Facebook Twitter

საქმე # 330100120004209111

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№500აპ-21 ქ. თბილისი

რ. მ., 500აპ-21 7 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. რ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ჯ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. რ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ჯ-მ, რომლებიც ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულისათვის არასაპატიმრო სასჯელების შეფარდებას, ხოლო დანარჩენ ნაწილში - განაჩენის უცვლელად დატოვებას; კასატორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან, ერთი მხრივ, სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო, მეორე მხრივ, ვერ დაასაბუთა, რატომ ვერ უზრუნველყოფს თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელი მის მიზნებს, როდესაც ამას დაზარალებულიც მოითხოვს; სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ არ გაითვალისწინა მ. რ-ს ქმედებაში გამოკვეთილი პასუხისმგებლობის არაერთი შემამსუბუქებელი გარემოება (არ არის ნასამართლევი, მის მიმართ წარსულში შემაკავებელი ორდერი არ გამოცემულა და არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გამოვლენილა) და მხედველობაში არ მიიღო მისი მძიმე ფსიქოემოციური მდგომარეობა, რომელსაც მეტად ამწვავებს პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა.

2. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილე იოსებ ხუციშვილი საკასაციო შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულ მ. რ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ჯ-ს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 თებერვლის განაჩენით მ. რ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება - 1 წლით; დანაშაულთა ერთობლიობისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მიესაჯა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2020 წლის 18 ნოემბრიდან; მასვე აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება - 1 წლით.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. რ-მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

4.1. 2020 წლის 16 ნოემბერს თბილისში, ... მყოფ თ. გ-ს დაურეკა მისმა მეუღლემ - მ. რ-მ და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ 18 ნოემბრამდე მოკლავდა. მ. რ-ს მუქარა თ. გ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4.2. 2020 წლის 17 ნოემბერს ... მ. რ-მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - თ. გ-ს. კონფლიქტისას, გარკვეული დროის ინტერვალით, მ. რ-მ ყელის არეში ორჯერ მოუჭირა ძლიერად ხელები თ. გ-ს და ცდილობდა მის დახრჩობას, ასევე - სახის არეში დაარტყა მუშტი. ძალადობის შედეგად თ. გ-მ განიცადა ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

4.3. 2020 წლის 18 ნოებერს თბილისში, ... მ. რ-მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - თ. გ-ს, კერძოდ, ჯერ თავის არეში დაარტყა ხელი და უკბინა მარცხენა ყბაზე, შემდეგ კი, არასრულწლოვანი შვილის, ... დაბადებული ლ. რ-ს თანდასწრებით, კვლავ თავის არეში ძლიერად დაარტყა ხელი. ძალადობის შედეგად თ. გ-მ განიცადა ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. რ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ჯ-მ, რომელიც ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 15 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას, დაზარალებულთან შერიგებულია) და დამამძიმებელი (მ. რ-ს ქმედებაში გამოკვეთილია ოჯახურ დანაშაულთა სიმრავლე, ძალადობის შედეგად დაზარალებულმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მ. რ-ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა, მსჯავრად შერაცხული დანაშაულების სანქციებით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადებით, რომელთა შემსუბუქება და არასაპატიმრო სასჯელებით შეცვლა სასჯელის მიზნების რეალურად განსახორციელებლად არ არის მიზანშეწონილი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, სააპელაციო საჩივარში მითითებულ საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად მეორდება საკასაციო საჩივრშიც, სააპელაციო სასამართლომ ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა თავის გადაწყვეტილებაში, ხოლო, მეორე მხრივ, მიუთითებს, რომ დამნაშავის წარსული ნასამართლობა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, რომელიც მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას, თუმცა არასწორია ავტომატურად საპირისპიროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებლად მიჩნევა.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. რ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ჯ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი