Facebook Twitter

საქმე # 330100119002972684

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №508აპ-21 ქ. თბილისი

ს. თ. 508აპ-21 15 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ-მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ თ. ს-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან იგი ემყარება კანონის დარღვევით მოპოვებულ ურთიერთგამომრიცხავ მტკიცებულებებს; მთავარი მოწმეების, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებები არადამაჯერებელია და არ არის უტყუარი, ვინაიდან ისინი არ შეესაბამება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, მათ შორის - გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-9 განყოფილების შიდა ვიდეოკამერების ჩანაწერებს, რის გამოც სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ეს ჩვენებები. აღნიშნული ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ გამომძიებლების მიერ ჩატარებული მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ოქმები არის ფალსიფიცირებული.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენით:

თ. ს. - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით; სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით თ. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.

მსჯავრდებულ თ. ს-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 5 თებერვლიდან.

თ. კ. - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით (2019 წლის 15 იანვრის ეპიზოდი); სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით (2019 წლის 21 იანვრის ეპიზოდი); სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით; სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

მსჯავრდებულ თ. კ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 5 თებერვლიდან.

თ. ს. - დაბადებული ... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით თ. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით.

მსჯავრდებულ თ. ს-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 5 თებერვლიდან.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

თ. ს-მ ჩაიდინა: ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად; პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფურად.

თ. კ-მ ჩაიდინა: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით (ორი ეპიზოდი); ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად; პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფურად.

თ. ს-მ ჩაიდინა: ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის; პოლიციელზე თავდასხმა, ამ უკანასკნელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

თ. ს-ს, თ. კ-სა და თ. ს-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2019 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 04:31 საათზე, თ. კ.... მდებარე შპს „..“ კუთვნილი მაღაზიიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 15 ლარად ღირებულ, ერთ ცალ „გრანტსის“ ფირმის 0,2 მილიგრამიან ვისკს, რითაც შპს „...“ მიადგა - 15 (თხუთმეტი) ლარის მატერიალური ზიანი.

- 2019 წლის 21 იანვარს, დაახლოებით 00:49 საათზე, თ. კ. .... მდებარე შპს „..“ კუთვნილი მაღაზიიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ერთ ცალ „ჯეკ დენიელსის“ ფირმის 0,5 მილიგრამიან ვისკს, ღირებულს 43 ლარად და 95 თეთრად, რითაც შპს „...“ მიადგა - 43 (ორმოცდასამი) ლარისა და 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) თეთრის მატერიალური ზიანი.

- სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის სამჯერ ნასამართლევი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 დეკემბრის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 თებერვლისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 აპრილის განაჩენებით) თ. ს., თ. ს. და თ. კ. 2019 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 18:30 საათზე, ...მიმდებარე ტერიტორიაზე, თავს დაესხნენ ფეხით მიმავალ თ. ც-ს და დანის გამოყენებით, ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მის „HTC“ ფირმის მობილურ ტელეფონსა და 35 ლარს.

- 2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 01:20 ... მდებარე ... უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ ნ. რ-ს, სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს, ზემოთ ხსენებული პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე თავს დაესხა თ. ს., რომელმაც ნ. რ-ს თავი ჩაარტყა შუბლის არეში, აგინებდა პოლიციას და პოლიციის შენობაში მყოფ თავის მეგობრებს - თ. ს-სა და თ. კ-ს მოუწოდებდა, ეძალადათ პოლიციის თანამშრომლებზე. აღნიშნული ქმედებით ნ. რ-მ სახის მიდამოში, ნაჭდევის, სისხლნაჟღენთებისა და უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით, მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 01:25 საათზე, ... მდებარე .. შენობის პირველ სართულზე, თ. კ-მ, თავისი მეგობრის, თ. ს-ს დაკავების გამო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ამავე განყოფილების უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს - გ. ვ-ს, რის შემდეგაც არ დაემორჩილა მის კანონიერ მოთხოვნას, დაწყნარებულიყო. თ. ს-მ და თ. კ-მ იმ მიზნით, რომ გაეთავისუფლებინათ თავიანთი დაკავებული მეგობარი - თ. ს., სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე განყოფილების უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს - გ. ვ-ს, კერძოდ: რამდენჯერმე დაარტყეს ხელი სხეულის სხვადასხვა არეში და გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ თ. კ-ს ადვოკატებმა - ი. ბ-მ და გ. ყ-მ, მსჯავრდებულ თ. ს-ს ადვოკატმა ნ. მ-მ და მსჯავრდებულმა თ. ს-მ. აპელანტებმა სააპელაციო საჩივრებით მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად მსჯავრდებულთა მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ თ. ს-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ თ. ს-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ თ. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

თ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 15 იანვრის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისგანაც გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე; სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 21 იანვრის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისგანაც გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ თ. კ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 5 თებერვლიდან.

თ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით თ. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ თ. ს-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 5 თებერვლიდან.

თ. ს. - დაბადებული ... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით; სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით თ. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.

მსჯავრდებულ თ. ს-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 5 თებერვლიდან.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს თ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ს მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ს-ს მსჯავრდება ბრალდების ორივე ეპიზოდში დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც, გარდა დაზარალებულების - თ. ც-ს, ნ. რ-ს, გ. ვ-ს ჩვენებებისა, ასევე ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ, მოწმეების: ლ. ც-ს, ბ. ჯ-ს, ნ. ნ-ს, ლ. ხ-ს, კ. ყ-ს, ს. ჟ-ს, ი. ქ-ს, ბ. ქ-ს, ა. ფ-ს, ზ. ზ-ს, გ. ბ-ს, ს. ლ-ს, ზ. ზ-ს, ი. ჯ-სა და სხვათა ჩვენებები, თ. ც-სა და ლ. ც-ს მონაწილეობით ჩატარებული, 2019 წლის 5 თებერვლის მობილური ტელეფონების ამოღების ოქმები, თ. ც-სა და ლ. ც-ს მონაწილეობით ჩატარებული, ფოტოსურათით ამოცნობის 2019 წლის 10 თებერვლის ოქმები, 2019 წლის 19 აპრილის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, ამოღებული ნივთმტკიცებები, დაზარალებულ ნ. რ-ს სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 6 თებერვლის დასკვნა, ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის 2019 წლის 18 ნოემბრის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები.

9. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ მოწმე პოლიციელების ჩვენებები არ არის უტყუარი და არასანდოა, ვინაიდან მათი ჩვენებები თანმიმდევრული და დამაჯერებელია, შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ისე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის - ვიდეოჩანაწერებს, რის გამოც საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია მათი საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების საფუძველი. ამასთან, გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს, არამედ ეს ჩვენებები შეფასდა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევების გარეშე.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რის შესახებაც საკასაციო საჩივარში მსჯავრდებულ თ. ს-ს ადვოკატი აპელირებს და გასცა დასაბუთებული და ამომწურავი პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

11. სასამართლო მიუთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“, (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECHR; 25.12.2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (No. 2), (Gorou v. Greece (No. 2)), განაცხადი N 12686/03; §37, §41; ECHR; 20.03.2009).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი