის დავალებით ასრულებდა მიწის სამუშაოებს, რა დროსაც იქ მისულმა ო. ძ-მ ფიზიკურად იძალადა ზ. ს-ზე, კერძოდ, ჯერ მარჯვენა მუშტი ძლიერად დაარტყა მარცხენა მხარზე, შემდგომ კი ორჯერ დაარტყა მარცხენა იღლიის დაბლა, გვერდში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ, რომელიც ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანასა და ო. ძ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა შეაფასეს როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარებს დანაშაულებს, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას, ხასიათდება დადებითად) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ო. ძ-ს კანონიერი სასჯელები განუსაზღვრეს, რომლის გამკაცრება, სასჯელის მიზნების მისაღწევად, მოცემულ შემთხვევაში არ არის აუცილებელი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, სააპელაციო საჩივარში მითითებულ საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად მეორდება საკასაციო საჩივარშიც, სააპელაციო სასამართლომ ამომწურავი პასუხები გასცა თავის გადაწყვეტილებაში, ხოლო, მეორე მხრივ, კვლავაც მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს წამახალისებელი ნორმაა და შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი